საზოგადოება პატიოსანი ქალის ძიებაში თაღლითს არ გადაეყაროთ. 2012, 30 ნოემბერი, 20:26 ერთი თანამშრომელი მყავდა, 40 წელს გადაცილებული კაცი, ყოველთვის ვიღაცას ურიგებდნენ, ის კი ყველას იწუნებდა. თან მუდმივად თავის მამაკაცურ ღირსებებზე ტრაბახობდა, ქალის ცნობას ვინ მასწავლის, ამ საქმის ექსპერტი ვარო. ჩემი ცოლი უმწიკვლო უნდა იყოს, ლამაზი, მოკლედ იდეალურ ქალს ეძებდა. ბოლოს, გაუმართლა, იპოვა ვისაც ეძებდა და ქორწილშიც დაგვპატიჟა. პატარძალი არცთუ მომხიბვლელი აღმოჩნდა, გარდა იმისა, რომ ზომაზე მეტად ფერხორციანი იყო, უგემოვნოდ ეცვა, მაგრამ საქმროს მოეწონა და ჩვენ ვინ რას გვეკითხებოდა. ორკვირიანი შვებულებიდან სიძე ბედნიერი დაბრუნდა. ამის შემდეგ ყოველთვის იმის ხაზგასმას ცდილობდა, ძალიან მნიშვნელოვანია კაცისთვის როცა იცის, რომ ცოლისთვის პირველი მამაკაციაო. ამას ისეთი სიამაყით ამბობდა, უნდა მიმხვდარიყავით, რომ მისი რჩეული ქალიშვილი იყო, თუმცა ამის აფიშირება რაში სჭირდებოდა, მაშინ ვერ ვხვდებოდით. ოთხი თვის შემდეგ კი ყველაფერი თავდაყირა დადგა, სიძეს სამსახურში პოლიციის მუშაკმა მოაკითხა, ისინი დიდხანს საუბრობდნენ, ჩვენი თანამშრომელი გაფითრებული იდგა. რამდენიმე წუთის შემდეგ პოლიციელს გაჰყვა და ერთი კვირა აღარ გამოჩენილა. ჩვენ მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გავიგეთ, რომ მისი რჩეული თაღლითობისთვის ძებნილი ქალბატონი ბრძანებულა. გარდა ამისა, საჩხერეში ადრე ყოფილა გათხოვილი და მეორედ გაბედნიერებამდე სამი შვილიც გაუჩენია, რომელიც პირველ ქმართან დატოვა. ჩვენს თანამშრომელს, ინფარქტი მოუვიდა, ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ კი სამსახურში აღარ გამოჩენილა. 276 6-ს მოსწონს 1-ს არა
|