საზოგადოება ჩემი ძმის ცოლი ჩემს მოხიბვლას ცდილობს 2013, 20 იანვარი, 14:25 "ერთი წელია, რაც ჭიათურიდან თბილისში ჩამოვედი. პროფესიის ხელოსანი ვარ. თითქმის ყველანაირი საქმის გაკეთება შემიძლია. მამაჩემიც ხელოსანი იყო და თავის დროზე კარგი შემოსავალი ჰქონდა. ამ საქმით ახლა ჭიათურაში თავს ვერ გაიტან. ჭიათურაში სამუშაო რომ ვერ ვიშოვე, ჩემმა ძმამ მითხრა, თბილისში წამოდი და იქ რამეს მონახავო. ორი წლის წინ ისიც ჭიათურიდან თბილისში ოჯახთან ერთად წამოვიდა. თბილისში ერთ-ერთ ბაზრობაზე ვაჭრობს.
დავუჯერე და თბილისში ჩამოვედი. ძმა ძალიან შევიწროებულად ცხოვრობს, ამიტომ იქ ვერ დავრჩებოდი. მან თავის ბინასთან ახლოს მომიძებნა ერთი ოთახი და ვიქირავე. მისი მეუღლე, ორი შვილის დედა, ხშირად მოდიოდა ჩემთან. სახლს მილაგებდა, სადილს მიმზადებდა. ეს ჩვეულებრივ მოვლენად მიმაჩნდა. მისი ძალიან მადლობელი ვიყავი. ახლობლებთან ძალიან ვაქებდი.
ერთ დღეს ძმასთან ერთად დავლიე. ძალიან დავთვერით. მე სახლში წავედი და დავიძინე. ნასვამი რაღაცამ გამომაღვიძა. თვალი რომ გავახილე, ძმის ცოლი ხელებს სახეზე მისვამდა და მეფერებოდა. თავიდან გონებაზე ვერ მოვედი. მერე ლოგინიდან წამოვხტი და დაბნეული სახლიდან გავვარდი. დიდხანს ვიხეტიალე გარეთ. მხოლოდ გამთენიისას დავბრუნდი. ის სახლში არ დამხვდა. მერე მთელი დღე ვფიქრობდი, მთვრალს ხომ არ მომეჩვენა მეთქი. იმ დღეებში ისევ ჭიათურაში წავედი. შეძრწუნებული ვიყავი. ყველაფერს ვაანალიზებდი, როგორ მექცეოდა და თანდათან ვრწმუნდებოდი, რომ იგი ჩემს მოხიბვლას ცდილობდა.
იმ ამბიდან ორი თვე გავიდა. ცოლ-ქმარი ჭიათურაში ჩამოვიდნენ. ჩვენ მეზობლად ვცხოვრობთ. მათ დამიძახეს და მათთან სტუმრად გადავედი. ჩემი რძლისთვის საეჭვო არაფერი შემიმჩნევია. ის ჩვეულებრივად შემხვდა, მომიკითხა, მისაყვედურა, რატომ აღარ გამოჩნდი და სად დაიკარგეო. ამ ყველაფერს ისე ბუნებრივად მეუბნებოდა, რომ ვიფიქრე, იმ ღამით მართლა რაღაც მომეჩვენა და ახალგაზრდა ქალს გონებაში ცილი დავწამე მეთქი. იმ დღეს ჩემზე ბედნიერი კაცი არავინ იყო. მის მიმართ განსაკუთრებული გრძნობა გამიჩნდა. თითქოს სინდისი მქენჯნიდა, მასზე ცუდი რომ ვიფიქრე. ისინი ერთ კვირაში თბილისში წამოვიდნენ და ერთ კვირაში მეც თბილისში დავბრუნდი.
ერთ საღამოს მათთან მივედი. ცოლ-ქმარი საშინლად ჩხუბობდნენ. რძალმა ტირილი დაიწყო, ჩემი ძმა კი სახლიდან გაიქცა. ძმის საძებნელად წავედი, შემეშინდა რამე არ დაემართოს მეთქი. საღამოს სახლში რომ დავბრუნდი, მისი ცოლი ჩემთან მოვიდა და ტირილი დაიწყო, შენი ძმა ცუდად მექცევა და მასთან ცხოვრება აღარ შემიძლიაო. დამშვიდება დავუწყე. ვუთხარი, ყველა პრობლემა მოგვარდება მეთქი. მან კი მითხრა, ჩემი პრობლემები არასოდეს დასრულდება, რადგან შენი ძმა არ მიყვარს, მხოლოდ შენ მიყვარხარო. გავოგნდი, ხმა ვეღარ ამოვიღე. მივხვდი, იმ ღამესაც არაფერი მომჩვენებია. იგი ჩემს შეცდენას ცდილობდა. ყვირილი დავუწყე. ვუთხარი, შენს ქმარს ან მე ამას როგორ გვიბედავ მეთქი. მან კი თავის გამართლება დაიწყო. მითხრა, მაშინაც მიყვარდი, ვიდრე შენს ძმას ცოლად გავყვებოდიო. ამას ვერასოდეს ვიფიქრებდი. იგი ჩემს სკოლაში სწავლობდა, ორი წლით უმცროსია. არასოდეს მიგვრძნია, რომ ვუყვარდი. ვუთხარი, თვალით აღარ დამენახო მეთქი. იმ დღეს თავის მშობლებთან წავიდა და შვილებიც თან წაიყვანა. ქმარი ეხვეწება, რომ დაბრუნდეს, მაგრამ ის უარზეა. ახლობლებიც ეხვეწებიან, ოჯახი არ დაანგრიოს, მაგრამ ვერაფრით ითანხმებენ. მე როგორ უნდა მოვიქცე არ ვიცი. არ მინდა იმ ქალს შეურიგდეს, მაგრამ ვხვდები, რომ მას შვილებისა და ცოლის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. გადავწყვიტე, საქართველოდან წავიდე, სულ ერთია, სად იქნება, ოღონდ კი ყველას მოვშორდე, სხვა გამოსავალი არ მაქვს. 779 8-ს მოსწონს 5-ს არა
|