x
image
worldsport.ge
თორნიკე ოქრიაშვილი: “ქეცბაია საკმაოდ გაწონასწორებული სპეციალისტია”

imageსაქართველოს ეროვნული გუნდისა და მარიუპოლის “ილიჩივეცის” ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა გამოცემა “სპორტ-ექსპრესს ვ უკრაინესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ბარძაყის ტრავმა მოირჩინა და თემურ ქეცბაია გაწონასწორებულ სპეციალისტად დაახასიათა.


- თავს როგორ გრძნობთ?
- ყველაფერი წესრიგშია. მესამე დღეა გუნდთან ერთად ვვარჯიშობ. არაფერი მაწუხებს და უჟგოროდში გასამართი მატჩისთვის ვემზადები.
- ახალგაზრდული ნაკრების შეკრება ბარძაყის ტრავმის მიზეზით გამოტოვეთ?
- დიახ. ეროვნული გუნდის თამაში დისკვალიფიკაციის მიზეზით გამოვტოვე, ხოლო ახალგაზრდულ ნაკრებს მიკროტრავმის გამო ვერ დავეხმარე.
- ნაკრებების თამაშებს თვალი ადევნეთ?
- რა თქმა უნდა. ეროვნულმა გუნდმა საფრანგეთთან 1:3 წააგო. ახალგაზრდულმა ნაკრებმა ალბანეთსა და მალაიზიას მოუგო, ხოლო აზერბაიჯანთან ფრე ითამაშა.
- თავს უფრო კომფორტულად სად გრძნობთ – ეროვნულ გუნდში თუ ახალგაზრდულში?
- თუ გავითვალისწინებთ იმ მომენტს, რომ ახალგაზრდულ გუნდში 17 წლიდან ვთამაშობ – პასუხი ცხადია. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ეროვნულ ნაკრებში უკვე დავმკვიდრდი და გასაგებია, რომ იქ უფრო საინტერესოა.
- 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებს რა შანსი აქვს?
- ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჯგუფი შეგხვდა. ესპანეთი და საფრანგეთი რა დონის გუნდებია, ამას ბევრი ახსნა არ სჭირდება. მთავარი ამოცანა ჯგუფში მესამე ადგილის დაკავებაა.
- თემურ ქეცბაიას წონასწორობიდან გამოყვანა რთულია?
- ის საკმაოდ გაწონასწორებული სპეციალისტია. მწვრთნელის მთავარი მოთხოვნაა, არა საკუთარი თავისთვის ვითამაშოთ, არამედ - გუნდისთვის. მისთვის ლიდერები და საყვარელი ფეხბურთელები არ არსებობენ. მთავარი გუნდის შედეგია.
- ყენია, კანკავა, კობახიძე, თარგამაძე... საქართველოს ეროვნული გუნდის ეს წარმომადგენლები უკრაინაში თავისი კლუბების დონეს შეესაბამებიან?
- ვფიქრობ, ეს ფეხბურთელები უფრო მაღალი დონის კლუბებში თამაშს იმსახურებენ. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მსურს.
- უკრაინაში სათამაშოდ გადასვლის საწყის პერიოდში შეგუება რასთან გაგიჭირდათ?
- ახალ გარემოსთან შეგუება არ გამჭირვებია. გასაგებია, რომ თავდაპირველად დედ-მამა და მეგობრები მაკლდა... თუმცა, გუნდში პირველი დღიდან ძალიან კარგად მიმიღეს. მითუმეტეს, რუსული ენა ვიცოდი და ახალ კოლექტივში ეს მნიშვნელოვანი უპირატესობაა. თავს უცხოდ არ ვგრძნობდი.
- უკრაინელები ქართველებისგან რით განსხვავდებიან?
- ჩვენ მართლმადიდებელი ქრიასტიანები ვართ და ამიტომ, კარდინალური სხვაობა არ არის. თუმცა, მენტალიტეტი განსხვავდება. ამას თავადაც ხედავთ.
- უკრაინელისთვის საქართველოში ცხოვრება უფრო რთული იქნება, ვიდრე ქართველისთვის უკრაინაში?
- ასი პროცენტით. პირველყოვლისა, ენობრივი ბარიერის გამო. ბევრ უკრაინელს წარმოდგენა არ აქვს ქართულ ტრადიციებზე და მენტალიტეტის თავისებურებებზე. თქვენ ქვეყანაში ამ მხრივ საქმე უფრო მარტივადაა.
- ბოლო ტურში, კიევის “არსენალთან” ჩატარებულ მატჩში პენალტის დარტყმა განდეს. უკრაინაში თამაშის პერიოდში 11-მეტრიანი პირველად შეასრულეთ?
- მარიუპოლურ კლუბში პენალტი პირველად დავარტყი. ჩვენთან “შტატიანი” პენალტისტი იაროშენკოა, მაგრამ ის თადარიგში იყო. ამ მხრივ ნიკოლაი პავლოვი პრინციპული არაა. ვინც უფრო თავდაჯერებულია, რომ “სტანდარტულს” შეასრულებს, ბურთთან ის მიდის. ერთმანეთთან უშუალოდ მოედანზე ვთანხმდებით. “შახტარის” დუბლშემადგენლობაში პენალტს რეგულარულად ვასრულებდი.
- ბოგდან ბუტკო კაპიტნად გუნდის კრებაზე აირჩიეთ?
- არა. ის მთავარმა მწვრთნელმა დანიშნა. ვფიქრობ, ბოგდანმა ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, გუნდის ლიდერის სახელი დაიმსახურა. ის ხომ მათ რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც ჩვენი გუნდიდან უკრაინის ნაკრებში იწვევენ. ახლა რუსტამ ხუჯამოვიც დაემატა, მაგრამ მაინც...
- თქვენ ლიდერის თვისებები გაქვთ?
- მე, ალბათ, ძალიან ემოციური ვარ.
- საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ნაკლებად ემოციურია?
- ასე ვერ ვიტყოდი. თუმცა, ქართული საზომით კაბა უკვე საკმაოდ გამოცდილი და ჭკუადამჯდარია.
- “დნიპროს” ნახევარმცველს გუნდის გასახდელში მკაცრად მოქცევაც შეუძლია თუ ამას სიტუაცია მოითხოვს?
- რა თქმა უნდა. ამის მოწმე არაერთხელ ვყოფილვარ. მას გუნდში ავტორიტეტი აქვს.
- კაპიტანი კოლეგიალურად აირჩიეთ?
- არა. შესაძლოა, ასეთ რამ მხოლოდ ბავშვთა გუნდებში ხდებოდა. როგორ შეუძლიათ ბიჭებს კაპიტანი აირჩიონ? ის მწვრთნელის ნდობით აღჭურვილი პირი უნდა იყოს. ამიტომ, მწვრთნელი წყვეტს მისთვის მისაღები ვინ არის.
- თამაშის დროს, მოედანზე მსაჯებს ხშირად რატომ ელაპარაკებით?
- არ ვიცი. მთელი პრობლემა ჩემს ემოციებშია. ცხადია, მატჩის შემდეგ ხშირად ვნანობ, მაგრამ უკვე გვიან არის ხოლმე. მესმის, რომ სასტვენის შემდეგ, მსაჯი თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის, მაგრამ მაინც ვეკამათები და რაღაცის დამტკიცებას ვცდილობ.
- რა უნდა მოხდეს, რომ “შახტარში” დაბრუნდეთ? იქნებ, ყველა ბრაზილიელი რიო დე ჟანეიროში კარნავალზე უნდა გაუშვათ?
- შესაძლოა, მაგრამ პირველყოვლისა თამაშს უნდა მოვუმატო. რა თქმა უნდა, დონეცკურ კლუბში თავის გამოჩენა მსურს.

- “ჰოვერლასთან” მატჩის თაობაზე რას ფიქრობთ?
- ვალდებული ვართ მოვიგოთ.
- გოლის გატანის შემთხვევაში რისთვის ხართ მზად?
- ლეკურის ცეკვას გპირდებით.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
15
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0