საზოგადოება "20-21 წლის ბიჭები 21 ლარისათვის 400 გრამ სისხლს აბარებენ" 2014, 17 აპრილი, 17:19 "რამდენიმე დღის წინ ჩემი შვილი თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დავაწვინე. პირველ სართულზე, ერთ-ერთი ოთახის წინ, უამრავი ადამიანი იდგა. მათ გამო დერეფანში გავლა ჭირდა. მეგონა ასეთი რიგი რომელიმე ექიმის კაბინეტის წინ იყო და ბუნებრივია, იმ ექიმის ვინაობით დავინტერესდი. კარის აბრამდე ძლივს მივაღწიე, მკურნალის სახელი და გვარი რომ წამეკითხა, მაგრამ გავოგნდი, აბრაზე შავი ასოებით ეწერა - სისხლის გადასხმის კაბინეტი. თურმე ის ხალხი სისხლის ჩასაბარებლად იყო მოსული. ვერ აღგიწერთ რა დამემართა. ყელში ბურთივით რაღაც გამეჩხირა, ტირილისგან თავი ძლივს შევიკავე. დონორების რიგში ყველა ასაკის ადამიანი იდგა, მათ შორის ჩემი შვილის ტოლები, 20-21 წლის ბიჭები ან შეიძლება უფრო პატარებიც.
კარი გაიღო, ოთახიდან თეთრხალათიანი ქალბატონი გამობრძანდა და დაიყვირა: "პირველი დადებითი შემოვიდეს". ატყდა ხმაური, დონორები ერთმანეთს მიაწყდნენ, თან ყვიროდნენ, არა ჩემი რიგია, არა ჩემიო. ერთ-ერთმა მამაკაცმა იყოჩაღა და ოთახში შევარდა. დონორები ისევ დადუმდნენ. ორმა ქალბატონმა ერთმანეთს გადაულაპარაკა, ათი საათიდან აქ ვდგავარო. მამაკაცმა კი თავისთვის ჩაილაპარაკა, მე ცხრის ნახევარზე მოვედიო. წარმოგიდგენიათ, ხალხი დილაუთენია მიდის და სისხლის გასაღებად საათობით რიგში დგება.
ერთხელ ჩემს ახლობელს სისხლის გადასხმა დასჭირდა და საავადმყოფომ საკმაოდ ძვირი გადაგვახდევინა. მეგონა დონორებსაც დიდ თანხას უხდიდნენ. ერთ-ერთს ვკითხე, რამდენს გიხდიან - მეთქი. მიპასუხა დადებითი ჯგუფი 21 ლარი ღირს, უარყოფითი 26 ლარიო. ვიფიქრე, ალბათ ამდენს 100 გრამ სისხლში აძლევენ მეთქი, მაგრამ ისევ შევცდი, თურმე 400 გრამი სისხლი უნდა ჩააბარო, რომ ეგ თანხა გადაგიხადონ. თანაც "ბედნიერების" რიგში უნდა მოხვდე, რიგი დილაუთენია დაიკავო და შეიძლება იმ დღეს რიგმა საერთოდ არც მოგიწიოს. თითოეული მათგანი სისხლს გაჭირვების გამო აბარებს. აღებული თანხა კი იმდენად მცირეა, რომ ერთ თვეს პურის საყიდლადაც არ ეყოფათ.
ადამიანს შეუძლია, სისხლი წელიწადში ორჯერ ჩააბაროს. სისხლის გაცემის შემდეგ კარგი კვება და დასვენებაა საჭირო. იმ ადამიანებს კი ეტყობდათ, რომ სისხლის გადასხმის კაბინეტის ხშირი სტუმრები იყვნენ. ზოგი შეიძლება სისხლს თვეში ერთხელაც აბარებს. განსაკუთრებით პატარა ბიჭები შემეცოდნენ. ვინ იცის, იქნებ რამდენიმე დღის ნაშიმშილარები იყვნენ. ნუთუ მათი ბედი არავის ანაღვლებს, ნუთუ ის მაინც არ აინტერესებთ, რიგში დგომით, ჩხუბით დაღლილ-დაქანცული და სისხლგამოცლილი სახლში როგორ აღწევენ. ისინი ალბათ არც საავადმყოფოს პერსონალს ებრალებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ოთახის წინ ერთ სკამს მაინც დაუდგამდნენ.
ძალიან გთხოვთ, რამე გააკეთეთ და ამ ადამიანებს როგორმე დაეხმარეთ, თორემ შეიძლება ცოტა ხანში თქვენი დახმარება აღარავის დასჭირდეს, მიცვალებულები ხომ ისედაც არაფერს ითხოვენ." 1093 8-ს მოსწონს
|