საზოგადოება "სიძედ ცალხელა არავის სჭირდება" 2013, 27 იანვარი, 10:44 ჩემი უბედურება სამი წლის წინ დაიწყო, როცა ავარიაში მოვყევი. ცოცხალი გადავრჩი, მაგრამ მარჯვენა ხელი ისე მქონდა დაზიანებული, რომ ამპუტაცია გახდა საჭირო.
სანამ ეს უბედურება შემემთხვეოდა, ერთი გოგონა მომწონდა. იგი ჩემს მეზობელ კორპუსში ცხოვრობდა. ისე მოხდა, რომ იმ ტრაგედიის შემდეგ ძალიან დავუახლოვდი და მალე ერთმანეთს სიყვარულში გამოვუტყდით.
თავიდან არ ვიჯერებდი, რომ ვუყვარდი, მეგონა სიბრალულის გამო სიმართლეს ვერ მეუბნებოდა. მან მშობლებსა და უფროს ძმას გამოუცხადა, მიყვარს და ცოლად უნდა გავყვეო. მისი ახლობლები გაგიჟდნენ. მამამისი სახლში მომეჭრა, მემუქრებოდა, ჩემს გოგოს თავი დაანებე, თორემ მოგკლავო. ასეთი წინააღმდეგობის მიუხედავად, ერთმანეთს მაინც ვხვდებოდით. დედამისმა ჩვენთან დარეკა, დედაჩემი იკითხა. პარალელური ტელეფონით ვისმენდი, როგორ მლანძღავდა, ყვიროდა, შენმა შვილა თავისი შესაფერისი გოგო მოძებნოს, ცოლის მოყვანას რომ აპირებს, თუ ფიქრობს, ცალი ხელით ოჯახი როგორ არჩინოს, უფულობის გამო ჯანმრთელი ბიჭები რჩებიან უცოლოდ და შენს ბიჭს რისი იმედი აქვსო. დიდხანს ილაპარაკეს, მე ყური აღარ დამიგდია, ყურმილი დავდე. დედაჩემი ხმამაღლა ატირდა. სახლიდან გამოვედი, შუაღამემდე უაზროდ დავბრიალობდი.
ჩემს მდგომარეობას სათანადოდ ვაფასებ. ჩემი შეყვარებულის მშობლებისაც კარგად მესმის. ალბათ მათ ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი - შვილს ცალხელას არ გავატანდი. ჩვენს ქვეყანაში ხომ ლუკმაპურის შოვნა ჭირს. ინვალიდისთვის კი არა, ჯანმრთელი ადამიანისთვისაც ძნელია სამსახურის შოვნა. 27 წლის ვარ და მშობლები მარჩენენ. მათ გარეშე რა გავაკეთო, არ ვიცი. არადა მართლა მათ იმედად ხომ არ მოვიყვან ცოლს?!
ჩემმა შეყვარებულმა დამირეკა და მითხრა, მეტის ატანა აღარ შემიძლია, გავიპაროთო. რა თქმა უნდა, ყველა კაცი იამაყებდა და ბედნიერი იქნებოდა საყვარელი ქალის ასეთი გადაწყვეტილებით, მაგრამ მე შევთავაზე, ცოტა მოვითმინოთ, შენი მშობლები მიხვდებიან, რომ უერთმანეთოდ ცხოვრება აღარ შეგვიძლია და დაგვთანხმდებიან მეთქი. ვიცი, ასე არასოდეს მოხდება. ისინი ჩვენს დაქორწინებას ვერასოდეს შეეგუებიან. ცალხელა სიძედ არავის სჭირდება. შეიძლება ლაჩრულად ვიქცევი, თამამ ნაბიჭს რომ არ ვდგამ და ბედნიერებისთვის არ ვიბრძვი, მაგრამ არც ის მიმაჩნია ვაჟკაცობად, ყველას წინააღმდეგ წავიდე და სხვები გავაუბედურო. იქნებ რაიმე შეიცვალოს, მუშაობა და ოჯახის რჩენა ჩემნაირებმაც შეძლონ. თუ ერთად ყოფნა გვიწერია, ჩვენი სიყვარული ყველა წინააღმდეგობას გაუძლებს. 158 5-ს მოსწონს 3-ს არა
|