x
image
worldsport.ge
ლევან კობიაშვილი: “ვგრძნობ, რომ გუნდს ვჭირდები და მისი დახმარება შემიძლია”

imageბერლინის “ჰერტას” მცველმა ლევან კობიაშვილმა გამოცემა badische-zeitung.de-სთან საუბარში განაცხადა, რომ კლუბში დარჩენას და კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულების ბოლომდე შესრულებას აპირებს.
- ბერლინის “ჰერტასთან” ერთად პირველ ბუნდესლიგაში მეორედ დაბრუნდით. შაბათს ფრაიბურგში თქვენი ყოფილი კლუბები - “ფრაიბურგი” და “შალკე” ითამაშებენ. საქმე ეხება მატჩს, რომელშიც მეოთხე ადგილის მფლობელი და ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ რაუნდში გამსვლელი გუნდის ვინაობა გაირკვევა. გულწრფელად გვითხარით – ვის უგულშემატკივრებთ?
- სპორტული თვალსაზრისით, ორივე კლუბთან კარგი მოგონება მაკავშირებს. თუმცა, გულწრფელად გეტყვით, რომ “ფრაიბურგის” გამარჯვება მსურს. მიმდინარე სეზონში ამ გუნდის მატჩებს ტელევიზიით რეგულარულად ვუყურებდი და ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს.
- ფრაიბურგთან კონტაქტი გაქვთ?
- რა თქმა უნდა. ჩემს ოჯახს და მეც, იქ ბევრი მეგობარი და ნაცნობი გვყავს. ეს ქალაქი მიყვარს. კონტაქტი კლუბის სტრუქტურაში მომუშავე ზოგიერთ ადამიანთანაც მაქვს. “ფრაიბურგმა” ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და ამას ვერ დავივიწყებ.
- “ფრაიბურგთან” ერთად უეფას თასზე თავად გითამაშიათ. გახსოვთ ის პერიოდი?
- ცხადია. განსაკუთრებით, 2001-2002 წლების სეზონში “ფეიენოორდთან” შინ ჩატარებული მატჩი, რომელიც 2:2 დასრულდა. მაშინ საუცხოო განწყობაზე ვიყავი და უდიდესი გამოცდილება მივიღე.
- რამდენად წაადგება “ფრაიბურგს” ჩემპიონთა ლიგაში თამაში?
- “ფრაიბურგის” ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა ქალაქისთვის და მთელი რეგიონისთვის ისტორიული მოვლენაა. ხალხი ამით უბრალოდ უნდა დატკბეს.
- უკვე 35 წლის ხართ, “ჰერტაში” თამაშს კიდევ რამდენი ხანი აპირებთ?
- კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს და მისი ბოლომდე ამოწურვა მსურს. ვგრძნობ, რომ გუნდს ვჭირდები და მისი დახმარება შემიძლია. ნებისმიერ შემთხვევაში, მოუთმენლად ველოდები, კიდევ როდის ჩავატარებ მატჩს ფრაიბურგში.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
27
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0