x
image
worldsport.ge
Top 14-ის ორი ლიდერი

imageსაფრანგეთის მორაგბეთა პირველ ელიტარულ დივიზიონ Top 14-ს ქართველი ლეგიონერების ორი გუნდი ლიდერობს. იქვეა მესამეც, პლეი ოფში გამსვლელი ადგილისთვის კი კიდევ ოთხი იბრძვის.
მე-16 ტურში დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსემ” “კასტრი” პრემიალური ქულით, 49:13 დაამარცხა. ქუბრიაშვილმა შეცვლაზე 61-ე, ხოლო ჟვანიამ კვაჭის პოზიციაზე 68-ე წუთიდან ითამაშა. ეს შეხვედრა პარიზელთა იტალიელი ლეგიონერის, სერხიო პარისეს ბენეფისად იქცა, რომელმაც სამი ლელო გაიტანა. სულ მასპინძლებმა 6 ლელო გაიტანეს, ერთი გაუშვეს და სატურნირო ცხრილში 50 ქულა მოაგროვეს.
50 ქულა აქვს დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონსაც”, რომელმაც კარლენ ასიეშვილის, გოდერძი შველიძისა და ანტონ ფეიქრიშვილის “ბრივი” ასევე პრემიალური ქულით, 44:20 დაამარცხა. მატჩში მონაწილეობა სამმა ქართველმა ბურჯმა მიიღო. მასპინძელთა შორის 53-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა ზირაქაშვილი. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო შველიძე და ის 45-ე წუთზე ასიეშვილმა შეცვალა. პირველ ტაიმში მხოლოდ 1 ლელო გავიდა და “კლერმონი” 11:3 დაწინაურდა.
მეორე ტაიმში მაყურებელმა 8 ლელო იხილა და აქედან 5 მასპინძლების იყო. 61-ე წუთზე “ბრივი” მოლის ჩაქცევისთვის, რომელშიც ზირაქაშვილიც იყო ჩაბმული, საჯარიმო ლელოთი დაისაჯა. სამ წუთში ასიეშვილმა შუამარბივით სუფთად გაჭრა ხაზი და ეს იერიშიც ლელოთი დასრულდა. “კლერმონი” “სტად ფრანსეს” დამატებითი მაჩვენებლებით სჯობნის და პირველ ადგილზეა, ხოლო “ბრივი” 31 ქულით გასავარდნი ზონის სიახლოვეს, მე-12 ადგილზეა.
ტურის ცენტრალურ მატჩში მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონმა” დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტრო” 32:23 დაამარცხა. ეს იყო ტურის ცენტრალური შეხვედრა და სამწუხაროდ, მასში ქართველ ლეგიონერებს მონაწილეობა არ მიუღიათ. გორგოძე განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ შესულა. “ტულონმა” ორმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა და 47 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო “რასინგ მეტრო” 41 ქულით მე-4 პოზიციაზეა.
ქართული დაპირისპირება შედგა ვასილ კაკოვინის “ტულუზისა” და ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელის” შეხვედრაში. ორივე ქართველი ბურჯი შეცვლაზე შევიდა - კაკოვინი 56-ე, ხოლო ყაულაშვილი 69-ე წუთზე. ტულუზელებს პრემიალური ქულით მოგება სურდათ და აქცენტი ლელოების გატანაზე გააკეთეს. შედეგად, 47-ე წუთზე 26:10 დაწინაურდნენ და 4 ლელო ჰქონდათ გატანილი, მაგრამ სტუმრებმა თამაშის შემობრუნება შეძლეს და 68-ე წუთზე სხვაობა 3 ქულამდე დავიდა. მასპინძლებმა აღარ გარისკეს და 75-ე წუთზე ჯარიმა კარში დაარტყეს, რისკს “ლა როშელიც” მოერიდა, ბოლო წუთზე ჯარიმა გაიტანა და პრემიალური ქულა დაისაკუთრა. “ტულუზი” 37 ქულით მე-7 ადგილამდე დაწინაურდა, ხოლო “ლა როშელი” 26 ქულით ბოლო ადგილზეა.
მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიე” “ოიონაქსთან” 13:20 დამარცხდა და 35 ქულით მე-8 ადგილზე დაეშვა, მაგრამ საპლეიოფო ექვსეულს მხოლოდ 3 ქულა აშორებს. ნარიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს.
ზაზა ნავროზაშვილის “ბორდომ” ქართველი ლეგიონერის გარეშე “გრენობლი” 34:16 დაამარცხა და 40 ქულით მე-5 ადგილზეა.
გიორგი ჟღენტის “ბაიონმა” ასევე ქართველი ბურჯის გარეშე “ლიონს” 23:22 სძლია და 32 ქულით მე-10 ადგილზეა.
ახლა ფრანგული კლუბები ორი კვირით ევროთასების ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩებში გადაერთვებიან, Top 14-ის მომდევნო ტურის თამაშები კი, 30-31 იანვარს გაიმართება.

ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0