როგორც ვიუწყებოდით, ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე როტერდამის "ფეინოორდის" ყოფილი მცველი დერილ იანმაატი კარიერას "ნიუკასლში" გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
24 წლის ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბთან 6-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი გადაიხადეს "კაჭკაჭებმა" იანმაატის სანაცვლოდ, თუმცა ბრიტანული მედიის ცნობით, კლუბს ჰოლანდიელის ტრანსფერი 5 მილიონი გირვანქა დაუჯდა. "ნიუკასლი" იანმაატს მატიე დებიუშის შემცვლელად მოიაზრებს, რომელიც ლონდონის "არსენალში" გადავიდა.
"ნიუკასლი" ფანტასტიკური კლუბია, თავისი ისტორიით და დიდებული სტადიონით. ყოველთვის ვამბობდი, თუ როგორი დიდებული გულშემატკივრები ჰყავს "ნიუკასლს". ახალ სეზონს მოუთმენლად ველოდები. ვფიქრობ, ჩვენ კარგი სეზონი გამოგვივა." - განაცხადა ჰოლანდიელმა.
დერილ იანმაატმა "ფეინოორდის" მაისურით 74 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლთან ერთად 11 საგოლე გადაცემაც შეასრულა. "ნიუკასლის" ახალწვეული ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში 2012 წლიდან ასპარეზობს და "ნარინჯისფერთა" რიგებში 21 შეხვედრა ჩაუტარებია.
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge