საზოგადოება "ნუთუ უცხო ენის გამო სტუდენტობა არ მეღირსება" 2013, 19 იანვარი, 23:20 მე და დედა ქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში ვცხოვრობთ. მამა რამდენიმე წელია, თვალით არ მინახავს. პატარა ვიყავი, რომ მიგვატოვა. დედა ჩემთვის ყველაფერს აკეთებს. მის დიდ სიყვარულს და მზრუნველობას ყოველ წამს ვგრძნობ. იმაზე მეტს მიკეთებს, ვიდრე შეუძლია. ბოლო დროს ხშირად ავადმყოფობს. მკურნალობას გაჭირვებით ახერხებს. ძალიან ნერვიულობს, როცა ჩემს თანატოლებს უყურებს. მათ ყველაფერი აქვთ, ჩვენ კი სულ მცირე სურვილსაც ვერ ვისრულებთ.
კარგად ვსწავლობ. კლასში საუკეთესო მოსწავლედ ვითვლები. ტესტების ჩაბარების არ მეშინია. კარგად ვსწავლობ, მხოლოდ ინგლისური ენის ჩაბარება მაშინებს. ჩემი კლასელები ინგლისურს ბავშვობიდან სწავლობენ, მასწავლებლებთან ემზადებიან, ამიტომ ძალიან კარგად იციან. ზოგიერთი თავისუფლად ლაპარაკობს. მე კი მათთან შედარებით ძალიან ცოტა ვიცი.
დედა ძალიან ნერვიულობს. უნდა, რომ დამეხმაროს, მაგრამ არაფერი შეუძლია. გუშინ ჩვენთან მეზობელი შემოვიდა. მას უთხრა, ნეტა რამე მქონდეს გასაყიდი, რომ ბავშვი ინგლისურში მოვამზადოო. ჩვენ კი გასაყიდი მართლაც არაფერი გვაქვს. თუ რამე გვქონდა, დედას წამლებსა და მკურნალობაში დაიხარჯა. როცა მახსენდება, უცხო ენა უნდა ჩავაბარო, მეშინია. მასწავლებელმაც მითხრა, მეტი თუ არ იმეცადინე, ტესტის ჩაბარება გაგიჭირდებაო. სკოლის პროგრამა რაც არის, ყველაფერს ვსწავლობ, მაგრამ ჩემს კლასელებთან ჩემი ცოდნა ახლოსაც ვერ მივა.
ნუთუ ამის გამო სტუდენტობა არ მეღირსება? რატომ აკეთებს ყველა უცხო ენაზე აქცენტს? მაშინ ყველა მოსწავლეს შეგვიქმნან პირობები.
დედას გამო უფრო ვნერვიულობ. სულ იმაზე ფიქრობს, ეს პრობლემა როგორ მოაგვაროს. ჩვენს მწირ შემოსავალს ათასჯერ ანაწილებს, რაღაც ხარჯებს ამცირებს, ვითომ ეკონომიას აკეთებს, მაგრამ უცხო ენის შესასწავლი ფული მაინც არ გვრჩება. მისაღებ გამოცდებამდე კი სულ რამდენიმე თვე რჩება. თუ ვერ ჩავაბარე, დედას ალბათ რამე დაემართება. ამბობს, უმაღლესში თუ ვერ მოხვდი, მხოლოდ ჩემი ბრალი იქნებაო. არ მინდა, რომ მას დანაშაულის გრძნობა ჰქონდეს. მისი ბრალი არ არის, სწავლის ფული რომ არ გვრჩება. ჩემს მდგომარეობაში ალბათ სხვა მოსწავლეებიც იქნებიან. იქნებ ბედმა ჩემნაირებსაც გაუღიმოს. 64 4-ს მოსწონს 5-ს არა
|