x
image
worldsport.ge
ბაჩანა არაბული: "ჩემი საკლუბო მომავალი, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გაირკვევა"

imageსაქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები ლატვიაში შეკრებას აგრძელებს. 12 დღეში კი, ლიტვაში ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი დაიწყება. "მსოფლიო სპორტი" ნაკრების კაპიტან ბაჩანა არაბულს დაუკავშირდა:
- რამდენად ინტენსიურად მიდის მზადება და უფრო რაზე კეთდება აქცენტი მწვრთნელებისგან?
- დღეში ორჯერ ვვარჯიშობთ. უფრო ფიზიკურ მომზადებაზეა აქცენტი გაკეთებული, რადგან ჯერ სრული შემადგენლობით არ ვართ. როცა შევიკრიბებით, მერე ტაქტიკური ვარჯიშები დაიწყება.
- პირველი მატჩი 20 ივლისს, საფრანგეთთან გელით. ხომ არ გინახავთ მეტოქის თამაში ვიდეოზე?
- ფეხბურთელებს არ გვინახავს. როცა ნაკრები სრულად შეიკრიბება, ალბათ, მაშინ ვუყურებთ.
- ვინ აკლია ნაკრებს?
- სანდოხაძე, კაჭარავა, დვალი და ჭანტურია. როგორც ვიცი, 12 ივლისს 18-ივე ფეხბურთელით იქნება ნაკრები, ჯერჯერობით კი, 14 კაცი ვართ.
- ფინალური ეტაპის დაწყებამდე ამხანაგურებიც გექნებათ.
- 11 ივლისს რიგის "სკონტოს" ვხვდებით. 16-შიც გვექნება თამაში, ოღონდ, ჯერ არ ვიცი, ვისთან. ისე, კარგ პირობებში ვართ და მოუთმენლად ველით, როდის დაიწყება ჩემპიონატი. გვსურს, ქართველი გულშემატკივრები გავახაროთ.
- თქვენ სად გააგრძელებთ საკლუბო კარიერას, ჯერ არაფერია ცნობილი?
- არა. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გაირკვევა.
- ლატვიაში წასვლამდე, რომელიმე გუნდთან ერთად ემზადებოდით?
- არა, ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი. გორის "დილასთან" კონტრაქტი დამიმთავრდა და უგუნდოდ ვარ.
- შეიძლება, ისევ "დილაში" ითამაშოთ?
- კონტრაქტით "საბურთალოს" ვეკუთვნი. შესაძლოა, კიდევ ვითამაშო "დილაში", მაგრამ ჯერ არაფერია გარკვეული.
აქვე გეტყვით, რომ 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მატჩებს Eurosport-ი გადასცემს პირდაპირი ეთერით. ქართული ტელეარხებთან დაკავშირებით კი, ჯერ არაფერია გარკვეული.


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
9
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0