ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მოცემული მომენტისთვის, მისი გუნდი საუკეთესო ფორმისგან შორსაა.
50 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი Sky Sports-ს-ს ესაუბრა.
“ბოლო სეზონებში “ჩელსის” მიერ სატურნირო ცხრილში დაკავებულ ადგილებს და ლიდერებთან ჩამორჩენას თუ გადახედავთ, ადვილად მიხვდებით, რაოდენ რთულია ძველი პოზიციების დაბრუნება. 20-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ძალიან რთულია და აქ, ჯადოქრობაც ვერ გიშველის. “ჩელსის” მსგავს გუნდს არა აქვს იმის უფლება, რომ ლიდერს 15-20 ქულით ჩამორჩეს.
კმაყოფილი ვიქნები, თუკი გუნდი მინიმარული სხვაობით მოგებათა სერიას გამოაცხობს და არა იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სანახაობრივ შეხვედრას 7:0 დაასრულებს და მომდევნო ექვს თამაშში ქულებს დაკარგავს. “ჩელსიში” პირველი მოსვლის დროს, ჩემს განკარგულებაში იყვნენ ფეხბურთელები, რომლებიც კარიერის პიკზე იმყოფებოდნენ. ჩემი ამოცანა მხოლოდ ის იყო, რომ მათ საკუთარი შესაძლებლობების ერწმუნათ. ახლა, ახალი გუნდის შენების პროცესში ვარ და ამრიგად, ახლანდელი და მაშინდელი ამოცანები განსხვავებულია. “ჩელსის” სტაბილურობა აკლია. ახლა ისეთი ძლიერები არ ვართ, რომ თამაშები ერთმანეთის მიყოლებით მოვიგოთ. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ასეთები გავხდებით. ფეხბურთელებმა უნდა შეიგნონ, რომ დიდი სახელის მქონე კლუბში თამაშობენ. მათ შეგნებაში პასუხისმგებლობა უნდა გაჩნდეს”, - აღნიშნა მოურინიომ.
ზურა ქსოვრელი
www.worldsport.ge