საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ვლადიმერ დვალიშვილმა ინტერნეტპორტალ tipsbladet.dk-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შემოდგომაზე სათანადო ფორმაში ყოფნის შემთხვევაში, “ოდენსეს” რიგებში დანიის ჩემპიონატში ორ გოლზე მეტს გაიტანდა.
“საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი, როდესაც აქ ჩამოვედი. უგუნდოდ ვიყავი და ამიტომ ფორმაში შესვლა გამიძნელდა. როდესაც სათანადოდ მოვემზადები, ჩემი მიზანია უფრო მეტი გოლი გავიტანო. შემოდგომაზე შესაბამის კონდიციებში ყოფნის შემთხვევაში მხოლოდ ორი გატანილი გოლით არ შემოვიფარგლებოდი. ამჟამად, მსურს უკეთესად ვითამაშო, მაგრამ 100 პროცენტით მზად არ ვარ” – თქვა დვალიშვილმა.
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ სასტარტოში დაყენება მწვრთნელის გადასაწყვეტია და როდესაც შანსი აქვს, მის გამოყენებას ცდილობს:
“ეს მწვრთნელების გადასაწყვეტია. მე ყოველ დღე ვვარჯიშობ და ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო. როდესაც შანსი მაქვს, მის გამოყენებას ვცდილობ. ეს ფეხბურთია. მომავალ წელს შეკრებაზე წავალთ და ვაპირებ 100 პროცენტით მოვემზადო, რომ შემდეგ მოედანზე დავამტკიცო რა შემიძლია. იმედი მაქვს, რომ უფრო მეტ მატჩს ჩავატარებ და მეტ გოლს გავიტან. ჩემი თავის მჯერა და წარმატების მისაღწევად თავდაუზოგავად ვიბრძოლებ”.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge