მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი, რომელიც კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით დაკავებულ თანამდებობას ტოვებს, დიდი სიამოვნებით ჩაიბარებს მადრიდის “რეალს”, თუკი “სამეფო კლუბის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი დაურეკავს. ამის შესახებ 68 წლის სპეციალისტის აგენტმა ენრიკე რეიესმა Marca-სთან ისაუბრა.
“იუპი დიდი სიამოვნებით დაბრუნდება მადრიდის “რეალში”. თუ ფლორენტინო დაგვირეკავს, მის შეთავაზებას მივიღებთ. მოცემული მომენტისთვის ჰაინკესმა მწვრთნელობა მხოლოდ ბუნდესლიგაში დაასრულა”, - თქვა რეიესმა.
ჰაინკესის ხელმძღვანელობით “ბაიერნმა” მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგა და გერმანიის ჩემპიონატი მოიგო. ამასთან, გუნდი გერმანიის თასის ფინალშიცაა გასული, სადაც “შტუტგარტს” ეთამაშება. მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტს ჟოზე მოურინიო დატოვებს, ხოლო “ბაიერნს” პეპ გვარდიოლა ჩაიბარებს, რომელიც ბოლოს “ბარსელონას” ავარჯიშებდა.
ჰაინკესი “რეალში” 1997-1998 წლებში მუშაობდა. მანამდე ის ამბობდა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო კარიერასაც დაასრულებდა.
www.worldsport.ge