საზოგადოება "პატიებას ვთხოვ დედას, რომელიც ცოცხალი აღარ დამხვდა" 2014, 17 აპრილი, 17:20 დავბრუნდი ცივ, ცივ ცარიელ სახლში, სადაც აღარავინ შემეგება და მომიკითხა, ვერავის გავუზიარე ჩემი აზრები. მთელი ქვეყნის გასაგონად მინდა პატიება ვთხოვო დედას, რომელიც ცოცხალი აღარ დამხვდა. რაც თავი მახსოვს ამ სახლში მხოლოდ მე და დედა ვცხოვრობდით. მამა არ მახსოვს. პატარა ვყოფილვარ რომ გარდაცვლილა.დედა იყო ჩემთვის მამაც, დედაც, ძმაც და დაც. თავს მევლებოდა, არაფერს მაკლებდა. სოფელში ვცხოვრობდით. დედაჩემი მასწავლებლად მუშაობდა. სამსახურის შემდეგ კი მუხლჩაუხრელად უვლიდა სახლ-კარს, ყანას, ვენახს, საქონელს. მე კი რით გადავუხადე სამაგიერო? გავიზარდე და იმის სანაცვლოდ რომ დედას შევშველებოდი, დარდი არ გამოვულიე, დავტანჯე და სიცოცხლე გავუმწარე. სკოლა წარჩინებით დავამთავრე და გადავწყვიტე რუსეთში წავსულიყავი სწავლის გასაგრძელებლად. როსტოვის ინსტიტუტში მოვეწყვე. თავიდან კარგად ვსწავლობდი. დედას წერილს წერილზე ვწერდი, ახალ-ახალ ამბებს ვატყობინებდი. მასაც უხაროდა, რომ რამდენიმე წელიწადში ინჟინერი შვილი დაუბრუნდებოდა, მაგრამ მოტყუვდა, იმედები ვერ გავუმართლე. ვერ გავუძელი ცდუნებას და წუმპეში გადავეშვი. იქაურ "გასულ" ბიჭებს ავყევი და მალე ქურდობისთვის თავი ციხეში ამოვყავი. წარმომიდგენია, როგორი დარტყმა მივაყენე დედაჩემს, სოფელში დაფასებული მასწავლებლის შვილმა ქურდობა რომ დავიწყე. ასეთი სირცხვილისა და ტკივილის მიუხედავად, ჩემზე უარი არ უთქვამს. უხმოდ აიტანა ჩემგან მიყენებული შეურაცხყოფა და ერთ მშვენიერ დღეს ციხეში ყოფნისას თავს დამადგა, მომინახულა, მომესიყვარულა, დარიგება დამიწყო, მემუდარებოდა, ამის შემდეგ დამეწყო ნორმალური ცხოვრება, სასჯელის მოხდის შემდეგ მიმეტოვებინა იქაურობა და მასთან ერთად დავბრუნებულიყავი, რომ მას ძალიან ვჭირდებოდი. ბევრი იტირა... რა ვიცოდი მაშინ, რომ ეს ჩვენი ბოლო შეხვერა იყო? პატარა, უმწეო ქალმა დიდი გზა გამოიარა და უცნობ ქალაქში მაინც მომნახა, მომაკითხა, მომეფერა და ისე დაბრუნდა სახლში, ეგონა, მეც მალე დავუბრუნდებოდი. წარმომიდგენია, დედა როგორ მელოდებოდა. ალბათ, ყოველ დღეს ეფერებოდა, რომელიც სასჯელს აკლდებოდა, მაგრამ ისევ მოვატყუე. ციხიდან კი გამოვედი, მაგრამ სახლში აღარ დავბრუნდი, რუსეთში დავრჩი, ამჯერად სხვა ქალაქში გადავედი საცხოვრებლად. დედამ ვეღარ მომძებნა. მე კი ხანდახან ვატყობინებდი ჩემს ამბავს. ან რა უნდა შემეტყობინებინა, რა მქონდა სათქმელი, რაც მას გაახარებდა? მარტო ის იცოდა რომ ცოცხალი ვიყავი. ამ დაუსრულებელ ლოდნიში დედა დაიღალა და გარდაიცვალა. ხნიერი არ იყო, მაგრამ გულმა ვეღარ გაუძლო. მე ვერ შემატყობინეს. სულ სხვადასხვა ქალაქში ვიყავი და ბოლო მისამართი არ იცოდნენ. მეზობლებმა დაასაფლავეს. რამდენიმე დღის წინ ჩემს თანასოფლელს დავურეკე, დედის ამბავი უნდა გამეგო და გავიგე კიდეც... ჩემს სიცოცხლეში ასე არ გავწარებულვარ. მაშინვე გამოვიქეცი, მაგრამ რაღა დროს - დასაფლავებული დამხვდა. ან მიცვალებულს რაღაში ვჭირდებოდი? ცოცხალი არ გავახარე ჩემი დანახვით. რას ვფიქრობდი ნეტავ? ალბათ მეგონა, ჯერ ჩემს საქმეს მოვრჩები, მერე დავბრუნდები მეთქი, საქმე კი დიდხანს გაიწელა, იმაზე კი არ ვიფიქრე, რომ დედა უკვდავი არ იყო და ცხოვრებაში ისედაც დაჩაგრულისთვის რაღაც სიხარული მეჩუქებინა. ჩამოსულმა დედის საფლავი არ ვიცოდი, მეზობლის ბიჭმა მიმიყვანა. ბევრი კი ვიტირე, მაგრამ რაც მე გავაკეთე, ტირილით გამოვისყიდი? 372 8-ს მოსწონს
|