ლევან კობიაშვილმა ბუნდესლიგაში საიუბილეო, 350-ე მატჩი ჩაატარა. დღეს, როცა ჩვენი ფეხბურთელების უკრაინისა თუ რუსეთის საშუალო დონის გუნდებში გადასვლაც კი სანატრელია, გვყავს კაცი, რომელმაც ევროპის ტოპ-ოთხეულის ჩემპიონატში ამდენი ითამაშა. დღევანდელი გადმოსახედიდან, ეს ზღაპრულად ჩანს, მაგრამ რამდენი შრომა და თავდადებაა ჩადებული ამ საქმეში.
კობიაშვილი კი ყველა იმ თვისების ეტალონი იყო, რომლებიც პროფესიონალ ფეხბურთელს სჭირდება – შრომა და მონდომება თავისთავად, ამას კი დაუმატეთ თავმდაბლობა, მოკრძალება, ახალგაზრდებისთვის მაგალითის მიცემა. ზედმეტად ვაქებთ? მაშ, ოტო რეჰაგელს დავუჯეროთ, რომელსაც ნათქვამი აქვს, ცხოვრებაში არ შემხვედრია კობიაშვილის დარი პროფესიონალი ფეხბურთელიო.
“კობიმ” პირველი ბუნდესლიგური მატჩი 1998 წლის 12 სექტემბერს ჩაატარა, როცა “ფრაიბურგი” მიუნხენის “ბაიერნს” მასპინძლობდა. ლევანი “ფრაიბურგში” 10-ნომრიანი მაისურით თამაშობდა, გუნდის ძრავა გახლდათ და სიმწარესთან ერთად (ბუნდესლიგიდან გავარდნა), სიხარულიც განუცდია (უეფას თასზე გასვლა).
შემდეგ იყო “შალკე” – საუკეთესო პერიოდი კობიაშვილის კარიერაში. ჰეთ-თრიქი პსვ-სთან ჩემპიონთა ლიგაზე (3:0), ოლივერ კანის კარში გატანილი ლამაზი გოლი, თუმცა სიმწარე აქაც იყო: “შალკე” 2010 წელს თითქმის უკვე ჩემპიონი იყო, ბოლო ტურებში “ბაიერნს” სასწაულებრივად მისცა გადასწრების საშუალება. ისე, კანისთვის “ფრაიბურგის” მაისურითაც გაუტანია, ჩახვეული საჯარიმო დარტყმით.
ბუნდესლიგის ჩემპიონობა, საქართველოს ნაკრების დიდ ტურნირებზე უთამაშებლობა – ეს ორი აუხდენელი ოცნება დარჩა. ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და სასიხარულო გოლის ავტორია, საქართველო-ხორვატიის ბოლო წუთები ხომ არასოდეს დაავიწყდება ქართველ ქომაგს. “კობი” რეკორდსმენია სანაკრებო მატჩების რაოდენობით და ერთადერთი ქართველია, 100 თამაში რომ მოუგროვდა.
ლევანმა 350-ე ბუნდესლიგური შეხვედრა ლევერკუზენში ჩაატარა, სადაც მისი “ჰერტა” 1:2 დამარცხდა. ქართველი ცენტრალური მცველი გახლდათ, სასტარტოში ითამაშა და 57-ე წუთზე შეცვალეს.
გერმანიაში კიდევ 4 ტური დარჩა და ლევანიც კარიერას დაასრულებს. ბოლო თამაში შინ “დორტმუნდთან” ექნება. იმ “დორტმუნდთან”, რომლის წინააღმდეგაც ამ სეზონში გასვლაზე ბრწყინვალედ გაისარჯა და მრისხანე რობერტ ლევანდოვსკი გაანეიტრალა. “ჰერტამ” ის შეხვედრა 2:1 მოიგო. “კობი” სხვა მატჩებშიც პოზიციურად მშვენიერი თამაშით გამოირჩეოდა.
36 წლისაა და რამდენიმე თვის წინათ გადაწყვიტა, რომ ეს მისი ბოლო სეზონი იქნებოდა პროფესიონალურ კარიერაში. “კობი” მინდვრიდან მიდის, მაგრამ დარჩება ქართული ფეხბურთის სამსახურში, ოღონდ, რა სტატუსით, ამას დრო გვიჩვენებს. ცოტაც მოვიცადოთ.
ახლაც კი, როცა ბუნდესლიგაში თამაშობს, არ ავიწყდება დახმარება. სწორედ “კობი და მეგობრების” მეშვეობით, ბერლინში ევროპის თასზე გაემგზავრება საქართველოში 2001 წელს დაბადებულთა რომელიმე სკოლის გუნდი. შესარჩევი ტური უკვე დაწყებულია ამ ასაკის ბავშვებს შორის. ლევანი სხვა მხრივაც კარგადაა ჩახედული, თუ რა ხდება ქართულ ფეხბურთში. კითხულობს, აინტერესებს, მუდმივი კავშირები აქვს.
350 ბუნდესლიგური. კობიაშვილი ბუნდესლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით, ყველა დროის ლეგიონერთა შორის, მეორე ადგილზეა. მხოლოდ “ბაიერნის” კლაუდიო პიზაროს ვეღარ გადაასწრებს.
ილია ნანობაშვილი
www.worldsport.ge