ბელარუსის უმაღლეს ლიგაში ჩატარებულ სადებიუტო სეზონში სოლიგორსკის “შახტიორის” შემტევმა სანდრო გურულმა ბრინჯაოს მედალი მოიგო. ბოლო ტურში სოლიგორსკელებმა სტუმრად ბორისოვოს ბატე-სთან ქულა აიღეს (1:1) და ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავეს.
ქართველი განაპირა ნახევარმცველი მოედანზე 79-ე წუთზე, შეცვლაზე შევიდა. განვლილ სეზონში 29 წლის გურულმა ბელარუსის ჩემპიონატში 20 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.
“გომელმა”, სადაც ზაზა ჭელიძე გამოდის, გასვლაზე მინსკის “დინამოს” 2:0 აჯობა, მაგრამ ქართველ მცველს არ უთამაშია. “გომელი” ბელარუსის ჩემპიონატში მე-6 ადგილზე გავიდა.
ბობრუისკის “ბელშინამ” გროდნოში ადგილობრივ “ნემანთან” 2:5 წააგო და დამარცხებულებში გიორგი მაღალდაძეს არ უასპარეზია. “ბელშინამ” სეზონი მე-10 ადგილზე დაასრულა.
მოგილიოვში “დნეპრისა” და “სლუცკის” დაპირისპირება 1:1 დასრულდა. მასპინძლებში ცენტრალურ მცველ ნიკა მნათობიშვილს არ უთამაშია, ისევე როგორც სტუმრებში ფორვარდ უჩა გოგოლაძეს. “სლუცკმა” ჩემპიონატში მე-9 პოზიცია დაიკავა, ხოლო “დნეპრმა” ბოლო – მე-12.
აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-14 ტურში, ბაქოს აზალ-მა შინ “სუმგაითს” 3:2 აჯობა და მასპინძლებში ცენტრალურმა მცველმა ლაშა კასრაძემ 71-ე წუთიდან ითამაშა. აზალ-ს 13 ქულით 10 გუნდში მე-7 ადგილი უკავია.
კვიპროსის პირველი დივიზიონის (უმაღლესი ლიგა) მე-11 ტურში, “ოთელოსმა” სტუმრად აელ-თან 0:1 წააგო. მეკარე როინ კვასხვაძემ და ნახევარმცველმა ლაშა ხმალაძემ სრულად ითამაშეს. შუახაზელი ელგუჯა გრიგალაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 86-ე წუთზე შეცვალეს. “ოთელოსი” 8 ქულით 12 გუნდში მეათეა.
უკრაინის პრემიერლიგის მე-14 ტურში დონეცკის “ოლიმპიკმა” ოდესის “ჩერნომორეცი” მიიღო და 2:1 გაიმარჯვა. უკრაინის მოქალაქე მეკარე ზაურ მახარაძემ დონეცკელებში 90 წუთი ითამაშა. “ოლიმპიკი” 21 ქულით 14 გუნდში მეოთხეა.
ლუცკის “ვოლინმა” მარიუპოლის “ილიჩევეცს” უმასპინძლა და 3:1 გაიმარჯვა. ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ თავიდან ბოლომდე იასპარეზა და მე-19 წუთზე საგოლე პასი მიითვალა, რის შემდეგ ანაგარიში 2:0 გახდა. მცველმა ზურაბ ოჩიგავამ “ილიჩევეცში” ორი ტაიმი ითამაშა და 25 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. “ვოლინი” 20 ქულით მეხუთეა, ხოლო “ილიჩევეცი” 3 ქულით - მე-13.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge