საზოგადოება კარატისტი ბებია 2012, 21 დეკემბერი, 18:45 75 წლის მოხუცებულ ქალბატონს სახლში მოძალადე მძარცველი შეუვარდა, თუმცა ძალები აშკარად ვერ გათვალა. რუმინელი ქალბატონი ტელეშოუების აქტიური მაყურებელი ბრძანდებოდა და ბოროტმოქმედს ტელეეთერით ნასწავლი კარატეს რამდენიმე ილეთი ისე წარმატებულად ჩაუტარა, რომ საცოდავი ქურდი ნოკაუტში ჩააგდო. ქალბატონმა ანიკამ პოლიციას განუცხადა, რომ უცნობი მამაკაცი მას სახლში მძინარეს შეუვარდა და მოხუცებულზე ძალადობა სცადა. თავდაპირველად მოხუცმა ქალბატონმა ყვირილი დაიწყო და შველას ითხოვდა, თუმცა მის თხოვნას არავინ გამოეხმაურა. მაშინ ანიკა მიხვდა, რომ გამოუვალ მდგომარეობაში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონოდა. გაჭირვებაში მყოფმა ბებომ კარატეს ის გაკვეთილები გაიხსენა, რომლებიც სატელევიზიო შოუში ნახა და რომლებიც თავდაცვის ხერხებს ეძღვნებოდა. ასაკის მიუხედავად, ანიკა საკმაოდ ნიჭიერი მოსწავლე აღმოჩნდა. რამდენიმე ოსტატური მოძრაობით, მოხუცებულმა ქალბატონმა თავდამსხმელის გათიშვა მოახერხა, რის შემდეგაც პოლიციას მშვიდად დაურეკა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა გონწასული ბოროტმოქმედი გამოაფხიზლეს და განყოფილებაში გადაიყვანეს. თავდამსხმელი, რომელიც 30 წლის ადგილობრივი მცხოვრები აღმოჩნდა, სხვის საკუთრებაში შეჭრის, ძარცვისა და გაუპატიურების მცდელობაში დაადანაშაულეს. 146 3-ს მოსწონს 1-ს არა
|