საზოგადოება ქართველმა გოგონამ შვილი საკუთარი მამისგან გააჩინა 2013, 21 იანვარი, 18:43 ბავშვობაში, არდადეგებისას, ბებიასთან და ბაბუასთან სოფელში დავდიოდი. მათი გარდაცვალების შემდეგ, იქაურობა არ მივატოვეთ, ხშირად დავდივართ. ამიტომაც იქაური ამბები ვიცით და ყველას ვიცნობთ. ამბავი, რომელიც უნდა მოგიყვეთ, 20-22 წლის წინ მოხდა. ჩვენს მეზობლად ერთი პატიოსანი, მშრომელი ქალი, თინა კ-ძე ცხოვრობს. იგი გათხოვილი იყო, მაგრამ შვილი არ ეყოლა. ცოლ-ქმარი უშვილობას ძალიან განიცდიდნენ. თინას მშობლები გარდაეცვალნენ. მეუღლეც ადრე დაკარგა. მარტო დარჩა და გადაწყვიტა, ბავშვი აეყვანა. მას დახმარება რაიონული ცენტრის სამშობიარო სახლში გაუწიეს და ახალდაბადებული გოგონა მიაშვილეს. თინამ ბავშვის დედა ნახა, 18-19 წლის იყო. როგორც მაშინ სამშობიაროში უთხრეს, გოგონა ვიღაცას შეუცდენია და ბავშვი სახლში ვერ მიჰყავდა. ახალშობილის დედა ძალიან ლამაზი, თეთრი, ცისფერთვალება გოგო იყო. თინამ ბავშვი აიყვანა და გასაზრდელად სახლში წაიყვანა. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. გვანცას (ასე დაარქვა) ცივ ნიავს არ აკარებდა.
ერთი წელი გავიდა და იმავე სამშობიაროში ისევ ის გოგონა მიიყვანეს, ვისი შვილიც თინამ აიყვანა. იგი 5 თვის ფეხმძიმე იყო. მოგეხსენებათ, რაიონში ამბავი სწრაფად ვრცელდება. როგორც გაირკვა, ის გოგო მამისგან იყო ფეხმძიმედ. პირველი ბავშვიც მისგან ჰყოლია.
სიმართლე არ დაიმალა და ამ ამბავმა ჩვენს სოფლამდეც მოაღწია. თინას ჭკვიანმა ხალხმა ურჩია, გვანცა უდედმამო ბავშვთა სახლში ჩაებარებინა. არწმუნებდნენ, შენთვის და ბავშვისთვისაც ასე აჯობებსო. თინამ, როგორც იტყვიან, ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. ყველა შეიძულა, ვინც ეს ურჩია.
იგი მართლაც ცოდვის შვილია - ვერ მეტყველებს. მის ლუღლუღს მხოლოდ დედამისი იგებს. არც სიმაღლეში გაიზარდა, პირიდან დორბლი სდის, ბავშვობიდანვე ღრძილები დასისხლიანებული აქვს. მისი ყურება საცოდაობაა. თინა ახლა 70 წელსაა გადაცილებული. ახლა გვანცას მოხუცი დედა უვლის, მაგრამ მერე რა ეშველება, როგორ უნდა იცოცხლოს?
გვანცას მამა (თუ ბაბუა) ამ ამბის გახმაურების შემდეგ დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს. 2191 6-ს მოსწონს 2-ს არა
|