საზოგადოება ეროვნულ გმირს - მერაბ კოსტავას დღეს 74 წელი შეუსრულდებოდა 2013, 26 მაისი, 12:05 საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი, ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა დღეს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 74 წლის გახდებოდა.ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი არა მარტო შეგნებული ცხოვრება, არამედ ბავშვობაც ქვეყნის უსაზღვრო სიყვარულსა და კეთილდღეობას შესწირა.ჯერ კიდევ მე - 10 კლასის მოსწავლე იყო, როდესაც პირველად მოხდა მისი დაპატიმრება დედაქალაქში გავრცელებული ანტისაბჭოთა პროკლამაციების გამო, რომელიც იმ დროისთვის გამაოგნებელი შინაარსის პროკლამაციად ითვლებოდა: - "ძირს პირსისხლიანი კომუნისტები, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს". სწორედ ამის გამო მოხვდნენ საპყრობილეში სკოლის მერხიდან იმდროინდელი თბილისის ელიტური ოჯახის შვილები და რა თქმა უნდა ზვიად გამსახურდიაც.თუმცა როგორც არასრულწლოვანი - მერაბ კოსტავა ექვსი თვის შემდეგ პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს.ეს იყო მისი პირველი დაპატიმრება. ამას მოჰყვა 1977 წელს ზვიადთან ერთად დაპატიმრება, საბაბი კვლავ ანტისაბჭოთა პროპაგანდა გახლდათ, კონკრეტულად კი ჟურნალ "ოქროს საწმისის" გამოცემა.80 - იანი წლებიდან იგი ირკუტსკის ოლქში იქნა გადასახლებული, სადაც მას სასჯელი არ აკმარეს და 5 წელი კიდევ დაუმატეს.როგორც მისი მეგობრები იხსენებენ, მას ციხეშიც დიდ პატივს სცემდნენ თავად სუკის აგენტები."მისი მიმტევებელი და კაცთმოყვარე ბუნება ერთნაირად აღაფრთოვანებდა მილიციელსაც და პატიმარსაც" - იხსენებენ მერაბ კოსტავას მეგობრები.ტრაგიკული და ტკივილიანი იყო მისი ცხოვრება, როცა მისმა 25 წლის ვაჟკაცმა ირაკლი კოსტავამ ტრაგიკულად დაასრულა თავისი სიცოცხლე.1987 წელს სამშობლოში დაბრუნებულს 10 - წლიანი პატიმრობის შემდეგ არა ერთი თანამდებობა შესთავაზეს, მაგრამ მან მუსიკის პედაგოგობა არჩია. მერაბ კოსტავას საქართველოში დაბრუნებას მოჰყვა სწორედ ეროვნულ - განმათავისუფლებელი მოძრაობის აზვირთება, და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარებამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო.სისხლიანი 9 აპრილი - საკუთარი ხალხის გვერდით ეროვნული გმირი - მერაბ კოსტავა, უშიშრად იდგა და ელოდებოდა დაპატიმრებას და არა ქართველი ერის ხოცვა-ჟლეტას.სიყვარულით მას 9 აპრილის ღამეს "შავლეგო" შეარქვა და შალვა ახალციხელივით მარადისობას აზიარა. 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, როდესაც საქართველომ მკვეთრად აიღო გეზი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისაკენ, მას არა ერთხელ ჰკითხეს, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობაში, რაზეც ის პასუხობდა:-"მე სოფელში წავალ, თოხსა და ბარს ავიღებ და მიწაზე ვიმუშავებო". სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულს სოფელში წასვლაც არ დასცალდა, ისეთი უბრალო უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. უდიდესი ქართველი, ეროვნული გმირი, საქართველოს მეხოტბე და მგალობელი მერაბ კოსტავა, რომელზეც დაუსრულებლად შეიძლება ისაუბროს ყველა ქართველმა, დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 74 წლის გახდებოდა. 75 24-ს მოსწონს 1-ს არა
|