ფეხბურთი
ერერა "ვესტ ბრომვიჩთან" სათამაშოდ მზადაა
2014, 17 ოქტომბერი, 13:09
ინგლისური მედიის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელმა ნახევარმცველმა ანდერ ერერამ ლუის ვან გალს განუცხადა, რომ ნეკნის ტრავმა მოიშუშა და პრემიერლიგის მე-8 ტურის მატჩში "ვესტ ბრომვიჩთან" სათამაშოდ მზადაა.
ესპანელმა ფეხბურთელმა "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ნეკნი გაიტეხა და ექიმების თავდაპირველი დიაგნოზით, იგი სამი კვირა იუქმებდა. შემდეგ კი გაირკვა, რომ 25 წლის ნახევარმცველი 6 კვირა მოედანს ვერ დაუბრუნდებოდა.
მოსალოდნელია, რომ ესპანელი "ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში ტკივილის გამაყუჩებელ ნემსს გაიკეთებს და "წითელ ეშმაკებს" ამგვარად დაეხმარება. კლუბის თავკაცი და ექიმები უახლოეს პერიოდში მოითათბირებენ და ამის შემდეგ გადაწყდება, მიიღებს თუ არა ერერა პრემიერლიგის მომავალ მატჩში მონაწილეობას.
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge