საზოგადოება "მამას სახლში საყვარელი მოჰყავს" 2013, 15 იანვარი, 22:39 რაც დრო გადის, სახლიდან გაქცევაზე უფრო ხშირად ვფიქრობ. ჩემი მშობლები ცუდად იქცევიან. მამის დანახვაც არ მინდა. დედაც ძალიან მაღიზიანებს. იმის ნაცვლად, რომ მამას პასუხი მოსთხოვოს და მის წინაშე თავი არ დაიმციროს, ყველა სურვილს უსრულებს. მამას საყვარელი ჰყავს, ეს დედამაც მშვენივრად იცის და მაინც მასთან არის. ვერ წარმოიდგენთ რა დამამცირებელია, როცა სახლში საყვარელთან ერთად მოდის და დედას სთხოვს, მოგვემსახურეო. ისიც თავს იმცირებს, სუფრას უშლის და თან მამის ბრძანებაზე პიანინოსთან ჯდება და მღერის. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. მეტის მოთმენა აღარ შემიძლია. ერთხელ მამა იმ დროს მოვიდა სახლში, როცა დედა შინ აღარ იყო. მე მიბრძანა, სუფრა გააწყვეო. ვუთხარი, არ შემიძლია, ცუდად ვარ და ვერაფერს გაგიმზადებთ მეთქი. მან შეურაცხყოფა მომაყენა, სახეში გამარტყა. იმ ქალმა უთხრა, მე გავამზადებ, ბავშვს ნუ აწუხებო და სამზარეულოში ფუსფუსი დაიწყო. მათთვის რომ არ მეყურებინა, გარეთ გავედი. სახლში გვიან დავბრუნდი. უკვე დედაც სახლში იყო და, რა თქმა უნდა, პიანინოსთან იჯდა და მღეროდა. მისი უაზრო საქციელი ყელში ამომივიდა! ორივეს თვალებში შესციცინებს. რაც არ უნდა უთხრას ქმარმა, ყველაფერს იჯერებს. მხოლოდ მეზობელს ვეცოდები. ერთხელ მათთან გვიან საღამოს შევედი. კარგა ხანს გავჩერდი. მეზობელმა მითხრა, როცა გინდოდეს, გამოდი, როგორი გვიანიც არ უნდა იყოსო. რამდენჯერმე ვცადე, დედა გამომეფხიზლებინა, მაგრამ ვერაფერი მოვახერხე. ბიძაჩემი დაემუქრა, თუ იმ ქალს სახლში შემოუშვებ, მაშინ ჩვენთან აღარ მოხვიდეო. მაინც ვერ შეიგნო. ამას წინათ ბაზრობაზე წავიდა და იმ ქალისთვის ქოშები მოიტანა. თან მითხრა, ნახე, რა ლამაზი ქოშები ვუყიდეო. თვალებს არ ვუჯერებდი, მან კი მითხრა, ის ქალი ჩვენი ოჯახის მეგობარიაო. ზოგჯერ მგონია, რომ დედას ტვინი გამოაცალეს. მამა არავის ერიდება და ყველასთან ამბობს, ჩემი სიყვარულიაო. ასეთ ადამიანებთან ცხოვრება ძალიან მიჭირს. 847 17-ს მოსწონს 9-ს არა
|