საზოგადოება "ვეძებ დედას, მისი სახელი და გვარი თამარ ძნელაძეა 2013, 16 იანვარი, 0:05 დიდი ხნის წინ დაკარგულ დედას და ძმას ვეძებ.
მამაჩემი ავადმყოფობის გამო აბასთუმანში მკურნალობდა, სადაც თავის მომავალ მეუღლეს, თამრიკო ძნელაძეს შეხვდა. დედა პროფესიით ექთანი იყო. ტრადიცული ქართული ოჯახი შექმნეს, მაგრამ ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა. 8 თვის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა. ჩვენ აფხაზეთში, ოჩამჩირის ერთ-ერთ სოფელში ვცხოვრობდით. ქმრის გარდაცვალებიდან გარკვეული დროის შემდეგ დედაჩემმა აბასთუმანში დაბრუნება გადაწყვიტა, რათა იქ თავისი სამსახურით ერჩინა შვილი. დედაჩემის გადაწყვეტილებამ მამაჩემის ოჯახში უკმაყოფილება გამოიწვია. წინააღმდეგობის მიუხედავად, მე და დედაჩემი აბასთუმანში გადავედით საცხოვრებლად. მამის გარდაცვალებიდან 3 წლის შემდეგ დედაჩემი მეორედ გათხოვდა. მეორე ქორწინებიდან ბიჭი, ელგუჯა შეეძინა ( სამწუხაროდ, ჩემი ნახევარძმის გვარი არ მახსოვს).
რვა წლამდე აბასთუმანში ვიზრდებოდი. სწორედ ამ დროს მამიდაჩემი ჩამოვიდა და დედაჩემისგან მალულად წამიყვანა მამულეთში, რასაც დედაჩემისა და მამაჩემის ოჯახებს შორის დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. იმ დღიდან მოყოლებული ქვრივ მამიდასთან ვიზრდებოდი.
წლების განმავლობაში დედაჩემი არ მინახავს, მხოლოდ წერილებს ვწერდით ხშირად. მატერიალურადაც მეხმარებოდა. დედის უკანასკნელი წერილი, სკოლა რომ დავამთავრე მაშინ მივიღე. წერილში ეწერა: "შვილო, ვერაფრით გეხმარები, რადგან თვითონაც არ ვიცი, როგორ ვცხოვრობ". ცოტა არ იყოს, ამ წერილმა გამაოგნა. ეს იყო და ეს. დედა-შვილი ასე მოვწყით ერთმანეთს.
ახლა 45 წლის ვარ. მეუღლე და ორი შვილი მყავს. ჩემი ცხოვრებით კმაყოფილი ვარ. თავს ბედნიერად ვთვლი, მაგრამ წარსულის მოგონებები მაინც გულს მიკლავს. ნუთუ არ უნდა ვიცოდე, რა ბედი ეწია დედაჩემს? იქნებ ცოცხალია კიდეც. მინდა, იგი მოხუცებულობაში მაინც ვნახო. მაინტერესებს, ჩემი ძმა ვინ არის. გაავრცელეთ ეს სტატია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა. იქნებ გამოჩნდეს. 437 16-ს მოსწონს 4-ს არა
|