საზოგადოება ნათესავმა ქალმა ჩემს ბიჭს ოჯახი დაუნგრია 2013, 14 იანვარი, 18:35 იყო დრო, როცა მეგონა, რომ ქვეყანაზე ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. ორი ვაჟი და ერთი გოგონა მყავს. სამივეს კარგი მეუღლეები ჰყავთ, კარგ შვილიშვილებს მიზრდიან. უმცროსი ვაჟი 37 წლისაა. 4 წლის წინ ჩემს ბიძაშვილს ქალიშვილი გარდაეცვალა. გასვენებაში ახლო ნათესავს შევხვდით თავის ქალიშვილთან ერთად. დიდი ხნის უნახავი ნათესავის ნახვა ძალიან გაგვიხარდა და სახლში დავპატიჟეთ. აი, სწორედ ეს საბედისწერო შეცდომა გახდა ჩემო ოჯახის უბედურების მიზეზი.
იმ დღიდან ჩემს ოჯახში დიდი უსიამოვნება დაიწყო. მე უბედური რას ვიფიქრებდი, რომ ჩემი ახლობლის ქალიშვილი, გარეწარი გოგო, ასე გამამწარებდა. მეც და ჩემს საცოდავ რძალსაც სიცოცხლეს ჩაგვიშხამებდა. პირველ ხანებში აზრადაც არ მომდიოდა, რომ ახლობელი, სისხლით ნათესავი ასე გაგვიმეტებდა. სამწუხაროდ, მალე მივხვდი, ჩემი შვილის ჭკუიდან გადაყვანის მიზეზი ვინ იყო.
30 წლის წინ დედამისმა, ჩემმა დეიდაშვილმა, ის ქორწინების გარეშე გააჩინა, ნათესავებმა ზურგი აქციეს. მე სამშობიაროში მივედი. ტიროდა, რა მეშველებაო. დავამშვიდე, ნუ ტირი, ბავშვი გაიზრდება და, როცა მოხუცდები წყლის მიმწოდებელი გეყოლება მეთქი. თურმე სატირალი მას კი არა, მე საცოდავს მქონდა.
ვის არ მივმართე დახმარებისთვის, მაგრამ ნათესავები მეუბნებიან, ჩვენ როგორ დაგეხმაროთ, ამხელა კაცი გონზე არ არის და რას სჩადის, თვითონაც არ იცისო. იმ გოგოს გამო მეუღლეს საშინლად ექცევა, ამწარებს. საკუთარ თავს არ დავეძებ, მაგრამ მისი ანგელოზივით ცოლ-შვილი მეოცდება. სანამ იმ ქალს შეხვდებოდა, მანამდე ცოლ-შვილს თან ჰყვებოდა, მზრუნველი მამა და ქმარი იყო. ჩემი რძალი ბავშვობიდან უყვარდა. ისეთი დიდი სიყვარული ჰქონდათ, რომ ასეთ დასასრულს ვერასოდეს წარმოვიდგენდი. ცოლ-შვილს ნორმალურად არ ელაპარაკება. ცემს ხოლმე. უკვე ორი წელია ის ქალი და ჩემი შვილი საყვარლები არიან.
შვილს დიდი ხანია არ ველაპარაკები. მას იმდენი გავუკეთეთ, რომ ღირსი არ ვიყავი, ხელით შემხებოდა. იმ ქალმა ყველაფერი დაანგრია. მისმა დედამ, საკუთარმა დეიდაშვილმა, ისეთი შეურაცხყოფა მომაყენა, არასოდეს დამავიწყდება. ერთადერთი ის ვიცი, რომ ღმერთი ჩემი გატანჯვისთვის ყველას სასტიკად დასჯის. ვერ ხვდებიან რამხელა ცოდვას სჩადიან. სისხლით ნათესავები არიან და სულს იბილწავენ. 319 6-ს მოსწონს 2-ს არა
|