x
image
worldsport.ge
ირაკლი ფირცხალავა - ფეხბურთის მეგობარი

imageცნობილი მომღერალი ირაკლი ფირცხალავა რომ ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია, ეს უცხო არავისთვისაა. მეტიც, ფეხბურთი მისი მეორე პროფესიაა. ირაკლი არაერთი ქართველი მოთამაშის მეგობარია.
რუსეთში დაბადებული, მაგრამ ბავშვობიდანვე საქართველოზე და ქართულ ფეხბურთზე შეყვარებული ფირცხალავა გორში ვნახეთ - "დილა"-"დინამოს" მატჩის შემდეგ. ის მეგობარ დავით მუჯირთან ერთად გახლდათ. "მსოფლიო სპორტი" ირაკლის გაესაუბრა. სამწუხაროდ, დიდი დრო არ გვქონდა, რადგან მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია იწყებოდა:
- რამდენად მოგეწონათ თამაში?
- ამბობენ, მეორე ტაიმი უკეთესი იყოო. მე კი სწორედ შესვენებისას მოვედი და პირველ ტაიმს ვერ ვუყურე. არ დავმალავ, გაწბილებული ვარ თბილისის "დინამოს" თამაშით.
- რატომ?
- "დინამო" ასეთ ფეხბურთს არ უნდა თამაშობდეს. რა იყო ეს? ჩადგნენ დაცვაში და ქულაზე ითამაშეს. არ მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ ფრე ხელს აძლევდათ. ესპანელი მწვრთნელის ხელში უფრო კარგი "დინამო" იყო, სანახაობრივად თამაშობდნენ. ინტერნეტში ვუყურებდი ხოლმე მატჩებს.
და კიდევ, მსაჯობა არ ვარგოდა. ბოლოს რა ჯარიმა დადო, მოგონილი იყო. იმ ჯარიმას გოლი მოჰყვა. დღევანდელმა მსაჯობამ რუსეთის ჩემპიონატი გამახსენა. იქ არბიტრები ძალიან ხშირად აფუჭებენ თამაშებს.
- საქართველოს ჩემპიონატის თამაშზე ადრეც ყოფილხართ?
- არა, პირველად ვარ. ჩემპიონატის არა, მაგრამ ნაკრების მატჩებს დავსწრებივარ. თბილისში ფუტსალის საყურებლად ჩამოვედი და აი, გორშიც გამოვიარე.
- რუსეთში მოთამაშე არაერთ ქართველ ფეხბურთელთან მეგობრობთ. ცნობილია, რომ "ლოკომოტივში" მალხაზ ასათიანისა და დავით მუჯირის თამაშებს თითქმის არ აცდენდით.
- აი, დღეს კიდევ ერთი მეგობრის, დათო კვირკველიას თამაში ვნახე. ზოგიერთ ქართველ ფეხბურთელთან განსაკუთრებით კარგი მეგობრობა მაკავშირებს. მოკლედ, მეტ-ნაკლებად თითქმის ყველას ვიცნობ. გიორგი ქინქლაძესთან ახლოს ვარ. როგორც იცით, "ქინქი" მოსკოვში ცხოვრობს.
- ახლა თუ არის რუსეთში ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც განსაკუთრებით ქომაგობთ?
- ჯანო ანანიძის დიდი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ სამწუხაროდ, არ ათამაშებენ. არა მხოლოდ რუსეთში მოთამაშეებს, სხვებსაც ვიცნობ - ლევან ყენიას, სანდრო კობახიძეს... სხვათა შორის, კობახიძე პირველად მაშინ ვნახე, როცა დუბლი შეასრულა კიევის "არსენალში". საყურებლად მივედი და ერთი გოლი, მერე მეორე. ყველა მეუბნებოდა, ეს რა ფეხბედნიერი ყოფილხარო. ჰო, იმ მატჩში ირაკლი მესხიამაც (იმ დროს "ობოლონში" თამაშობდა) გაიტანა. კარგი ნაცნობობა მაკავშირებს უკრაინელ და რუს ფეხბურთელებთანაც: ანდრეი შევჩენკოსთან, სერგეი რებროვთან, ოლეგ გუსევთან, დმიტრი ლოსკოვთან...
- ფეხბურთს თავადაც თამაშობთ. ხომ ასეა?
- დიახ. სულ ასე ვარ. ივნისში მოსკოვში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს შორის. ჩამოვლენ ბრაზილია, იტალია, საფრანგეთი, ინგლისი, იტალია, ესპანეთი და ასე შემდეგ. ვემზადები.
- თქვენც ითამაშებთ?
- რა თქმა უნდა. რუსეთის ნაკრების ცენტრფორვარდი ვარ. სისტემატურად ვვარჯიშობ, ვთამაშობ. ფორმას ვინარჩუნებ.

საინტერესო ფაქტები:
ირაკლი ფირცხალავა 1977 წლის 13 სექტემბერს დაიბადა მოსკოვში.
... 5 წლის ასაკში მუსიკალურ სკოლაში შეიყვანეს, თუმცა ყოყმანობდა - ფეხბურთი აერჩია თუ მუსიკა. 13 წლისა შევიდა მოსკოვის "ლოკომოტივის" სკოლაში და 2 წელი ითამაშა, თუმცა მიხვდა, რომ უკვე გვიანი იყო და მეტწილად მეორე გუნდში მოუწევდა ყოფნა. ამიტომაც, მუსიკას დაუბრუნდა.
... ირაკლი სამხრეთული ფეხბურთის მოყვარულია. უყვარს "ბარსელონა" და მისი თამაშის სტილს ფეხბურთის ეტალონად მიიჩნევს.
... უცხოელი ფეხბურთელებიდან მისი კერპი დიეგო მარადონა გახლდათ.
... საყვარელი კლუბი თბილისის "დინამოა", რომელსაც ბავშვობიდან ქომაგობდა.
... 2006 წელს ირაკლიმ ყაზანში გამართული საქველმოქმედო მატჩისას მუხლის ტრავმა მიიღო - უკნიდან ფეხებში ჩაუვარდნენ. ირაკლი საკაცით გაიყვანეს მინდვრიდან.
... და კიდევ, ირაკლის სიტყვები, რომელიც ინტერვიუს დაწყებამდე გვითხრა: "ყოველდღე, როცა კომპიუტერთან ვჯდები, პირველად worldsport.ge-ს გვერდს ვხსნი".


ილია ნანობაშვილი

worldsport.ge

0
9
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0