x
image
nukrichanturia
"ჩათში" გაცნობილი გოგო მიყვარდა, ცხოვრებაში კი...
image კომპიუტერი დღითი დღე იპყრობს მსოფლიოს. "ჩათით", "სკაიპით", და მეტად პოპულარული "ოდნოკლასნიკებით" ურთიერთობა მანძილს ამოკლებს და ორ ადამიანს (ალბათ მეტსაც) აახლოებს; მაგრამ რამდენად გამართლებულია ამ ურთიერთობაზე აღმოცენებული სიყვარული და ოჯახი? იქნებ, ინტერნეტით საუბარი (როგორადაც უნდა გავუგოთ ერთმანეთს) მირაჟია და ჩვენი ნაცნობობა ყოფაში პირველი თოვლივით გაქრეს? ამ საკითხზე ერთი ადამიანი მიამბობს საკუთარ ისტორიას, რომელსაც პირობითად გიორგის დავარქმევ:

- უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სახელმწიფო სამსახურში დავიწყე მუშაობა. მთელი დღე კომპიუტერთან მიწევდა ყოფნა. თავისუფალ დროს სიამოვნებით ვსარგებლობდი "საჩათაო" პროგრამებით. ასე გავიცანი თბილისელი ანა. თავიდან ერთმანეთს ვუზიარებდით საკუთარ შეხედულებებს ცხოვრებაზე, ათას წვრილმანზე ვსაუბრობდით. მივეჩვიეთ ერთმანეთს.

ერთხელ თბილისში საქმეზე ჩავედი და ანას შევხვდი. მეტად ნასიამოვნები დავრჩი მისი გაცნობით. რამდენიმე საათი ვისაუბრეთ, მერე თბილად დავემშვიდობეთ ერთმანეთს და ბათუმში დავბრუნდი. ამ შეხვედრის შემდეგ თანდათან გაურკვეველი გრძნობა შემომეპარა. ერთი მხრივ, მასთან ურთიერთობა მინდოდა და მსიამოვნებდა, მეორე მხრივ კი, მაწვალებდა ფიქრი, რომ ეს ყველაფერი სერიოზული არ იყო...

ოქტომბრის დასაწყისში შვებულება ავიღე. ვიფიქრე, ცოტა ხნით მონასტერში წავალ და ავწონ-დავწონი ყველაფერს - მეთქი.


ბათუმის სასულიერო სემინარიის რექტორის დახმარებით დავითგარეჯის მონასტერში უნდა გამეტარებინა შვებულება.

გარეჯში წასვლამდე თბილისისკენ წამოვედი და ანა ვინახულე. მანქანით ვისეირნეთ. მერე შინამდე მივაცილე და დავემშვიდობე.

დილით გარეჯში წასვლის მაგიერ ანას დავურეკე - რესპუბლიკის მოედანზე გელოდები - მეთქი. მალე მოვიდა. ვთხოვე, ცოლად გამომყოლოდა. ცოტა კი გაიკვირვა, მაგრამ დამთანხმდა. მანქანა დავქოქე და ბათუმისკენ წავედი. უცნაური ისაა, რომ მონასტერში მიმავალმა შუა გზაში აზრი უცებ შევიცვალე და სულ სხვა რამ გავაკეთე.

ჩემიანები ზარ-ზეიმით არ შეხვედრიან ამ ამბავს, მაგრამ რაღა ექნათ? შეგუება არჩიეს.

ყველაფერი ძველებურად გაგრძელდა. ისევ სამსახური, მერე სახლი. ანა არ მუშაობდა, შინ იჯდა და მელოდებოდა. მალევე მივხვდი, რომ შევცდი, ანა არ იყო ის ქალი, ვინც გამაბედნიერებდა. იმედს ვებღაუჭებოდი - იქნებ დრომ და ბავშვის გაჩენამ გამოაკეთოს მდგომარეობა მეთქი.

არ ვიცი, რის სასჯელად მომივლინა ის დღე უფალმა. ანა თბილისში იყო. დამირეკა - ექოსკოპიის მონაცემებით, ბავშვს ისეთი რამე სჭირს, რომ ექიმები აბორტის გაკეთებას მირჩევენო... სხვა გზა იყო?

იმ დღიდან დაძაბულობამ იმატა. არც მშობლებთან მქონდა კარგი ურთიერთობა. დავტოვე ოჯახი და ბინა ვიქირავე. საკუთარ თავზე განაწყენებულს ბრაზი ანაზე გადამქონდა. ორივენი ვხედავდით არ ვიყავით ბედნიერები. ერთმანეთთან ყოფნა არ გვახარებდა.

ერთ დღეს ახლობლის ქორწილში დაგვპატიჟეს. სამსახურის გამო ადრე წასვლას ვერ ვახერხებდი, ამიტომ დავთქვით, ჯერ ანა წავიდოდა, ორი დღის შემდეგ მეც ჩავიდოდი, მაგრამ ქორწილში წასვლის მაგიერ ჩემი ბარგი-ბარხანით მამისეულ სახლში დავბრუნდი. ანას მოკლე წერილი დავუტოვე - ყველაფერი დასრულდა მეთქი. რამდენიმე დღის შემდეგ კი წავედი იქ, სადაც 21 თვის წინ მივდიოდი- მონასტერში.







1
363
6-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
363
  
2013, 4 აპრილი, 4:46
მზიმე შემთხვევაა )
0 1 1