x
image
worldsport.ge
ბექზიც წავიდა

imageხუთშაბათს 38 წლის დევიდ ბექჰემმა საფეხბურთო კარიერის დამთავრების შესახებ განაცხადა და ნაღვლიანი თვალებით დაემშვიდობა ათეულ მილიონობით ქომაგს (ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე 26 მილიონი მოწონება აქვს – ს.გ.). Sky Sports-თან ინტერვიუში მან თქვა: “პსჟ-ს მადლობელი ვარ, თამაშის გაგრძელების საშუალება რომ მომცა, მაგრამ ვგრძნობ, დროა ფეხბურთს თავი დავანებო. ბავშვობაში ვინმეს რომ ეთქვა, შენს საყვარელ “მანჩესტერ იუნაიტედში” ითამაშებ და მასთან ერთად უამრავ ჯილდოს მოიგებ, ინგლისის ნაკრების კაპიტანი იქნები და მასში 100 მატჩზე მეტს (115 შეხვედრა – ს.გ.) ითამაშებო, არასოდეს დავუჯერებდი. მსოფლიოს წამყვან კლუბებში გამოვდიოდი და ალბათ ძალიან გამიმართლა, რომ ოცნებები რეალობად მექცა. ვფიქრობ, მართებული გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა მგონია, მეტის გაკეთება შემეძლო. ფეხბურთს ვერაფერი შემიცვლის, მაგრამ ცხოვრებაში ახალი თავგადასავლების დრო დგება. ძალიან მაინტერესებს, რა იქნება ახლო მომავალში”.
ასე რომ, თითქმის 21-წლიანი კარიერის შემდეგ ბექზი დიდ ფეხბურთს ემშვიდობება. გასულ ზამთარს ის ამერიკიდან ევროპაში დაბრუნდა და “პარი სენ-ჟერმენთან” მოაწერა კონტრაქტს ხელი. გასულ კვირას კი პარიზელებთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. ეს მეოთხე ქვეყანა იყო, სადაც ბექზმა იპირველა. მანმადე ის ინგლისში “მანჩესტერთან” (1996, 97, 99, 00, 01, 03), ესპანეთში მადრიდის “რეალთან” (2007) და აშშ-ში კი “ლოს ანჯელეს გელექსისთან” ერთად (2011, 12) გაჩემპიონდა. სხვა არცერთ ინგლისელ ფეხბურთელს ასეთი მიღწევა არ ჰქონია. მას ასევე ცოტა ხანს უთამაშია “პრესტონ ნორთ ენდსა” და იტალიურ “მილანში” (სხვათა შორის, კახა კალაძესთან ერთად – ს.გ.). გარდა ამისა, ბექჰემი გახდა პირველი ბრიტანელი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში 100 მატჩი ჩაატარა. ჟურნალ Fორბეს-ის თანახმად, 2011 წელს ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იყო მსოფლიოში (40 მილიონი დოლარი წელიწადში).
ჯარიმების, კუთხურებისა და ზუსტი პასის უბადლო ოსტატი, ტექნიკური და საზრიანი მოთამაშე. მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი განაპირა ნახევარმცველი. თუმცა მარტო ფეხბურთით არ ყოფილა პოპულარული. მომღერალ ვიქტორია ადამსთან დაქორწინების შემდეგ, ის შოუბიზნესშიც გაერია და ამ საქმეშიც ფეხბურთელებში პირველთაგანი იყო. დღეს მას კარგად იცნობენ მოდის სამყაროში. მისი სახელი ნამდვილი ბრენდი გახდა. ამერიკაში ყოფნისას თავად დავრწმუნდი ამაში. მოგეხსენებათ, იქ ფეხბურთი მაინცდამაინც არ უყვართ, შესაბამისად, არც ფეხბურთის ვარსკვლავებს იცნობენ, პელე და მარადონა რომ უხსენოთ, შეიძლება ვერ გითხრან, ვინ არიან, ბექჰემი კი ყველამ იცის, დიდმაც და პატარამაც.
პირველად “ცოცხლად” 1996 წლის ნოემბერში ვნახე. მაშინ ინგლისის ნაკრები თბილისში ჩამოვიდა მსოფლიოს შესარჩევი მატჩის სათამაშოდ. მათ ჭაბუკ მე-7 ნომერს არავინ იცნობდა, თუმცა რაღაცით გამოირჩეოდა ყველასგან და მერე გავიგეთ, რომ ბექჰემი ყოფილა. იმ ციკლში ამათ საპასუხო მატჩსაც დავესწარი ლეგენდარულ “უემბლიზე” და იქ უკვე კარგად დამამახსოვრდა. თუ არ ვცედები, ჩვენი გიორგი ჩიხრაძე ცდილობდა მის პერსონალურად აყვანას და ძალიან წვალობდა. ეტყობოდა, რომ უმაღლესი კლასის მოწინააღმდეგესთან ჰქონდა საქმე.
ბოლო ოფიციალურ საფეხბურთო მატჩს ბექჰემი 26 მაისს ლორიანის “სტად დე მუსტუარზე” ჩაატარებს. მერე კი ელჩობას მიჰყოფს ხელს. ასეთი ვალდებულება მას რამდენიმე კომპანიასა თუ ორგანიზაციასთან აქვს. კერძოდ: შკყ შპორტს-თან, Aდიდას-თან და გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF). ასევე მონაწილეობს ჩინური ფეხბურთის პოპულარიზაციის საქმეშიც.
მასზე კიდევ ბევრო დაიწერება, მანამდე კი რამდენიმე ცნობილი ადამიანის კომენტარს გავეცნოთ.
რაიან გიგზი (“მანჩესტერის” ნახევარმცველი): “რაღაც ბევრი ხალხი მიდის წლეულს ფეხბურთიდან. ჩემთვის ნაცნობი ეპოქა წარსულს ბარდება. დევიდ ბექჰემი შესანიშნავი ადამიანი და ნამდვილი პროფესიონალია და ეს თვისებები ეხმარება მას ჩვეულებრივზე დიდხანს უმაღლეს დონეზე ითამაშოს. გული მწყდება, რომ მიდის, თუმცა, რამდენადაც ვიცი, რაღაც სტატუსით ის ფეხბურთში მაინც რჩება”.
გარი ნევილი (“მანჩესტერის” ყოფილი კაპიტანი): “ვფიქრობ, მიხვდა, რომ წასვლის დრო იყო. ისეთი განცდა მაქვს, ბოლომდე წელავდა. ახლა ის გზის ბოლოში გავიდა და კარიერას მაჟორულ ნოტაზე ამთავრებს. მისი წასვლით კიდევ ერთი დიდი ეპოქა სრულდება. ეფექტი, რომელიც მან თავის დროზე მოახდინა, კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ”.
სვენ-გორან ერიკსონი (ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი): “ბექჰემი ფანტასტიკური ფეხბურთელი და ადამიანია. შეიძლება ყველაზე დიდი ფიგურაც კი დღევანდელ სპორტში. მთელი მსოფლიო იცნობს მას. არა მგონია, დღეს დევიდზე პოპულარული რომელმე სხვა ფეხბურთელი იყოს. მისი ყველა თამაში მახსოვს. მოგზაურობებიც, აეროპორტებიც და სასტუმროებიც. ის ყოველთვის გვერდში მედგა. დევიდი დიდებული პიროვნებაა”.
ჯოუი ბარტონი (“მარსელის” ნახევარმცველი): “ახლა დავბრუნდი გოლფის მოედნიდან და ბექჰემის ამბავი გავიგე. წლეულს ერთმანეთის წინააღმდეგ საფრანგეთის ჩემპიონატშიც ვითამაშეთ. მინდა გითხრათ, რომ მას სათანადოდ არასოდეს აფასებდნენ. ყველა რაღაც ბრენდზე ლაპარაკობს, მაგრამ უპირველესად ის შესანიშნავი ფეხბურთელია და მერე სხვა დანარჩენი. ბექზი მთელ მსოფლიოში ბრიტანული სპორტის კეთილი ელჩია. წარმატებებს ვუსურვებ მომავალში”.
ნოელ გალახერი (ჯგუფ “ოაზისის” მუსიკოსი, “მანჩესტერ სიტის” ცნობილი ფანი): “ბექჰემის კარიერა დიდებული იყო, მაგრამ ახლა ერთ რამეს გეტყვით, რომელიც ვინმესთვის, შესაძლოა, შოკისმომგვრელი იყოს, ოღონდ არა ბექჰემისთვის, რადგან მისთვის უკვე ნათქვამი მაქვს. მოკლედ, როცა ის “იუნაიტედში” თამაშობდა, ვერ ვიტანდი, ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით – ვერ ვიტანდი. მოგვიანებით, როცა მან ფერგიუსონის გუნდი დატოვა, ახლოს გავიცანი და ახლა შემიძლია გითხრათ, დევიდი მართლაც კარგი ბიჭია”.
ბექზის დიდი ხნის მეგობარმა, პოლ სქოულზმა, რომელმაც ამ დღეებში ასევე განაცხადა ფეხბურთიდან წასვლის შესახებ, თავის “ტვიტერში” ირონიით აღნიშნა: “დევიდი მაგარი კაცია, მაგრამ არა საუკეთესო იმათგან, ვინც ამ კვირაში ბრიტანეთში პენსიაზე გავიდა”.


სოლომონ გულისაშვილი

www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0