x
image
worldsport.ge
ნოიერმა შესაძლოა ისტორია გადაწეროს

imageდღეს, თბილისის დროით 21:30 საათზე შვეიცარიის ქალაქ ციურიხში 2014 წლის “ოქროს ბურთის” მფლობელის ვინაობა გახდება ცნობილი. კანდიდატი სამია: პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ, გერმანელი მანუელ ნოიერი და არგენტინელი ლიონელ მესი. აღნიშნული დღე შესაძლოა ისტორიული გამოდგეს, იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებას მანუელ ნოიერი შეძლებს. გერმანელი მეკარე მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში მეორე მეკარე გახდება ლევ იაშინის შემდეგ, ვინც ამ პრესტიჟულ ჯილდოს მოიპოვებს.
რუსი მეკარე “ოქროს ბურთს” შორეულ 1963 წელს დაეუფლა, მას შემდეგ მეკარეებიდან ყველაზე ახლოს გამარჯვებასთან იტალიელი ჯანლუიჯი ბუფონი გახლდათ, რომელიც 2006 წელს მეორე ადგილს დასჯერდა. აღსანიშნავია, რომ გერმანელმა ფეხბურთელმა უკანასკნელად ეს პრიზი 18 წლის წინ, 1996 წელს მოიგო. მაშინ ყველას მათიას ზამერმა აჯობა. მანუელ ნოიერმა გასულ წელს თავის გუნდთან ერთად გერმანიის ბუნდესლიგა მოიგო, ხოლო ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
ნოიერის მთავარ კონკურენტად კრიშტიანუ რონალდუ მიიჩნევა. პორტუგალიელ ვარსკვლავს საოცარი სეზონი ჰქონდა. მან მადრიდის “რეალთან” ერთად უეფას ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა. სამაგიეროდ რონალდუმ ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე კრახი განიცადა, რაც დიდ წილად პორტუგალიის ნაკრების კრიზისით იყო გამოწვეული. კრიშტიანუ რონალდუ გამარჯვების შემთხვევაში მესამედ დაეპატრონება “ოქროს ბურთს”.
არგენტინელმა ლიონელ მესიმ მსოფლიო პირველობაზე ფინალში ითამაშა და აღნიშნული ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. თუმცა “ლა ლიგისა” და ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის შანსი კონკურენტებთან შედარებით დაბალია. მესის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო აქამდე ზედიზედ ოთხეჯერ (2009, 2010, 2011, 2012 წლებში) აქვს მოგებული.
გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის იოაჰიმ ლიოვის, ლეგენდარული დიეგო მარადონას მოსაზრებით, “ოქროს ბურთს” მანუელ ნოიერი იმსახურებს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რონალდუსა და მესის სათამაშო დონეს, გამორიცხული არაფერია. ყველაფერი კი დღეს საღამოს გაირკვევა...




გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
36
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0