ფეხბურთი
კვირკველია და ლიპარტია მეოთხედფინალში არიან
2014, 31 ოქტომბერი, 12:03
ყაზანის “რუბინი”, სადაც სოლომონ კვირკველია გამოდის, რუსეთის თასის 1/4-ფინალში გავიდა.
ყაზანელებმა 1/4-ფინალში საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხეს მოსკოვის “სპარტაკი”, რომელშიც ჯანო ანანიძე ირიცხება. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა “რუბინში” კვლავ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო დისციპლინის დარღვევისთვის დუბლებში გადაყვანილი ანანიძე მოსკოველთა 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდა. მატჩის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. 108-ე წუთზე “რუბინიდან” ანგარიში მარკო ლივაიამ გახსნა, ხოლო დამატებითი დროსთვის კიდევ დამატებულ მე-5 წუთზე სერდარ აზმუნმა საბოლოო წერტილი დასვა.
უკრაინის თასის 1/4-ფინალშია ლუგანსკის “ზორია”, რომლის ღირსებას ჯაბა ლიპარტია იცავს. ლუგანსკელებმა პირველი ლიგის “ოლექსანდრიასთან” სტუმრად 1:0 მოიგეს, ხოლო საპასუხო მატჩი სახლში 1:1 დაასრულეს. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველი საშინაო შეხვედრაში მოედანზე 82-ე წუთზე შევიდა.
პოლონეთის თასისთვის ბრძოლას 1/8-ფინალში გამოეთიშა ბიალისტოკის “იაგიელონია”, რომელმაც სტუმრად დამატებით დროში პოზნანის “ლეხთან” 2:4 წააგო. შეხვედრის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა. ქართველი შემტევი ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე “იაგიელონიას” 18-კაციან განაცხადში არ იყო.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge