“ვესტ ბრომვიჩის” ფეხბურთელი გეორგიოს სამარასი იჯარის წესით საუდის არაბეთის კლუბ “ალ ჰილალში” ითამაშებს. განათხოვრების პერიოდი დამდეგ 6 თვეს მოიცავს.
გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სამარასი თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა “ვესტ ბრომვიჩში”. მიმდინარე სეზონში ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებულ 5 შეხვედრაში გოლი არ გაუტანია.
“ალ ჰილალის” მთავარი მწვრთნელი რუმინელი ლაურენტ რეგეკამპია, გუნდში ასევე თამაშობს მისი თანამემამულე მიჰაი პინტილი. მათ ბუქარესტის “სტიაუაში” მუშაობისას თბილისის “დინამო” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაამარცხეს.
საინტერესოა, რომ 29 წლის ბერძენ მოთამაშეს ელადელთა არცერთ კლუბში არ უთამაშია. საფეხბურთო კარიერა ჰოლანდიურ “ჰეერენვეენში” დაიწყო, შემდეგ კი “მანჩესტერ სიტისა” და გლაზგოს “სელტიკის” მაისური მოირგო.
დიმა შარიქაძე
www.worldsport.ge