საზოგადოება "ჩემი ძუნწი დედამთილი ოქროულობას ფარდების დასაკიდ რკინებში მალავდა". 2012, 14 დეკემბერი, 22:15 ნინიმ მომავალი დედამთილი საკუთარ სახლში გაიცნო, ქალი დედამისთან კაბის შესაკერად მივიდა. რამდენიმეთვიანი თანაცხოვრების პერიოდში, რძალმა დედამთილს უხეშობა და სიძუნწე ვერ აპატია და ქმარს ცალკე ცხოვრება მოსთხოვა. ახალშექმნილი ოჯახი საცხოვრებლად ნაქირავებ ბინაში გადავიდა. შვილისაგან მიტოვებული ქეთევანი ხუთი წლის განმავლობაში მარტო ცხოვრობდა, სიკვდილის წინ კი შვილისა და რძლისთვის თავისი საიდუმლოს განდობა მოისურვა.
ნინი:
- მამა ადრე გარდამეცვალა, დედაჩემმა მე და ჩემი უფროსი ძმა ობლობაში გაგვზარდა. დედა ბუღალტერი იყო ერთ-ერთ მაღაზიაში. ის უფროსს ეცოდებოდა და ხშირად დამატებით ფულს ჩუქნიდა. დედამ იმ ადგილას 10 წელიწადს იმუშავა, სანამ უფროსი მოულოდნელად გულის შეტევით არ გარდაიცვალა. მაღაზიის ახალმა მეპატრონემ კი დედა სამსახურიდან დაითხოვა. იმ დროს ჩემი ძმა უნივერსიტეტს ამთავრებდა. დედამ ის ახლობლის დახმარებით სამსახურში მოაწყო. მიშკა საკმაოდ მაღალ ხელფასს იღებდა, მაგრამ დედა მაინც ნერვიულობდა, ბავშვის კმაყოფაზე ხომ არ ვიქნებიო, რამე უნდა მოვიფიქროო. ბოლოს გადაწყვიტა, კერვა დაეწყო.
მართლაც, დედამ "ბურდას" რამდენიმე ნომერი შეიძინა და მითხრა, რაც მოგეწონება, შევკეროთო. დედამ სამ დღეში ისეთი ქურთუკი შემიკერა, ყველანი მეკითხებოდნენ, გვითხარი სად შეიძინეო... დედას მეზობლებმა იმდენი კლიენტი მოუყვანეს, შეკვეთებს ვერ აუდიოდა.
ერთ დღესაც ერთი ქალი გვესტუმრა, თქვა, ჩემს ახლობელზე თქვენი შეკერილი პალტო ვნახე და მინდა კაბა შეგაკერინოთო. თან დაამატა, არ მეჩქარება, ზამთრისთვის მინდა, ვიცი, რომ ბევრი შეკვეთა გაქვთ, როცა მოიცლით, მაშინ შემიკერეთო. თავად მოხაზა საკმაოდ სადა მოდელი და ჩანთიდან შავი ნაჭერი ამოიღო. დედამ ქალს ზომები აუღო, მერე ნაჭერი გადაზომა და უთხრა, ეს ნაჭერი პატარაა და იმსიგრძე კაბა, როგორიც თქვენ გინდათ, არ გამოგივათო. ქალი შეწუხდა: ვმუშაბ და ნაჭრის საყიდლად გასვლას ვერ მოვახერხებო. მე სამზარეულოში ვიჯექი და მათი საუბარი მესმოდა. გამოცდისთვის ვემზადებოდი, მაგრამ უცნობი ქალი შემეცოდა, მათთან მივედი, მივესალმე და ვუთხარი, მიმასწავლეთ, ნაჭერი სად იყიდეთ, ხვალ გამოცდის მერე წავალ და მოვიტან - მეთქი. არა, შვილო, შენ როგორ შეგაწუხოო, იუარა. მე დახმარება კიდევ ერთხელ შევთავაზე. ცოტა ხანს დუმდა, მერე მითხრა, კარგი, იმ მაღაზიაში ჩემი შვილი წაგიყვანს, ძებნა აღარ მოგიწევს, ზედმეტად არ შეწუხდები და ბევრი დროც არ დაგეკარგებაო. შენი ტელეფონის ნომერი მომეცი, ხვალ დაჩი დაგირეკავს და მაღაზიაში წაგიყვანსო. მეორე დღეს გამოცდა მქონდა და ქეთევანის შვილს რომ უნდა დაერეკა, აღარც გამხსენებია. გამოცდაზე შესვლისას ტელეფონი გამოვრთე და მისი ჩართვა მხოლოდ მაშინ გამახსენდა, როცა გამოცდა 2 თუ 3 საათის დამთავრებული იყო. ამ დროს უკვე მეგობრებთან ერთად მეოთხე კურსის დასრულებას რესტორანში აღვნიშნავდით. სწორედ ამ დროს დარეკა ტელეფონმა. უცნობი გამეცნო, დაჩი ვარ, დედაჩემმა მითხრა, რომ ნაჭრების მაღაზიაში უნდა გაგყვეთ, თუ გცალიათ, მოგაკითხავთ და წავიდეთო. მე რესტორანი დავუსახელე, დაჩის ხმა იმდენად მომეწონა, სანამ მომაკითხავდა, ერთი ათჯერ მაინც ჩავიხედე სარკეში. უცნაური განცდა დამეუფლა. ისეთი წინაგრძნობა მქონდა, რომ იმ დღეს ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა უნდა მომხდარიყო. -კი მაგრამ, მოვლენები ასე სწრაფად როგორ განვითარდა? - ახლავე გეტყვით. მოკლედ, იმ დღეს დაჩი რესტორანთან რომ მოვიდა, დამირეკა, გარეთ გელოდებითო. მანქანიდან მაღალი, შავგრემანი, საკმაოდ სიმპათიური მამაკაცი გადმოვიდა. თავაზიანად გამეცნო და მანქანის კარი გამოაღო. როცა ჩავსხედით მომიბოდიშა, ალბათ მეგობრებს მოგწყვიტეთ, მაგრამ პირობას გაძლევთ, უკან მალე დაგაბრუნებთ და თქვენს თავს თამადას ჩავაბარებო. ამის შემდეგ დავმეგობრდით. სულ მირეკავდა ხოლმე და საჩუქრებს მჩუქნიდა. მალე დავქორწინდით და მე ქმართან და ქალბატონ ქეთევანთან გადავედი საცხოვრებლად. სიმართლე გითხრათ, როგორც კი ოჯახში შევედი, მაშინვე თვალში მეცა, რომ სახლში ავეჯი თითქმის არ იდგა, 10 კაცი ერთდროულად რომ მოსულიყო სტუმრად, იმდენი ერთნაირი ჭურჭელიც არ ჰქონდათ, რომ ყველას ჰყოფნოდა. ძველი იატაკი, შპალერი, ფარდები, ჭაღები, არადა ჩემი დედამთილისთვის რომ გეკითხათ, საკმაოდ მაღალი ანაზღაურება ჰქონდა, მაგრამ ქალბატონი ქეთევანის სახლ-კარს ამის არაფერი ეტყობოდა. - აბა, ფულს რაში ხარჯავდა? ალბათ ჩაცმა-დახურვაში და სამკაულებში... - არა, რას ამბობთ?! მთელი ზამთარი ძველი პალტოთი და დედაჩემის შეკერილი კაბით გაატარა. ერთი წვრილი ოქროს ბეჭედი ეკეთა. მასზე სხვა სამკაული არ მინახავს. ვერ ვხვდებოდი, ფული სად მიჰქონდა. ჩემი ქმარი კი როგორც კი ხელფასს აიღებდა, მაშინვე მეუბნებოდა, წამოდი, ოჯახისთვის რამე ვიყიდოთო და ნელ-ნელა ოჯახში ახალ-ახალი ნივთები შევიტანე. დედაც მეხმარებოდა. ერთხელ დედამ ბევრი წიგნი მაჩუქა. ცარიელ თაროზე მათი დაწყობა რომ დავიწყე, ჩემი დედამთილი სამსახურიდან სწორედ მაშინ დაბრუნდა. მივახარე, ნახეთ დედამ "პროზა" მიყიდა - მეთქი. ქეთევანმა თაროს გახედა და უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა, მაგის ყიდვას ერთი კარგი სერვიზი ეყიდა, ის ჯობდაო. გული დამწყდა, მაგრამ არაფერი მითქვამს. იმ დღის მერე ჩვენი უთანხმოებაც დაიწყო, ჩემი დედამთილი დედაჩემის გამო გამუდმებით მსაყვედურობდა. - რატომ? დედათქვენისგან რას მოითხოვდა? - სიმართლე გითხრათ, დღემდე ვერ მიმხვდარვარ. ერთხელაც დედაჩემი გვესტუმრა და საჩუქრად თეფშები მოგვიტანა. როცა წასვლა დააპირა, ჰოლში გავყევი. ამ დროს კი ჩემი დედამთილი იმ ოთახში გავიდა, სადაც დედის საჩუქარი დავტოვე. ეტყობა, არ ეგონა, ოთახში ასე მალე თუ დავბრუნდებოდი. როცა შევედი, ყუთისთვის თავი მოეხადა და შიგნით იყურებოდა, შეცბა, მაგრამ არ შემეპუა და მითხრა, ეს რა საყიდელი იყო, დედაშენს გემოვნება არ ჰქონია, თუ რაიმეს ყიდვა უნდოდა, ჩემთვის მოეცა ფული და სახლისთვის რამე უკეთესს ვიყიდდიო. ეს უკვე ვეღარ მოვითმინე, ტელეფონს ხელი დავავლე და ჩემს ქმარს სამსახურში დავურეკე. დაჩის ყველაფერი მოვუყევი და ისიც დავაყოლე, ან მე და შენ ამ ქალის გარეშე ცალკე ვიცხოვრებთ, ან მე წავალ ამ სახლიდან - მეთქი. საბედნიეროდ, ჩემი მეუღლე ამ ყველაფერს გაგებით მოეკიდა. დედამისთან სერიოზული კამათი მოუვიდა და ჩემმა დედამთილმა ორივე სახლიდან გამოგვყარა. ხუთი წელი ნაქირავებ ბინაში ვიყავით. ბავშვი შეგვეძინა. დაჩის კვირაში ერთხელ ჩვენი შვილი დედამისთან მიჰყავდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც ცოცხალი იყო, მხოლოდ ერთხელ უყიდა ბავშვს ჩასაცმელი. ერთ ღამესაც ჩემი დედამთილის მეზობელმა დაგვირეკა. ქეთევანი ცუდად არის, სასწრაფოს გამოვუძახეთ და ჩქარა მოდითო. დაჩი გიჟივით მიაქროლებდა მანქანას. როგორ კი მის ოთახში შევედით, თითქოს წამიერად ძალა მიეცა, ფანჯრისკენ გაგვახედა და ნაწყვეტ-ნაწყვეტ თქვა: "ჩემი ოქრო... ფარდა... ჩამოსაკიდი... რკინა..." და სულიც დალია. ვერაფერს მივხვდით, ქეთევანი დავასაფლავეთ თუ არა, მე და ჩემი ოჯახი საცხოვრებლად იქ დავბრუნდით. ჩემი დედამთილის ოთახი რომ დავალაგე და ახლი ფარდების დასაკიდებლად კიბეზე ასვლა დავიწყე, სწორედ მაშინ გამახსენდა სიკვდილის წინ ნათქვამი სიტყვები. ფარდის ჩამოსაკიდებელი რკინები საგულდაგულოდ დავათვალიერე და ერთ-ერთი მათგანის კიდეზე მიმაგრებული პლასტმასი ჩემკენ გამოვწიე. მას თან თოკზე გამობმული პატარა, გრძელი ტომარა მოჰყვა. ტომარა მაშინვე გავხსენი, შიგნით უამრავი ოქროს სამკაული ეყარა!... თურმე ჩემი ძუნწი დედამთილი მთელი ცხოვრება ოქროს ყიდულობდა და იქ ინახავდა. კიდევ კარგი, სიკვდილის წინ მაინც გაგვიმხილა სიმართლე, თორემ ისე დავიხოცებოდით, რომ იმ ოქროულობის არსებობის შესახებ ვერც მე და ვერც ჩემი მეუღლე ვერაფერს შევიტყობდით. 3589 19-ს მოსწონს 3-ს არა
|