ფეხბურთი სკანდალი: ვინ არის მართალი? 2013, 19 აგვისტო, 17:02 ახლადდაწყებული ეროვნული ჩემპიონატის II ტური ხმაურიანი გამოდგა და ეს ხმაური ლიდერთა მატჩს ახლდა. გორში ერთმანეთს, სადღეისოდ საქართველოს ორი ყველაზე წარმატებული კლუბი ეთამაშებოდა – “დილა” თბილისის “დინამოს” მასპინძლობდა. 31-ე წუთზე, როცა გორელები 1:0 იგებდნენ, ჩისკომ საჯარიმოში ჯაბა დვალი მოძებნა და ამანაც ანგარიში გაათანაბრა, თუმცა თვითმხილველთა უმეტესობა მიიჩნევდა, რომ გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გავიდა. გორელთა მეკარე რევიშვილი თანამსაჯს კარგა ხანს ეკამათა, მაგრამ ბურთი მაინც ჩაითვალა, არბიტრისგან - თორნიკე გვანცელაძისგან კი, ყვითელ ბარათს გამორჩა. თამაშის შემდეგ, გორელთა დამრიგებელმა გიორგი დევდარიანმა თქვა: სანახაოებრივი თამაში გამოვიდა. ვეცადეთ, სანახაობა შედეგში აგვესახა და თუ რატომ ვერ შევძელით, ნათელია. თვალები ყველას გვაქვს და კომენტარის გაკეთება არ მინდა. იმედია, ამ უსამართლობას წერტილი დაესმება. მთავარია, ეს თამაში დავივიწყოთ და შემდეგი მატჩისთვის მოვემზადოთ. მადლობა გულშემატკივრებსა და ჩემს ფეხბურთელებსო. შემდეგ კი, თავის ფეისბუქის გვერდზე წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “დღეს, თორნიკე გვანცელაძემ ჩვენ კარში აშკარა თამაშგარედან გოლი გაატარა, აშკარა პენალი არ დადო და ამის მერე კიდე ითავხედა და ჩემი ბარათი წაიღო, უნდა დამაჯარიმოს და დისკვალიფიკაცია მომცეს.არც ჯარიმა და არც დისკვალიფიკაცია იმდენად არ მაწუხებს, რამდენადაც ჩვენი ფეხბურთის ბედი. ნეტა როდისმე გვეშველება რამე? ერთი ვიგინდარას სასტვენმა რატომ უნდა ჩაყაროს წყალში ამდენი ხალხის შრომა, ამდენი ხალხის იმედი და რწმენა? და დავიჯერო ეს მარტო შეცდომა იყო და მეტი არაფერი?ნეტა ეგრე იყოს. თუ შეცდომა იყო ღმერთმა შეუნდოს, მაგრამ რაღა ორივე ეპიზოდში ჩვენს საწინააღმდეგოთ შეეშალა მაგ ჩემი ცოდვით სავსეს. დღეს ვაღიარებ და მეც შემეშალა, მოვიკითხე პატივცემული თორნიკეს შინაურობა და მზად ვარ რაც მეკუთვნის მივიღო, ჯარიმა იქნება ეს თუ დისკვალიფიკაცია, მაგრამ პატივცემული თორნიკე გააგრძელებს სამართლიანად მკაცრი სიფათით ქართული გუნდების რბევას. წინ თორნიკე. ეხლა მეორე. რამდენიმე დღის წინ, დამირეკა ქუთაისის ტორპედოს გუნდის მწვრთნელმა (არადა ის ესპანელია და ჩვენ ქართველები) და მენეჯერმა თაზო ბოკერიამ და მითხრეს რომ, 24 ჩამოდიხართ და არ ვიქნებით მართლები 25 ში რომ გეთამაშოთო. გორის დილას წარმატება ჩვენი წარმატებაა და მაგრა გგულშემატკივრობთო, თანაც 29 ში განმეორებითი ტამაში გაქვთ და საქართველოს პრესტიჟს ყველა უნდა მოუფრთხილდეთო.(მაგათმა გაიხარონ) ან კი რა ვაჟკაცობაა ნათამაშებ- ნამგზავრებ, დახოცილ გუნდთან ქულების მოგროვება- ეს რა თქმა უნდა ღირსეული ხალხისთვის, და ქუთაისლებსაც როგორც ყოველთვის ღირსება და კაცობა არ ეშლებათ. პასუხად კი, ქართული კლუბების ბოსებისგან(და არა ფედერაციისგან, ალალად მათაც უნდოდათ ჩვენი დახმარება) მივიღეთ სასტიკი უარი, არანაირი თამაშის გადადება, მთავარია სამი ქულა გამოგვძიძგნონ, მერე რა რო ქართული გუნდია, მერე რა რო ქართული ფეხბურთის პრესტიჟია, მერე რა რომ სამ დღეში ისევ თამაშია, მთავარია, თუნდაც დავარდნილი; დავკორტნოთ, გამოვძიძგნოთ, მოვასწროთ მანამ წამოდგება და სამი ქულა მივისაკუთროდ, მივისაკუთროდ ყველაფრრის ფასად.... და ესე გვინდა ევროპა? ვაი ჩვენს პატრონს” აი, ასეთი ვითარებაა: “დილა” 22 აგვისტოს ვენაში “რაპიდს” ეთამაშება და რადგან ჩარტერის დაქირავების საშუალება არ აქვთ, თბილისში 24-ში დაბრუნდებიან, 25-ში კი “ტორპედოსთან” უწევთ ჩემპიონატის კალენდარული მატჩი. მართლაც უცნაური ვითარებაა. “დილა” – “დინამოს” მატჩთან დაკავშირებით, 19 აგვისტოს “დინამოს” ოფიციალურ გვერდზე კლუბის პრეზიდენტის, რომან ფიფიას განცხადება გამოქვეყნდა, რომელსაც ასევე უცვლელად გთავაზობთ:“მინდა გავაკეთო რამდენიმე განმარტება “დილა” – “დინამოს” მატჩის შემდეგ გაკეთებულ შეფასებებთან დაკავშირებით. პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ გულშემატკივრებმა სანახაობრივი, საინტერესო და დაძაბული ფეხბურთი იხილეს “დინამოს” და “დილას” შესრულებით, რაც პირველ რიგში სასიხარულოა თუნდაც იმით, რომ მსგავსი დაძაბული და საინტერესო მატჩები, წინაპირობაა იმისა, რომ ჩემპიონატის დონე გაიზარდოს, გულშემატკივარი სტადიონებს დაუბრუნდეს და ზოგადად ქართული ფეხბურთი განვითარდეს. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ “დილა” ძალიან კარგი გუნდია და წარმატებები მინდა ვუსურვო მას ევროპის ლიგის ფლეი–ოფში ვენის “რაპიდთან.” ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ნამდვილად ტრაგედია არ არის ის, რომ ვერც “დინამომ” იმარჯვა და ვერც “დილამ”, თუმცა მინდა ვთქვა, რომ არსებობს ზღვარი მატჩის შეფასებებში და იმ ქცევებშიც, რაც ჩვენ სტადიონზე ვიხილეთ. მიმაჩნია, რომ უმჯობესია ყველამ თავისი საქმე აკეთოს, ფეხბურთელმა ფეხბურთელის, მწვრთნელმა მწვრთნელის, მსაჯმა მსაჯის და თუ ვინმე დასასჯელია, ან რაიმე სანქციაა განსახორციელებელი, არსებობს შესაბამისი უწყებები, რომლებმაც თავიანთი საქმე ოპერატიულად და ხარისხიანად უნდა შეასრულონ, რათა ესეთ ემოციურ ვაკხანალიას წერტილი დაესვას. მივმართავ ფეხბურთის ფედერაციას, რათა მის დაქვემდებარებაში მყოფმა მსაჯთა კომიტეტმა სასწრაფოდ განიხილოს მატჩის მსაჯობის ხარისხი და ის პრეტენზიები, რომელიც გამოითქვა მსაჯობასთან დაკავშირებით და დაადგინოს სიმართლე, რათა ადგილი არ ქონდეს ამ უპასუხისმგებლო განცხადებებს, რომელიც ისმის ბოლო დღეების განმავლობაში და ამ განცხადებებზე შესაბამისი რეაგირება მოხდეს. რაც მე ვნახე, ის ნახა ყველა ფეხბურთის მოყვარულმა და ცივ გონებაზე გააზრებით, ჩანს, რომ არც “დინამოს” თავდამსხმელი იმყოფება თამაშგარე მდგომარეობაში და არც სხვა საეჭვო ეპიზოდების (მათ შორის “დინამოს” წინააღმდეგ დაშვებული შეცდომების, რომლებსაც შესაძლოა გადამწყვეტი როლი ეთამაშა მატჩის მიმდინარეობისას) შეფასება შეიძლება კატეგორიულად. თუმცა, ნებისმიერ ადამიანს შეიძლება მოუვიდეს შეცდომა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს იმის საფუძველი, რომ მსაჯები მუდმივად ვამყოფოთ ესეთ არაადამიანურ წნეხში, რის შედეგადაც შეიძლება იმაზე უარესი მდგომარეობა მივიღოთ ვიდრე გვაქვს ახლა, ვინაიდან საქართველოში ზოგადად მსაჯების საქმიანობის შეფასებისას ხშირად უფრო ემოციური ფაქტორი ჭარბობს, ვიდრე რეალურად სათამაშო ეპიზოდების პროფესიონალური განხილვა და ხშირად მსაჯის მიერ სწორად მიღებული გადაწყვეტილებები ქილიკის საგანი ხდება. ამიტომაც მოვითხოვ ფედერაციისგან სწრაფ და ადეკვატურ რეაგირებას. 21 აგვისტოს დანიშნულია აღმასკომის სხდომა, სადაც პირადად დავაყენებ აღნიშნულ საკითხებს, განსაკუთრებით სტადიონებზე ქცევის და უსაფრთხოების წესებს, რათა ეს საკითხებიც ბევრად უკეთესად დარეგულირდეს.” ამ ყველაფერმა ტურის სხვა ამბები დაჩრდილა. თუმცა, შეგვიძლია ვახსენოთ “არეული” “გურიის” “მერანთან” გამარჯვება და “ახალი” “ტორპედოს” პირველი მოგება ჩემპიონატში, თანაც “ზესტაფონთან” იმერულ დერბიში. II ტური. 17-18 აგვისტო დილა (გორი) – დინამო (თბილისი) 1:1 (1:1) გოლები: 1:0 გრიგოლ დოლიძე (16), 1:1 ჯაბა დვალი (30) სპარტაკი (ცხინვალი) – სიონი (ბოლნისი) 0:2 (0:0) გოლები: 0:1 ლადო ახალაია (63), 0:2 ლაშა თოთაძე (64) გურია (ლანჩხუთი) – მერანი (მარტვილი) 1:0 (1:0) გოლი: ვილი ისიანი (42) ზუგდიდი – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0:0 ჩიხურა (საჩხერე) – მეტალურგი (რუსთავი) 2:3 (0:1) გოლები: 0:1 ლუკა რაზმაძე (6), 1:1 გიორგი რეხვიაშვილი (65), 1:2 გიორგი რეხვიაშვილი (68 ს.კ.), 2:2 დიმიტრი ტატანაშვილი (82), 2:3 დავით კირკიტაძე (83) ზესტაფონი – ტორპედო (ქუთაისი) 2:3 (2:1) გოლები: 0:1 ნიკა საბანაძე (9), 1:1 გიორგი ადამია (14 პენ), 2:1 გიორგი ხიდეშელი (40 ს.კ), 2:2 თორნიკე კაპანაძე (58), 2:3 ნიკა საბანაძე (79) III ტური 25 აგვისტო. კვირა: ვიტ ჯორჯია – ჩიხურა, მერანი – ზუგდიდი, სიონი – გურია, დინამო – სპარტაკი, ტორპედო – დილა (?) 26 აგვისტო. ორშაბათი: მეტალურგი - ზესტაფონი მეგოლეები: 3 – გრიგოლ დოლიძე (“დილა”) 2 – ელგუჯა ლობჯანიძე (“ვიტ ჯორჯია”), ლაშა თოთაძე (“სიონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), დავით კირკიტაძე (“მეტალურგი”) შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა: - ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი); -ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა; -ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა; -ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა; -ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს); -თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა თეგები: ეროვნული ჩემპიონატი II ტური მიმოხილვა სოლომონ გულისაშვილიwww.worldsport.ge 137 შეფასება არ არის
|