ხვალ საღამოს გვეცოდინება, გავა თუ არა საქართველოს 17 წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის რვაგუნდიან ფინალურ ეტაპზე. ზედაპირულად, ელიტ-რაუნდის II ჯგუფის ოთხივე გუნდს ერთნაირი შანსი აქვს, მაგრამ ჩახლართული სიტუაციაა - თავის თავზე არცერთი ნაკრები არაა დამოკიდებული.
30 მარტი
18:00. ვენა, "ჰირშტეტენი". ირლანდია-სერბეთი
18:00. ვენა, "ფაკ არენა". ავსტრია-საქართველო
მოიგებს საქართველო? თუ პარალელურად სერბეთიც მოიგებს, ქართველები მაინც ვერ გავლენ და გავა სერბეთი.
მოიგებს სერბეთი? თუ პარალელურად ავსტრია მოიგებს, სერბები მაინც ვერ გავლენ და გავა ავსტრია.
მოიგებს ირლანდია? თუ პარალელურად საქართველო მოიგებს, ირლანდიელები მაინც ვერ გავლენ და გავა საქართველო.
მოიგებს ავსტრია? თუ პარალელურად ირლანდია მოიგებს, ავსტრიელები მაინც ვერ გავლენ და გავა ირლანდია.
მოკლედ, აქ გაუგებარი არაფერია - თანაბარი ქულების შემთხვევაში, ურთიერთშეხვედრას ენიჭება პრიორიტეტი. უკვე წლებია, უეფას ეგიდით ჩატარებულ ტურნირებში ასეა.
და თუ ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდება? მაშინ ან საქართველო გავა, ან სერბეთი, რადგან მათ ბურთების უკეთესი სხვაობა დარჩებათ. საქართველო ამ მხრივ უკეთეს სიტუაციაშია, რადგან ერთი ბურთით მეტი აქვს გატანილი და ერთით მეტი - გაშვებული.
ანუ, თუ ორივეგან ერთნაირი ფრე იქნება, საქართველო გავა. და თუ საქართველო 0:0-ს ითამაშებს, სერბეთს 1:1, 2:2 (და ასე შემდეგ) ეყოფა. რატომ? თუ საქართველოსა და სერბეთს ქულებიც და ბურთების ბალანსიც ერთნაირი ექნებათ, ბალკანელები გადიან - ისევ და ისევ ურთიერთსეხვედრაში მოგების გამო.
ყველა ვარიანტში, ირლანდიას უნდა ვუქომაგოთ სერბებთან.
ავსტრია-საქართველოს უკრაინელები იმსაჯებენ. მთავარი მსაჯი იაროსლავ კოზიკი იქნება. ჯგუფის ფავოროტად თავიდან სერბები ითვლებოდნენ და ავსტრიამ მათ მარცხი აგემა გასულ ტურში - მასპინძლებმა ტობიას პელეგრინის 70-ე წუთზე გატანილი გოლით იმარჯვეს.
ჰერმან შტადლერის ავსტრიის ნაკრებიდან სწორედ პელეგრინი და კიდევ ერთი ფორვარდი, ადრიან გრბიჩი გამოირჩევიან. ნახევარდაცვის ლიდერად კი საშა ხორვატი ითვლება.
ავსტრიასა და საქართველოს დისკვალიფიცირებული არავინ ჰყავთ, აი, სერბეთი და ირლანდია კი ოდნავ შესუსტებული შემადგენლობებით იქნებიან: ირლანდიას არ ეყოლება ქართველებთან გაძევებული ორი ფეხბურთელი - მეკარე ბერკი და ფორვარდი მიტჩელი. სერბებს დააკლდებათ მცველი რადონიჩი.
გიორგი დევდარიანის გუნდის შემტევ ლუკა ზარანდიას ("ლოკომოტივი", თბილისი) 17-წლამდელთა შესარჩევში 4 გოლი აქვს გატანილი. ამდენივე ბევრს აქვს, 5-გოლიანებიც საკმაოდ არიან, ხოლო გერმანელ ტიმო ვერნერზე ცალკე უნდა ითქვას - 13 გოლი 5 მატჩში!
მართალია, ირლანდიის დახმარების იმედი გვაქვს, მაგრამ ბუნებრივია, დევდარიანის გუნდმა ამაზე არ უნდა იფიქროს - ავსტრია დასამარცხებელია.
შეგახსენებთ I და II ტურის შედეგებს:
I ტური
ირლანდია-ავსტრია 1:0
საქართველო-სერბეთი 0:2
II ტური
საქართველო-ირლანდია 3:0
ავსტრია-სერბეთი 1:0
1. საქართველო 2 1 0 1 3:2 3
2. სერბეთი 2 1 0 1 2:1 3
3. ავსტრია 2 1 0 1 1:1 3
4. ირლანდია 2 1 0 1 1:3 3
ფინალურ ეტაპზე გასული 5 გუნდი ცნობილია: იტალია, ხორვატია, შვეიცარია, რუსეთი და მასპინძელი სლოვაკეთი. 3 ჯგუფში ჯერ არ დასრულებულა ყველა მატჩი. ფინალური ეტაპი 5-17 მაისს გაიმართება.
და ერთი საგულისხმო რამ: წლეულს შემოდგომაზე არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მსოფლიოს 17-წლამდელთა ჩემპიონატი გაიმართება. იქ 24 გუნდი ითამაშებს და ევროპიდან 6 გუნდი იქნება. ეს 6 გუნდი სწორედ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპიდან მოხვდება. ანუ, 8 გუნდიდან 6 ითამაშებს მსოფლიოზე. მხოლოდ ჯგუფის ბოლოადგილოსნები ვერ წავლენ არაბეთში.
ილია ნანობაშვილი
ლაშა კუპრაშვილის ფოტო
www.worldsport.ge