ხვალ მადრიდის “ატლეტიკოსა” და ლონდონის “ჩელსის” ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩი კამერუნელი სამუელ ეტო’ოს გარეშე ჩაივლის. დასავლეთლონდონელები კასტილიისა და სრულიად ესპანეთის დედაქალაქს აფრიკელი ფორვარდის გარეშე გაემგზავრნენ. სამუელს მუხლის ტრავმა აქვს და ამიტომაც მადრიდში ვეთ ითამაშებს.
სამაგიეროდ “არისტოკრატებთან” ერთადაა ბელგიელი ნახევარმცველი ედენ აზარი და ჩეხი მეკარე პეტერ ჩეხი. ბენილუქსელმა გუნდის ბოლო ვარჯიში გამოტოვა, ჩეხმა კი პრემიერლიგის ბოლო მატჩი “სანდერლენდთან” შეუძლოდ ყოფნის გამო არ ითამაშა ამის მიუხედავად, ორივე მწყობრშია და “ვისენტე კალდერონის” მინდორზეც გავა.
ამასობაში, ბრიტანული პრესის ცნობით, სამუელ ეტო’ოს საკუთარ რიგებში სტამბოლის “ბეშიქთაში” ეპატიჟება. ანატოლიელები მზად არიან კამერუნელს წლიური ჯამაგირის სახით 6.5 მილიონი დოლარი გადაუხადონ. სავარაუდოდ, “ჩელსი” ახალი სეზონიდან მადრიდის “ატლეტიკოდან” დიეგო კოშტას გადაიბირებს და ეტო’ოსაც დაემშვიდობება.
გოჩა კაჭარავა
www.worldsport.ge