“რეალ სოსიედადის” შოტლანდიელმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა fourfourtwo-თან მიცემულ ინტერვიუში საფეხბურთო კარიერა გაიხსენა. მოიესის თქმით “სელტიკში” თამაშისას მისი შეძენით ლონდონის “არსენალი” დაინტერესდა, თუმცა “ჰაიბერიზე” გადასვლა არ ისურვა და საბოლოოდ “კემბრიჯ იუნაიტედში” გააგრძელა კარიერა.
“როდესაც “სელტიკში” ვთამაშობდი გლაზგოში, “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა ტერი ნილმა დამირეკა და კონტრაქტის გაფორმება შემომთავაზა, ერთი კვირის შემდეგ კვლავ დამირეკა ტერი ნილმა, რომელსაც აზრი შეცვლილი ჰქონდა და ჩემი იჯარის წესით აყვანა სურდა. “არსენალში” გადასვლა არ ვისურვე, მათ ჩემს ნაცვლად ტომი კეტონი შეიძინეს. როდესაც ნაცნობებს ვუყვებოდი, რომ “არსენალს” უარი ვუთხარი, ყველას ეცინებოდა, საბოლოოდ კონტრაქტი “კემბრიჯთან” გავაფორმე, სადაც სისტემატურად ვთამაშობდი. ყოფილ კლუბ “სელტიკში” მცირე სათამაშო დრო მეძლეოდა. ამიტომაც “კემბრიჯში” გადასვლა სწორი არჩევანი იყო”, - განაცხადა დევიდ მოიესმა.
დევიდ მოიესმა 19 წლიანი პროფესიული კარიერის მანძილზე 6 გუნდის მაისური მოირგო. კარიერის საწყისი პერიოდი “სელტიკში” გაატარა, თამაშობდა “კემბრიჯში, ” “ბრისტოლში, ” “შრიუსბერიში, ” “დანფერმლაინსა” და “პრესტონში”.
დიმა შარიქაძე
www.worldsport.ge