x
image
worldsport.ge
ირლანდიამ ნაკლულ “ბორჯღალოსნებს” აჯობა

imageსაქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მეორე ტაიმში ირლანდიელთა იერიშებს ვეღარ გაუძლო, მით უმეტეს, რომ გარკვეული პერიოდით 14 და 13 კაცის ამარა მოუწია თამაში, ჯამში 6 ლელო გაუშვა და 7:49 დამარცხდა.
პირველ ტაიმში “ბორჯღალოსნები” ახერხებდნენ მასპინძელთა იერიშების მიძალების შეჩერებას და ორჯერ თავადაც სცადეს შეტევა, მაგრამ ტექნიკურმა წუნმა შეტევის გაგრძელების საშუალება არ მოგვცა. ირლანდიელებს რამდენიმე სალელოვე შანსი ჰქონდათ, მაგრამ არც ჯარიმების დარტყმაზე თქვეს უარი და ტაიმი 6:0 უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მაშინ, როდესაც ტაიმისთვის განკუთვნილი დრო ამოწურული იყო, ინგლისელმა რეფერიმ კიდევ ერთხელ კიდევ ერთხელ დაგვაჯარიმა, გიორგი ბეგაძეც გაასინბინა და იან მედიგანმაც ანგარიში 9:0 გახადა.
მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა კაცნაკლულმა დაიწყო და რა გასაკვირია ისეთი მეტოქის იერიშებს, როგორიც ირლანდიაა ვეღარ გაუძლო და ლელო გაუშვა. შემადგენლობა შეივსო თუ არა, მეტოქემ კარგად დაყენებული მოლის შემდეგ მეორედ დაამიწა ბურთი ჩვენს ლელოში - 23:0.
ამის შემდეგ “ბორჯღალოსნებიც” დაფიქრდნენ შეტევაზე, ბეგაძემ რაქიდან რომ გაიტანა ბურთი ცრუმოძრაობის შემდეგ ორ მცველს შორის გაძრომა სცადა, ის შებოჭეს, მაგრამ ოფლოდი მაინც გაახერხა, გიორგი ნემსაძეს ბურთი ამოუგდო, მანაც მბოჭავი ხელის კვრით მოიშორა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, ხოლო მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახვით ჩამორჩენა 16 ქულამდე დაიყვანა.
ქართველებს სხვაობის კიდევ უფრო შემცირებაზე დაფიქრების იმედი გაუჩნდათ, თუმცა, რეფერიმ მალევე დიმიტრი ბასილაია გაასინბინა. ინგლისელი რეფერი ძალიან საეჭვოდ სჯიდა ბოჭვის არეში თამაშს, მუდმივად ქართველებს ამტყუნებდა და რეციდივების გამო ორჯერ სინბინშიც გაგვიშვა.
მასპინძლებმაც მეტობით კვლავ ისარგებლეს და მესამე ლელო გაიტანეს. ამ იერიშისას დაშავდა და თამაში ვეღარ გააგრძელა ლაშა მალაღურაძემ. ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და რადგან შემცვლელი აღარავინ იყო, საქართველო მოედანზე 13 კაცის ამარა დარჩა. ასეთ სიტუაციაში “სამყურების” შეჩერება დიდ გუნდებსაც გაუჭირდებოდათ და მალევე მარჯვენა ალამთან ლელო გავიდა.
“ბორჯღალოსნებმა” შეტევაში კიდევ სცადეს ბედი და თამამად შეუტიეს, მაგრამ ალექსანდრე თოდუამ იმათ 22-ში ბურთი დაკარგა და სწრაფი კონტრშეტევა მორიგი ლელოთი დასრულდა. ქართველთა დაცვა რომ მოიშალა, ირლანდიამ ქართველთა კაცნაკლული ხაზი სუფთად გაჭრა და საბოლოოდ 49:7 იმარჯვა.
მეტოქემ ექვსიდან მხოლოდ ერთი ლელო გაგვიტანა სრული შემადგენლობებით თამაშისას, 3 – როდესაც კაცი გვაკლდა და 2 – როცა ცამეტნი ვიყავით,
ახლა საქართველოს ნაკრები შინ დაბრუნდება და 23 ნოემბერს, გიორგობა დღეს იაპონიასთან შარშანწინდელისთვის რევანშის აღებას ეცდება.

16 ნოემბერი. ირლანდია. დუბლინი. “ავივა სთედიუმი”
ირლანდია - საქართველო 49:7 (9:0)
ირლანდია: 15. ფელიქს ჯოუნზი, 14. კრეიგ გილროი, 13. დარენ ქეივი, 12. გორდონ დ’არსი, 11. საიმონ ზებო, 10. იან მედიგანი, 9. ეონ რედანი; 1. დეივ ქილქოინი, 2. რიჩარდ სტრაუსი, 3. მიკ როსი, 4. დეივ ფოლი, 5. მიკ მაკ’კარტი, 6. დომინიკ რაიანი, 7. ტომი ო’დონელი, 8. რობი დიაქი.
სათადარიგოები: 16. სეან ქრონინი, 17. ჯეკ მაკ’გრასი, 18. როდნი აჰ’იუ, 19. დევინ თონერი, 20. რობინ ქოპლენდი, 21. კიარან მარმიონი, 22. იან ქითლი, 23. სტუარტ ოლდინგი.
6ლ, 5გ, 3 ს
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე (23. მურაზ გიორგაძე), 13. დავით კაჭარავა (კაპ), 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე (22. ლაშა მალაღურაძე), 9. გიორგი ბეგაძე (21. ვაჟა ხუციშვილი); 1. მიხეილ ნარიაშვილი (17. ზურაბ ჟვანია), 2. შალვა მამუკაშვილი (16. სიმონ მაისურაძე), 3. დავით ქუბრიაშვილი (18. ლევან ჩილაჩავა) 4. კოტე მიქაუტაძე (19. ლევან დათუნაშვილი) 5. გიორგი ნემსაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიტო კოლელიშვილი (20. გიორგი ჩხაიძე), 8. დიმიტრი ბასილაია.
ლ: ნემსაძე, გ: კვირიკაშვილი.
სინბინი: ბეგაძე, ბასილაია
მსაჯი: ჯეი-პი დოილი, ინგლისი

ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
6
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0