x
image
worldsport.ge
“უდანაშაულო” მწვრთნელები და “დამნაშავე” ჟურნალისტები

image საფრანგეთის ნაკრებთან “სტად დე ფრანსიზე” ჩვენი ნაკრების წაგება პრაქტიკულად არავის გაგვკვირვებია. ანდა როგორ უნდა გაგიკვირდეს საფრანგეთში მარცხი, როდესაც ჩვენს ნაკრებს ისეთ გუნდებთან და ისეთი ანგარიშებით წაუგია, ამის გახსენებაც კი ბოღმით გულზე გაასიებს ადამიანს. მარცხი მარცხად, მაგრამ საფრანგეთის ნაკრებთან თამაშის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენი გუნდის მწვრთნელი არამხოლოდ უცნაური კაცია, არამედ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი საქციელი ყოველგვარ საზღვარს სცილდება.
დავიწყოთ იმით, რომ პირადად ჩემი აზრით, ფრანგებთან მარცხში მხოლოდ ქეცბაიას ხელაღებით დადანაშაულებას არავინ აპირებს და არც ქართველ ჟურნალისტებს უთქვამთ, პარიზში წაგება ჩვენი ქვეყნის ვაიუბედურების დასაწყისიაო. მაგრამ ეს თემურ ქეცბაია ადგა და პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის შენიშვნის გამო იმხელა ამბავი ატეხა, თითქოს ჟურნალისტების გაწვრთნილ გუნდს წაეგოს თამაში ორბურთიანის სხვაობით და დიდ გულზე კიდევ ჩვენ ვიყოთ...
სხვათა შორის, თემურ ქეცბაიასაგან ასეთი საქციელი უკვე ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა და ჟურნალისტების მისამართით მისი მხრიდან ხელის გაშვერებმაც სისტემატიური ხასიათი მიიღო. “თქვენნაირი ჟურნალისტების ბრალია ასეთ დღეში რომ ვართ” – ო, როგორი ნაცნობი სიტყვებია! ვის არ უთქვამს ასეთი სიტყვები: გაკოტრებულ პოლიტიკოსებს, დაჭერისათვის გახაზირებულ პოლიციელებს, ბოღმიან ტიპებს და ვის არა...… ქეცბაიასგან კი ასეთი საქციელი მინიმუმ დიდი უსამართლობაა.
ბატონო თემურ, მსგავსი სიტყვებისათვის განვითარებულ ქვეყნებში მწვრთნელებს მთელი საზოგადოება შესჯორავს. ჩვენთან კი კარგად იცით, რომ ამ სიტყვებისათვის პასუხს არავინ მოგთხოვთ და თქვენც საკუთარ ნებაზე და ჭკუაზე ხართ მიშვებული. ასე არ შეიძლება! ასე ისეთი ადამიანები იქცევიან, რომლებსაც ჟურნალისტებთან არაფერი აქვს სათქმელი. ჩვენ კი ძალიან არ გვინდა, რომ თქვენ ასეთ კაცად ჩაგვთვალონ. ბოლოს და ბოლოს, თქვენ ხომ თემურ ქეცბაია ხართ. კაცი, რომელმაც წლების მანძილზე ჩვენს გაუბედურებულ და დაჩაჩანაკებნულ ნაკრებს უერთგულა.
ქართულ მედიას რომ პრობლემები აქვს, ეს თემურ ქეცბაიას გარეშეც მშვენივარად ვიცით და ამ პრობლემებს რომ ერთ და ორ წელიწადში არ ეშველება, ესეც არაა ახალი ამბავი. მაგრამ, ბოდიში და არასწორია, როდესაც რამდენიმე წუთის წინ დამარცხებული (თუნდაც საფრანგეთის დარ ძლიერ გუნდთან წაგებული) მწვრთნელი ქართული ფეხბურთის უბედურებას ჟურნალისტებს აბრალებს და საკუთარ თუნდაც მცირე შეცდომებს ვერ ხედავს. ეს ნიშნავს იმას, რომ იმაზე უფრო ცუდად გვქონია საქმე, ვიდრე გვეგონა.
არ ვართ ბატონო არც ქეცბაიას და მით უმეტეს არც ჩვენი ნაკრების მტრები. ანდა რაღა მტრობა და მოსისხლეობა უნდა ისედაც ვაგლახად დაცემულ ჩვენს ნაკრებს. არ გვიხარია მისი ცუდი და ქეცბაიას თუ ჰგონია, რომ საქართველოს ნაკრების მარცხი მასზე ნაკლებ გვწყინს – ძალიან შემცდარა. ჟურნალისტების საქმე წერა და მოვლენების გაშუქებაა. ჟურნალისტმა ძალიანაც რომ მოინდომოს, მაინც ვერ ჩაერევა მწვრთნელის კომპეტენციაში და მას ერთადერთი რისი საშუალება და კანონის მიერ მინიჭებული უფლებაც აქვს – ეს კრიტიკაა. ბატონ ქეცბაიას უნდა, რომ კრიტიკის გარეშე იცხოვროს და იმუშაოს. აბა სხვა სახელს ვერ დავარქმევთ მის საქციელსა და სიტყვებს. არავის საწყენად არ ვამბობ, მაგრამ კრიტიკას მხოლოდ ისეთი ადამიანები გაურბიან, რომლებსაც საკუთარი შესაძლებლობების არ სჯერათ და ცდილობენ თავისი გასაჭირი გარემოებებსა და ზოგად პრობლებებს გადააბრალონ. იმედია, თემურ ქეცბაია ასეთი ადამიანი არაა.

ლევან სეფისკვერაძე

www.worldsport.ge

1
39
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
39
  
2013, 29 მარტი, 18:14
მოკლედ რაააა. დამპალი ყურძნისაგან როდის იყო კარგი მეღვინე ღვინოს აყენებდა
0 1 1