საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა აზერბაიჯანელ და ყაზახ კოლეგებთან ერთიანი ჩემპიონატის ჩატარების თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს. ამის შესახებ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დომენტი სიჭინავამ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” “პირველ არხზე” დავით მინაშვილის გადაცემა “არენაში” განაცხადა.
მის თქმით, თუ სამივე ქვეყნის ფედერაცია შეთანხმდა, მაშინ, მომავალ პრემიერლიგაში 18 გუნდი ითამაშებს – თითოეული ქვეყნიდან ექვს-ექვსი. თუ ორი ქვეყანა შეთანხმდა, ასეთ შემთხვევაში ჩემპიონატი 16-გუნდიანი იქნება – 8-8 გუნდი ყოველი ქვეყნიდან. სიჭინავამ აღნიშნა, რომ პრემიერლიგიდან თითო გუნდი გავარდება და ყოველი ქვეყნის ქვედა ლიგიდან ერთი კლუბი დაწინაურდება. მომავალი პრემიერლიგის საპრიზო ფონდი დაახლოებით 50 მილიონი ევრო იქნება. ხსენებული თანხიდან, თითო კლუბი 2-2 მილიონ ევროს მიიღებს ხარჯებისთვის, ხოლო დანარჩენი ფული ჩემპიონატის ჩატარების საორგანიზაციო საკითხებს მოხმარდება. სიჭინავას განცხადებით, ქართული მხარე ამ ეტაპზე აქტიურ მოლაპარაკებას უფრო აზერბაიჯანელებთან აწარმოებს და ხსენებული ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის მესვეურები აპრილის ბოლოს საკითხის განსახილველად საქართველოში ჩამოვლენ. სიჭინავამ ხაზი გაუსვა, რომ სამი ქვეყანა ევროტურნირებზე თავის ქვოტას შეინარუნებს ე.ი. ევროსარბიელზე 4-4 გუნდი ითამაშებს.
სფფ-ს პრეზიდენტის განცხადებით, პროექტი ერთი წლის განმავლობაში უნდა მომზადდეს და ამ პერიოდში ჩატარდება ამხანაგური თამაშები, რის შემდეგ, შეაფასებენ თუ რამდენად დიდი იქნება, მაყურებლების, ტელევიზიების და სპონსორების ინტერესი გაერთიანებული ჩემპიონატის მიმართ და ღირს თუ არა მისი ჩატარება. მან ისიც დაამატა, რომ ქართული კლუბები მესვეურებმა ეს იდეა მოიწონეს.
ბოლო პერიოდში, გაერთიანებული ჩემპიონატის ჩატარების იდეა აქტიურად რუსებმა წამოსწიეს, რომლებსაც უკრაინელებთან ერთად უნდა ლიგის შემქნა. ეს თემა “გაზპრომის” ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა გაახმოვანა, რომელმაც მომავალი გათამაშების საპრიზო ფონდად მილიარდი დოლარი დაასახელა. გაერთიანებული ჩემპიონატის ორგანიზება კი, ვლადიკავკაზის “ალანიას” პრეზიდენტს ვალერი გაზაევს ჩააბარეს.
ამ პროექტს თავად რუსეთში ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, რომ არაფერი ვთქვათ უკრაინაზე. ისეთმა ოდიოზურმა ფიგურამ როგორიც ვიაჩესლავ კოლოსკოვია, რომელიც წლების განმავლობაში საბჭოთა და რუსულ ფეხბურთს ედგა სათავეში, ასევე, ფიფას ვიცე-პრეზიდენტი იყო, მილერის წინადადება უარყოფითად შეაფასა. მას დაეთანხმა რუსეთის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელი ვიტალი მუტკო. ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა პირდაპირ განაცხადა, რომ მსგავსი ჩემპიონატის ჩატარებას არ დაუშვებს. მაინცადამაინც, იდეით არც უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი მოიხიბლა, რომელმაც დიპლომატიურად თქვა, რომ ასეთი თემების განხილვა შეიძლება, მაგრამ იდეისთვის მხარი ნამდვილად არ დაუჭერია. წამყვანი უკრაინული კლუბებიდა რუსეთ-უკრაიანის ერთიანი ჩემპიონატის ჩატარებისადმი მეტ-ნაკლებად ლოიალური დონეცკის “შახტარი” აღმოჩნდა, კიევის “დინამო”, დნეპროპეტროვსკის “დნიპრო” და ხარკოვის “მეტალისტი” კი, წინააღმდეგ წავიდნენ. მეტიც, როდესაც მოსკოვში ხსენებული პროექტი პირველად განიხილეს, უკრაინიდან მხოლოდ სიმფეროპოლის “ტავრიას” წარმომადგენლები ჩავიდნენ. რუსეთში მილერს ისიც მოთხოვეს, რომ დაასაბუთოს მილიარდი დოლარი საიდან მოაქვს და რამდენად გამჭვირვალე იქნება ეს ფული. გაზაევს კი ურჩიეს, “ალანიასთვის” მიეხედა, რომელიც რუსეთის პრემიერლიგიდან გავარდნის ერთ-ერთი რეალური კანდიდატია.
ამ ფონზე, რამდენად გამართლებულია საქართველო-აზერბაიჯან- ყაზახეთის ერთიანი ჩემპიონატის ჩატარება ქართულმა საფეხბურთო სამყარომ და გულშემატკივრებმა შეაფასონ. უეფაში 53 ქვეყანა და ყველა ცდილობს თავისი ჩემპიონატი გააძლიეროს და ალბათ, საქართველომაც ამაზე რომ იზრუნოს, უკეთესია. ვთქვათ, სამი ქვეყანა შეთანხმდა და გათამაშების ფონდი 50 მილიონი ევროა. მაშინ, თითო ქვეყნის ფედერაციამ დაახლოებით 165000 ევრო უნდა მოიძიოს, ორი ქვეყნის შემთხვევაში 25-25 მილიონი ევრო. თუ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ყოველი სეზონის წინ, ამდენი თანხის შოვნის საშუალება აქვს, მაშინ, ეროვნული ჩემპიონატის საპრიზო ფონდი გახდეს რამდენიმე მილიონი ევრო, რაც ქართულ კლუბებს უდავოდ წელში გამართავს და საბიუჯეტო გუნდების პრობლემაც მოიხსნება. თითოეული გუნდი კი, თანხას ჩემპიონატში დაკავებული ადგილების მიხედვით მიიღებს.
გარდა ამისა, არავინ იცის კომერციულად რამდენად მომგებიანი იქნება ეს ჩემპიონატი. იგივე, ევროტურნირების მიხედვით თუ შევაფასებთ, ქართულ-აზერბაიჯანული ან ქართულ-ყაზახური დაპირისპირებები ქომაგების დიდი ინტერესს ნამდვილად არ იწვევს და არც ტელევიზიების დაინტერესება იგრძნობა. ის კი არა, ქართული გუნდების სტუმრად ჩატარებული მატჩების ხილვის საშუალება გულშემატკივრებს მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით აქვს. შესაძლოა, “დინამო” –“ნეფთჩის” თამაშს გულშემატკივარი კიდევ დაესწროს, მაგრამ “ტორპედო” –“გაბალას” ან “ზესტაფონი” -“ყარაბახის” მატჩებს\მა, არ მგონია ბევრი მაყურებელი მიიზიდოს ტრიბუნებზე. იგივე თუნდაც რამხელა თანხა ჯდება ალმათიში ან აკტობეში გადაფრენა, დაბინავება და ა.შ. აზერბაიჯანის ზოგიერთ ქალაქში ჩასვლა ავტობუსითაც შეიძლება, მაგრამ ბაქოში და ლენქორანში ჩასასვლელად თვითმფრინავია საჭირო.
ვთქვათ, რატომ უნდა დათანხმდეს იგივე აზერბაიჯანული “ხაზარ-ლენქორანი”, რომელსაც მილიარდელი პატრონობს და იმხელა ბიუჯეტი აქვს, რაც ყველა ქართულ გუნდს ერთად აღებული, გაერთიანებულ ჩემპიონატში თამაშს. იგივე შეიძლება ითქვას “ნეფთჩიზე” ან “ინტერზე”.
და ბოლოს, უეფა არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს, რომ ერთი ჩემპიონატიდან, რომელსაც 2 ან 3 ქვეყანა ატარებს, ევროტურნირებზე თორმეტმა ან რვა გუნდმა ითამაშოს.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge