საზოგადოება "დედამთილმა და შინაბერმა მულმა ოჯახი დამინგრიეს" 2013, 28 იანვარი, 23:42 რამდენიმე წელია, რაც მეუღლეს დავშორდი. ჩვენს დაშორებაში დიდი როლი მისმა ოჯახმა ითამაშა. დედამთილმა და მულმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ერთმანეთს დავშორებოდით. ქმარს რამდენჯერმე ვთხოვე, ცალკე გვეცხოვრა, მაგრამ თხოვნა ყურად არ იღო. მერე თანდათან დედამისის მოყოლილ ამბებს აჰყვა და ჩემი შეურაცხყოფა დაიწყო. ახლა მრცხვენია, როცა მახსენდება, როგორ ვითმენდი მისგან ყოველგვარ დამცირებას. ზოგჯერ ჩვენი ჩხუბი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადადიოდა. მოთმინების ფიალა მაშინ ამევსო, როცა ჩემთან ერთი ქალი მოიყვანა და მითხრა, თანამშრომელიაო. თან მიბრძანა, გავმასპინძლდებოდი. ჩემი დედამთილი და მულიც იმ ქალს თავს დასტრიალებდნენ. როცა გავაცილეთ, ქმარმა ამაყად გამომიცხადა, ჩემი საყვარელია, შენ ათასჯერ გჯობიაო. ხმა არ ამომიღია, იმ საღამოსვე მოვკიდე ხელი ჩემს ორ შვილს და სახლიდან წავედი. მომაძახა, გარბიხარ, თორემ უკან არ გამოგყვეო. შინაბერმა მულმა და დედამთილმა კი სიცილი დამაყარეს. ძმა მომეხმარა და დამოუკიდებლად ცხოვრება დავიწყე. ერთოთახიანი ბინა ვიყიდე და სამსახურიც ისეთი მაქვს, რომ ბავშვების რჩენა არ მიჭირს. ყოფილი ქმრის მიმართ კი საშინელ სიძულვილს ვგრძნობდი. ცოტა ხნის წინ ყოფილ ქმარს ქუჩაში მოვკარი თვალი. დაბერებული და გატეხილი მომეჩვენა. ზურგზე რაღაც ტომარა ჰქონდა მოგდებული და ისე მიდიოდა, სახეც შეწუხებული ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ გული არასდროს მომიბრუნდება და არც შევურიგდები, რაღაცნაირი სიბრალული ვიგრძენი. სახლში რომ მივედი, ტირილი დავიწყე. ჩემს გაუბედურებულ ცხოვრებას დავტიროდი. ისიც შემებრალა, ბოლოს და ბოლოს ერთად შვიდი წელი ვიყავით და ერთ დროს მასზე ყურებამდე შეყვარებულიც გახლდით. რატომ დაგვინგრიეს ცხოვრება? ნუთუ მის დასა და დედას სიამოვნებთ, ასეთი გაუბედურებული რომ დადის? 104 5-ს მოსწონს 3-ს არა |