საზოგადოება შეყვარებულის "თავგამოდებული" ძმაკაცი 2012, 5 დეკემბერი, 0:43 ოთხი თვე ვხვდებოდი მამაკაცს, პოლიციელი იყო. მითხრა, ცოლი მყავდა და გავცილდიო. როცა გადავამოწმე, აღმოჩნდა, რომ სიმართლეს ამბობდა. ერთ დღესაც თავის დაბადების დღეზე რესტორანში დამპატიჟა. ცოტა დავლიეთ. მისი ტელეფონი არ ჩერდებოდა, ხან ვინ ულოცავდა, ხან ვინ. ერთი მეგობარი გადაეკიდა, გინდა თუ არა, მითხარი სად ხარ, უნდა მოვიდეო. თენგოს ყელში რომ ამოუვიდა, უთხრა, აქა და აქ ვართო. როცა ის ტიპი მოვიდა, ჩემს შეყვარებულს უფროსმა დაურეკა, სამსახურში უნდა მოხვიდეო, მის რაიონში რაღაც დანაშაული მომხდარა. თენგომ ბოდიში მოიხადა, სულ რამდენიმე საათით დაგტოვებთო. როგორც კი თენგო რესტორნის კუპიდან გავიდა, მისი "მეგობარი" გვერდით მომიჯდა. ჯერ თავის ძმაკაცზე ლაპარაკობდა, ვითომ აქებდა, თან გამალებით სვამდა ღვინოს. თენგომ მოსვლა დააგვიანა, მისი ძმაკაცი გადათვრა. ლამის ზედ მომეკრა და კეფაზე მკოცნიდა. უხეშად რომ მივახალე, ნუ მეხუტები მეთქი, გაგიჟდა, იმ მახინჯში რა მოგწონს, როგორ შეგახვია, ფულიც კი არ აქვსო. ჩანთას წამოვავლე ხელი და წასვლა დავაპირე. დაჯექიო, დამიყვირა, არ დაგავიწყდეს ვინ ვარ, აქვე წამალს ჩაგიდებ, ოქმსაც გავაფორმებ და სამი თვე "კაპეზეში" მეყოლები, ჩემ მეტი შენთან ვერავინ შემოვაო. ენა ჩამივარდა. ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი. როგორც იქნა, თენგოც გამოჩნდა. იმ ნაძირალამ დაინახა თუ არა ჩემი შეყვარებული, მაშინვე გაიცინა, სად ხარ აქამდეო და კუდის ქიცინი დაუწყო. იმ დღეს ისე დავშორდით ერთმანეთს, თენგოსთვის არაფერი მითქვამს. ახლა ვფიქრობ, მისი "მეგობრის" ნამოქმედარი რომ მოვუყვე, ხომ შეიძლება ერთმანეთი დახოცონ და შემდეგ როგორღა ვიცოცხლო? 490 7-ს მოსწონს 2-ს არა
|