საზოგადოება "ორ წელიწადში ოჯახის ოთხი წევრი დამეღუპა" 2013, 15 იანვარი, 13:36 ცრურწმენების არასოდეს მჯეროდა. მამა პედაგოგი მყავდა. რომ იტყვიან, გაქანებული კომუნისტი იყო. მთელი ცხოვრება გაიძახოდა ღმერთი არ არსებობსო. დედას ეშინოდა მისი სიტყვების და ყოველთვის ერიდებოდა მასთან უფლის ხსენებას, რადგან მამა გაიგონებდა თუ არა, მაშინვე ღვთის გმობას იწყებდა. ღმერთის ჩემებურად მწამდა, მაგრამ ეტყობა, მამის ასეთმა ლაპარაკმა გავლენა მოახდინა და ურწმუნო გავხდი. არ მჯეროდა, რომ ქრისტეს მკვდრების გაცოცხლება, წყლის ღვინოდ გადაქცევა, ბრმებისთვის თვალების ახელა შეეძლო. ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, რომ ახლა ყველაფრის მეშინია. ამ ქვეყანაზე ერთადერთ იმედად უმცროსი გოგონა დამრჩა და მას თვალებში შიშით ვუყურებ. სკოლის დამთავრებისთანავე გავთხოვდი. შესანიშნავი ოჯახი მქონდა. არაფერი მაკლდა. ბედნიერი ცოლი და დედა ვიყავი. სამი შვილი მყავდა, ტყუპი ვაჟები და ერთი გოგონა. ჩემი ბიჭები სკოლაში ყველასგან გამოირჩეოდნენ, ვაჟკაცები იყვნენ. ყველასთან ვტრაბახობდი, სახლში სამი ძლიერი მამაკაცი მყავს მეთქი. რომ გავთხოვდი, ჩემი დედამთილი მალე გარდაიცვალა. მამამთილი ჩვენთან ცხოვრობდა და მამასავით ვუვლიდი. მეცოდებოდა, მარტო რომ დარჩა. ჩემს ბიჭებსაც ძალიან უყვარდათ. სიმსივნე დაემართა და ვერაფერი ვუშველეთ. ორი თვე ლოგინად იყო ჩავარდნილი და გარდაიცვალა. როგორც მიცვალებულების გაპატიოსნების წესია, ყველაფერი ისე გავაკეთეთ. სასახლეში ტანსაცმელიც ჩავაყოლეთ. მღვდელმა კი გვითხრა, თუ რამე გაქვთ მისი ნაქონი, გლახაკებს დაურიგეთ, არაფრის ჩატანება არ არის საჭიროო. მღვდელს არავინ დაუჯერა და ტანსაცმელი მაინც ჩავაყოლეთ. ჩემი ქმარი მამამისს ხშირად ჩუქნიდა ტანსაცმელს. თვითონ რომ გამოიცვლიდა, მას აძლევდა. ჩემი შვილები რომ გაიზარდნენ, ისინიც ყველაფერს პაპას აძლევდნენ. სასახლეში მათი ტანსაცმელიც ჩავაყოლეთ. ჩემმა მულმა კი მითხრა, რაც ბავშვებისა და ჩემი ძმის არის არაფერი ჩააყოლოო, ამბობენ, რომ არ ვარგაო. დავცინე, ცრუმორწმუნე ხარ, მამაშენს შიშველს ხომ არ გავგზავნით მეთქი. წელიწადი არ იყო გასული, ქმარი რომ გარდამეცვალა. სახლში მოვიდა, კარგად იყო, აბაზანაში შევიდა და იქ ცუდად გახდა. ვერაფერი ვუშველეთ. რამდენიმე საათში გარდაიცვალა. დიდი ტრაგედია იყო. ქმრის დაკარგვა ჩემმა შვილებმა გადამატანინეს. ამით ჩემი უბედურება არ დამთავრებულა. მე კიდევ ორი შვილი დავკარგე. ბიძაშვილის ქორწილში მიდიოდნენ და ავარიაში მოყვნენ. ვაჟიკომ საავადმყოფოში ცოტა ხანს კი იცოცხლა, მაგრამ ვერ გადავარჩინეთ. ისიც დამეღუპა. მიკვირს, ცოცხალი როგორ ვარ. უცნაური ის არის, რომ ვაჟიკო ლევანზე გვიან გაჩნდა და ძმაზე გვიან წავიდა. თითქოს ორივემ ერთნაირი დრო დაჰყო ამქვეყნად. ვცოცხლობ იმიტომ, რომ უმცროსს შვილს პატრონობა სჭირდება. მას ჩემს მეტი არავინ ჰყავს. მიცვალებულებსაც ვჭირდები, მათ საფლავებს ჩემსავით ვერავინ უპატრონებს. 521 7-ს მოსწონს 2-ს არა
|