საზოგადოება "სიდედრმა შვილი გამიყიდა" 2014, 3 მარტი, 16:18 "რაიონიდან ჩამოსული გახლავართ. უფრო სწორად, ახლაც იქ ვცხოვრობ. ორი წლის წინ ჩამოსული ვიყავი ნათესავთან, სკოლა ახალდამთავრებული მქონდა და მინდოდა უნივერსიტეტში ჩამებარებინა. დიდი იმედები არ მქონდა და ვერც ჩავაბარე. სიმართლე გითხრათ, გული სულაც არ დამწყვეტია. სამაგიეროდ, ჩემი ნათესავის მეზობელი გოგო გავიცანი. რომ იტყვიან, ერთი ნახვით შეყვარებაო, სწორედ ეს დამემართა. მე მგონი იმასაც. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემს სოფელში გავიპარეთ. დედამისის და მამამისის მხრიდან რაღაცსაშინელი რეაქცია იყო. მათი ანგელოზივით ერთი, ხელისგულზე გაზრდილი გოგონასათვის ჩემნაირი ტეტია, გაუთლელი, ხეპრე და გოიმი ქმარი სულაც არ უნდოდათ, მაგრამ არჩევანი ჩემმა ცოლმა გააკეთა. შვილი რომ უკან არ გაჰყვათ, თითქოს ბედს შეეგუენ. მალე ჩემი მეუღლე ფეხმძიმედ დარჩა და ჩემზე ბედნიერი კაცი არ მეგულებოდა. წელებზე ფეხს ვიდგამდი ახალსკოლადამთავრებული (უსაქმური არასოდეს ვყოფილვარ), რომ ჩემი ქალაქელი ცოლისთვის არაფერი მომეკლო. ისიც ჩემს გვერდით ბედნიერად გრძნობდა თავს. მშობიარობის დრო რომ მოახლოვდა, სიდედრ-სიმამრის სახლში ჩამოვედით თბილისში, რადგან მიმაჩნდა, რომ ბავშვისა და მეუღლის ჯანმრთელობისთვის ასე აჯობებდა. ბედნიერი ვიყავი. ბედნიერები მეგონენ ჩემ გარშემო სხვებიც, მაგრამ შევცდი... გოგონა შეგვეძინა. სამშობიაროში მეორე დღეს მისულს ჩემი ცოლი ატირებული დამხვდა. მითხრა, რომ ექიმებს უთქვამთ, თითქოს ბავშვი დაიღუპა. გავგიჟდი. 18 წლის ბიჭს საიდან მეყო იმდენი გაბედაობა ან იმდენი ძალა საიდან აღმომაჩნდა, მთავარ ექიმთან შევვარდი და ვახრჩობდი, ჩემი მკვდარი შვილი მაჩვენეთ მეთქი. იმან ბავშვის ექიმი, ექთანი და ბებიაქალი იხმო, დიდი დავიდარაბისა და ჩხუბის შემდეგ გაირკვა, რომ თურმე ჩემს სიდედრს ბავშვი გაუყიდია, იქნებ ჩემს შვილს აღარ მოუნდეს ამ სოფლელთან ცხოვრებაო. გავგიჟდი, სიდედრისა და სიმამრის სახლში ყველაფერი მივლეწე. იმ საავადმყოფოში ჩემი შვილის ახალი მშობლების მისამართი მომცეს. იქ მივედი და ბავშვი წამოვიყვანე. ჩემი ცოლიც იმ დღესვე წამოვიყვანე სამშობიაროდან. ჩემი გოგონა დღეს ერთი წლისაა, ძალიან ბედნიერი ოჯახი გვაქვს. გულს მიკლავს ჩემი მეუღლის სევდიანი გამოხედვა. ვიცი, განიცდის დედის უმსგავსო საქციელს და... მიუხედავად ამისა, მაინც ენატრება. გავა დრო და შერიგდებიან. ჯერ ვერ ვუშვებ იმ ქალთან, ვინც საკუთარი სისხლი და ხორცი არ დაინდო, გაწირა და გაყიდა. მერე კი დედაა მისი და თავად გაარკვევენ ურთიერთობებს. მე უნივერსიტეტშიც ჩავაბარე, ვმუშაობ, ცოტას რომ მოვმაგრდებით, ჩემს ცოლსაც შევუწყობ ხელს, რომ სწავლა გააგრძელოს. მინდა, ყველას დავუმტკიცო, მართალია სოფლელი ვარ, მაგრამ სულაც არ ვარ ხელწამოსაკრავი. კაცი ვარ და კაცურად შემიძლია ოჯახის მიხედვა." 636 3-ს მოსწონს 1-ს არა
|