x
image
worldsport.ge
"დორტმუნდი" და 'რეალი" - ვინ, ვის, როდის...

imageსპეციალისტთა უმრავლესობის აზრით, ჩემპიონთა ლიგაზე შემორჩენილი ოთხეულიდან გამარჯვების ყველაზე ნაკლები შანსი "დორტმუნდს" აქვს, თუმცა გავიხსენოთ - იგივეს არ ამბობდნენ შარშან ლონდონის "ჩელსიზე"? და როგორ "ახდა" პროგნოზი, ყველამ იცის.
"დორტმუნდი"-"რეალი": ისინი უკვე შეხვდნენ ერთმანეთს ჯგუფურ ეტაპზე და იურგენ კლოპის გუნდმა 4 ქულა აიღო. ის კი არა, მადრიდშიც ახლოს იყო მოგებასთან.
ამ გუნდების დაპირისპირება ევროტურნირებზე 6 მატჩს ითვლის და ურთიერთშეხვედრებში "სამეფო კლუბს" უპირატესობა აქვს.
პირველად მათი გზები 1997/1998 წლების სეზონში გადაიკვეთა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. რურის კლუბი ლიგის მოქმედი ტრიუმფატორი გახლდათ, თუმცა წინა წელთან შედარებით, ოდნავ დასუსტებული იყო. ოტმარ ჰიტცფელდის ნაცვლად, იტალიელი ნევიო სკალა წვრთნიდა გუნდს, ხოლო მადრიდელებს "ბაიერნის" ამჟამინდელი დამრიგებელი იუპ ჰაინკესი თავკაცობდათ.
პირველი მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართა და მასპინძლებმა 2:0 მოიგეს. ფერნანდო მორიენტესმა ჯერ თავად გაიტანა, შემდეგ კი საგოლე პასი გაუკეთა ფრანგ კრისტიან კარემბუს. დორტმუნდში კი, 0:0 დაფიქსირდა.
"რეალმა" ფინალშიც იმარჯვა, ფავორიტ "იუვენტუსს" პრედრაგ მიატოვიჩის გოლით 1:0 სძლია და 32-წლიანი შესვენების შემდეგ მოიგო ევროპის უპირველესი საკლუბო ტიტული.
მეორედ ეს გუნდები 2002/2003 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის II ჯგუფურ ეტაპზე გადაეკვეთნენ ერთმანეთს. მათ გარდა, ჯგუფში იყვნენ "მილანი" და მოსკოვის "ლოკომოტივი". საბოლოოდ, "მილანი" და "რეალი" გავიდნენ მეოთხედფინალში. "სამეფო კლუბი" ნახევარფინალში "იუვენტუსთან" გავარდა, ხოლო "როსონერიმ" ლიგა მოიგო.
ურთიერთშეხვედრებზე: მადრიდში "რეალი" აგებდა - ჩეხმა გიგანტმა იან კოლერმა საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმით შეაგდო, რასაც მოჰყვა რაულის სოლო-გოლი (კორპუსით დაფარა ბურთი და წაქცეულმა მოახერხა დარტყმა) და ბოლოს რონალდოს ახლოდან გატანილი ზიდანის პასის შემდეგ. საბოლოოდ, 2:1.
დორტმუნდში 1:1 დასრულდა: სებასტიან კელის ბრწყინვალე პასი და იან კოლერი ახლოდან ძლიერი დარტყმით ხსნის ანგარიშს, ხოლო როცა მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი ეგონათ, ახალგაზრდა ხავიერ პორტილიომ საშუალო დისტანციიდან გაისროლა და ანგარიში გაათანაბრა - პორტილიომ ზიდანის პასით გაიტანა.
ეს გოლი რომ არა, დიდი ალბათობით, ვისენტე დელ ბოსკეს "რეალი" ჯგუფში ჩარჩებოდა - მართალია, წინ კიდევ 2 ტური იყო სათამაშო, მაგრამ მათიას ზამერის გუნდი უკეთეს სიტუაციაში იქნებოდა.
და მიმდინარე სეზონიც... "სიკვდილის ჯგუფად" წოდებულ ოთხეულში (მათ გარდა, "მანჩესტერ სიტი" და "აიაქსი" იყვნენ) კლოპის გუნდმა წაუგებლად განვლო 6 ტური და საერთოდაც, ახლაც ერთადერთია, რომელსაც ლიგის სეზონში მარცხი არ განუცდია.
"სიგნალ იდუნა პარკზე" ორი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს გავიდა: ჯერ რობერტ ლევანდოვსკი გავიდა მეკარესთან პირისპირ და ანგარიში გახსნა, შემდეგ კი მესუთ იოზილის ბრწყინვალე პასმა კრიშტიანუ რონალდუ დატოვა კარგ მდგომარეობაში და პორტუგალიელმა მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი.
გადამწყვეტი გოლი დორტმუნდელთა მარცხენა მცველმა მარსელ შმელცერმა მიითვალა - მარიო გიოტცეს აქტიურობის შემდეგ, ცაციით შორეულ კუთხეში დაურტყა იკერ კასილიასს.
ბევრს ეგონა, რომ "რეალი" შინ რევანშს აიღებდა, მაგრამ ტაბლოზე ბოლოს 2:2 დაიწერა. რურელთაგან მარკო როისმა მძლავრი დარტყმით, ხოლო გიოტცემ ახლოდან (არბელოას დახმარებით) გაიტანეს, ხოლო "რეალიდან' პორტუგალიელმა პეპემ თავურით და ბოლოს იოზილმა იხეირეს.
აქეთ ჩემპიონთა ლიგის თასს მოწყურებული "რეალი" ბრწყინვალე რონალდუთი, იქით კი ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე შემტევი და ახალგაზრდული გუნდი - ისე, მადრიდელთა ბრაზილიელმა მარცხენა მცველმა მარსელომ მოსწრებულად თქვა დორტმუნდელთა პოლონელ ფორვარდ ლევანდოვსკიზე:
"ლევანდოვსკის შეჩერება ისეთივე რთულია, როგორც მისი გვარის წარმოთქმა".
მოურინიო "ფიურტი"-"დორტმუნდის" შეხვედრას დაესწრო, რომელიც რურელებმა 6:1 მოიგეს, კლოპმა კი მის ვიზიტს ამაო უწოდა - რა უნდა ენახა, მეტოქეს ცალი ფეხით მოვუგეთო.
"რეალი" ფავორიტია, თუმცა არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვიფიქროთ, თითქოს "დორტმუნდი" უშანსოდაა.

1.04.1998. რეალი-დორტმუნდი 2:0
გოლები: 1:0 მორიენტესი (25), 2:0 კარემბუ (66).
15.04.1998. დორტმუნდი-რეალი 0:0
19.02.2003. რეალი-დორტმუნდი 2:1
გოლები: 0:1 კოლერი (30), 1:1 რაული (43), 2:1 რონალდო (56)
25.02.2003. დორტმუნდი-რეალი 1:1
გოლები: 1:0 კოლერი (23), 1:1 პორტილიო (90)
24.10.2012. დორტმუნდი-რეალი 2:1
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (36), 1:1 რონალდუ (38), 2:1 შმელცერი (64)
6.11.2012. რეალი-დორტმუნდი 2;2
გოლები: 0:1 როისი (28), 1:1 პეპე (34), 1:2 გიოტცე (45), 2:2 იოზილი (89)
ბოლო ამხანაგური მატჩი ამ გუნდებს შორის 2009 წელს, ზაფხულში გაიმართა დორტმუნდში და მასპინძლებმა 0:5 წააგეს. მაშინ ჯერ კიდევ სუსტი "დორტმუნდი" იყო, მადრიდელებს კი ჩილელი მანუელ პელეგრინი წვრთნიდათ. გოლები გრანერომ, რობენმა, იგუაინმა, კაკამ და რაულმა გაიტანეს.


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
16
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0