ბრიტანული მედიის ინფორმაციით, “ლივერპულის” ხელმძღვანელობა მზადაა გუნდის კაპიტანს სტივენ ჯერარდს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს. ინგლისელ ფეხბურთელს კლუბთან ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ამჟამინდელი კონტრაქტის დასრულების დროს ის უკვე 35 წლის იქნება.
მიუხედავად მისი ასაკისა, კლუბის ხელმძღვანელობას სურს გუნდის ლიდერი დატოვოს და ახალი კონტრაქტის პირობებს ფეხბურთელთან უახლოესი კვირების განმავლობაში შეათანხმებენ.
სტივენ ჯერარდისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება მთავარ მწვრთნელსაც სურს. ბრენდან როჯერსის განცხადებით, ინგლისელი ჯერ კიდევ შესაშურ ფორმაშია და “ლივერპულისთვის” სარგებლის მოტანა შეუძლია.
თავად ჯერარდს კარიერის დასრულება იმ კლუბში სურს, რომლის რიგებში თამაში 1998 წლიდან დაიწყო. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ვეტერანმა ფეხბურთელმა 9 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაც შეასრულა.
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge