საზოგადოება "სოფელში არ უნდა გავთხოვილიყავი" 2013, 23 იანვარი, 19:30 "ოთხი წლის წინ იმერეთის ერთ-ერთ სოფელში გავთხოვდი. თბილისელი ვარ. თბილისის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებლად ვმუშაობდი. კარგი კოლექტივი გვქონდა და უამრავი მეგობარი მყავდა. დღე არ გავიდოდა, სადმე არ შევკრებილიყავით. ერთ დღეს ჩემს თანამშრომელთან ვიყავი სტუმრად. იქ მისი მეუღლის ბიძაშვილიც იყო, რომელიც თბილისში სამუშაოს საძებნელად იყო ჩამოსული. მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, სამაგიეროდ მან აღარ მომასვენა. სკოლაშიც კი მაკითხავდა, ჩემი მოსწავლეების მრცხვენოდა. თავიდან ფლირტი მსიამოვნებდა, დღესაც არ ვიცი, გატაცება სიყვარულად როგორ გადამექცა. ჩვენი ურთიერთობა ქორწინებით დასრულდა.
ამ ამბავს სახლში დიდი სიხარულით არ შეხვდნენ, მაგრამ ჩემს წინააღმდეგ, მაინც არ წასულან. ასაკით პატარა არ ვიყავი, ამიტომ გადაწყვეტილება თავად მივიღე.
ალბათ ყველა წყვილი თავიდან თავს კარგად გრძნობს, მერე კი ცოლ-ქმრის ცხოვრებაში სულ სხვა ეტაპი იწყება. ჩვენს შემთხვევაშიც თავიდან ყველაფერი კარგად იყო. სანამ ცოლად გავყვებოდი, მეუბნებოდა, რომ ბინა ნაგირავები ჰქონდა და მალე იყიდდა კიდეც. ცოლად რომ გავყევი, მერე გავიგე, რომ ნაქირავებში ცხოვრობდა და ბინის ყიდვა კი არა, ქირასაც გაჭირვებით იხდიდა. ჩემთვის მძიმე იყო ასეთი ტყუილი, მაგრამ დავუჯერე, როცა მითხრა, ეს იმისთვის დამჭირდა, რომ არ დამეკარგეო. ქორწინებიდან ძალიან მალე სამსახურში პრობლემები შეექმნა, სხვა სამსახურის მოძებნა ვეღარ შეძლო. თავის რჩენა ხომ გვინდოდა, ჩემი ხელფასი ტრანსპორტშიც კი არ გვყოფნიდა. ამიტომ, როცა სოფელში წასვლა შემომთავაზა, დავთანხმდი. სამსახურს თავი დავანებე და თბილისიდან წავედი.
თავიდან მეგონა, პრობლემებს მალე მოაგვარებდა და თბილისში დავბრუნდებოდით, მაგრამ შევცდი. ჩვენი ოჯახის ნგრევა სოფელში წასვლის დღიდან დაიწყო. ვცდილობდი, ყველაფერი გადამეტანა და ოჯახი მქონოდა, მაგრამ ვგრძნობდი, ჩვენს ბედნიერებას ყოველდღე რაღაც აკლდებოდა. ამპარტავანი არ ვარ, მაგრამ სოფელში ცხოვრებას ვერ მივეჩვიე. არც არავის უცდია, ჩემთვის გაეგო და უცხო გარემოსთან შეგუებაში დამხმარებოდა. პირიქით, ყველა რატომღაც ჩემს წინააღმდეგ იყო განწყობილი. დედამთილმა იმდენი უჩიჩინა ჩემს ქმარს, ეჭვიანობა დააწყებინა. იმის უფლებასაც არ მაძლევდნენ, მეზობელთან გადავსულიყავი. ჩვენი ურთიერთობა ძალიან დაიძაბა.
მშობლებმა სამშობიაროდ თბილისში ძალით წამომიყვანეს. ქმრის ნათესავები მეუბნებოდნენ, სხვაზე უკეთესი რითი ხარ, აქ იმშობიარეო. ჩემი მშობლები ასე რომ არ მოქცეულიყვნენ, ცოცხალი არც მე ვიქნებოდი და არც ჩემი ბიჭი. უმძიმესი მშობიარობა მქონდა. მათთვის რომ დაგვეჯერებინა, იქ აუცილებლად მოვკვდებოდით. კარგად არც ვიყავი გამოჯანმრთელებული, რომ ისევ სოფელში წამიყვანეს. ნაავადმყოფარი ბავშვს ღამეებს ვუთენებდი. ჩემი შვილისთვის ერთი ღამეც არ გაუთევიათ, სულ მეჯიბრებოდნენ. დედამთილ-მამამთილის ცინიზმს კიდევ გავუძლებდი, მაგრამ ჩემი ქმრის საქციელმა საერთოდ მოთმინება დამაკარგვინა. დაცინვით თბილისელ ხოხობს მეძახდა, სახელითაც აღარ მომმართავდა. ჩემი სიყვარულიც გაქრა და პატივისცემაც. დაცინვა და შეურაცხყოფა რატომ უნდა ამეტანა? მათგან წამოვედი. ჩემმა მშობლებმაც გამიგეს. სამსახური ისევ დავიწყე. ბავშვის გაზრდაში დედ-მამა და დის ქმარი მეხმარებიან. მე და ჩემს შვილს არაფერს გვაკლებენ. ვიცი, შვილის ბედნიერებისთვის მარტო მომიწევს ბრძოლა, მაგრამ არ მეშინია, მისთვის ყველაფერს გავაკეთებ. შეიძლება ბევრს არ ესიამოვნოს, რასაც ახლა ვიტყვი - შეცდომა იყო, ქმარს სოფელში რომ გავყევი, მაგრამ ახლა უკვე გვიანაა. სამწუხაროდ, ვეღარაფერს შევცვლი. 4614 18-ს მოსწონს 6-ს არა |