საზოგადოება სასაფლაოზე ახსნილი სიყვარული და უხამსი წინადადება, ანუ კაცები ჯობია თუ წიგნები? 2012, 19 ნოემბერი, 20:14 ![]() - ადამიანი საინტერესო ქმნილებაა, კი მტანჯავდა, მაგრამ მაინც მიყვარდა, თუმცა ჩვენი სკოლიდან რომ გადავიდა შვებით ამოვისუნთქე. ბოლოს და ბოლოს, ყოველ დილით სარკის წინ ორი საათი ტრიალი არ დამჭირდებოდა, რომ გაკვეთილებზე გაპრანჭული წავსულიყავი, ისე, ან რა აზრი ჰქონდა. რა აღარ ვცადე, მაგრამ მას სახიდან ირონიული ღიმილი მაინც არ მოშორებია. ერთხელ ისიც კი მითხრა, ყანჩასავით წვრილი, გრძელი ფეხები გაქვს, სიამოვნებით დაგიმტვრევდი, მათემატიკის მაგალითების გადაწერა რომ არ მჭირდებოდესო. -რატომ იყო ასეთი აგრესიული? - არ ვიცი, ვითომ გამეხუმრა, მეც გავიცინე, მაგრამ სახლში რომ მივედი, იმდენი ვიღრიალე, დედაჩემს წვეთებით ასულიერებდნენ, იფიქრა, ნამდვილად ვიღაცამ შეაცდინაო. პირველი წარუმატებელი სიყვარულის შემდეგ ჩავთვალე, რომ არავის შევუყვარდებოდი და ყურებამდე ჩავეფალი მეცადინეობაში. სკოლა რომ დავამთავრე და უნივერსიტეტში ჩავაბარე, მისაღები კომისიის წევრებმა აღიარეს, რომ საუკეთესოთა შორის საუკეთესო ვიყავი. პირველიდან ბოლო კურსის ჩათვლით ლექტორები გამოცდებზე აღარც მეკითხებოდნენ, ისე მიწერდნენ უმაღლეს ნიშანს. ეს ცუდი არ იყო, უფრო მეტიც, თითქოს თავდაჯერებული გავხდი, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს, თუკი ის ავადმყოფი არ არის, ინტიმური ურთიერთობის სურვილი აქვს. მე მაინცდამაინც ლოგინს არ ვგულისხმობ. გინდა, თუნდაც ხელჩაკიდებულმა იარო ღამის ქალაქში ვინმესთან ერთად, წვიმასთან დამდგარ გუბეებში ფეხშიშველი გაირბინო. -უნივერსიტეტი დაამთავრეთ და ვირტუალურ მამაკაცზე ფიქრით ირთობდით თავს? - 21 წლისამ დავამთავრე სასწავლებელი, შემდეგ ასპირანტურაში ჩავაბარე, მოგვიანებით თემაც ავიღე დასამუშავებლად, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, ანუ 27 წლის ასაკში ყველაფერზე გული ამიცრუვდა და სახლიდან გახედვაც არ მინდოდა. მძიმე დეპრესია მქონდა. ეს დიაგნოზი ექიმმა დამისვა. ბოლო ვიზიტის დროს ექიმმა, როგორც იქნა დამამშვიდა - უკვე კარგად ხარ, დროებით წიგნებს მოეშვი და კაცებზე იფიქრეო. როგორ, ზოგადად მამაკაცებზე?- დაინტერესდა დედაჩემი. უმჯობესია, რომელიმე კონკრეტულ ადამიანზეო, - დაარიგა ნევროპათოლოგმა. მე ჩემი გაჭირვება მეყოფოდა, ახლა ოჯახმა შემიწუხა გული - დროა, პირად ცხოვრებაზეც იფიქროო. ერთ დღესაც სამარშუტო ტაქსიში ვიღაც წვერიანი მამაკაცის დაჟინებული მზერა ვიგრძენი. - ალბათ თქვენც არ მოგიშორებიათ მზერა? - სამჯერ-ოთხჯერ მეც გავხედე, მაგრამ როცა ჩემი ჩასვლის დრო მოვიდა ისიც უკან გამომყვა, ყურის ბიბილოები ამეწვა, სახეზე ალბათ ჭარხლისფერი ვიყავი. თქვენ ისეთი მშვენიერი ხართ, ქუჩაში მარტო არ უნდა დადიოდეთო... ვიფიქრე, შეეძლო რამე უფრო ორიგინალურიც ეთქვა მეთქი, მაგრამ ჩემი ტელეფონის ნომერი მაინც მივეცი და მალევე დავშორდი. იმ საღამოსვე დამირეკა, დედაჩემი და მამაჩემი საძინებლიდან ყურს მიგდებდნენ, პაემანზე წასვლისას კი ისე გამომპრანჭეს, სარკეში საკუთარი თავი ვერ ვიცანი. პაემანზე მივედი. ახლოს მივედი და რას ვხედავ, "ბრიტვა" უჭირავს ხელში და ფრჩხილებს იჭრის. რომ დამინახა, ქაღალდში შეფუთა, ჯიბეში ჩაიდო და ბარში დამპატიჟა. "ბრიტვაზე" კი მითხრა ჩემი მავნე ჩვევა არისო. ნამდვილი გიჟია მეთქი და სახლში აღშფოთებული დავბრუნდი, მაგრამ მშობლების მოთხოვნით მეორედაც შვხვდი, ბუნებრივია "ბრიტვის" თანხლებით. თუმცა ერთმა მოულოდნელმა გარემოებამ იჩინა თავი. სიხარულისგან ლამის გადაირია, როცა ვუთხარი ღამით სიარული მიყვარს მეთქი. თავისი ჭკით სიურპრიზი მომიმზადა, უკვე ბინდდებოდა, ტაქსი გააჩერა და თვალები ცხვირსახოცით ამიხვია. რამდენიმე წუთით ვიარეთ, შემაღლებულ ადგილზე გავჩერდით და თაყვანისმცემელმა მითხრა - ახლა მოემზადე, ცხვისახოცს მოგხსნიო. თვალები, რომ გავახილე ლამის სისხლი გამეყინა, კუკიის სასაფლაოზე ვიდექი. ამის შემდეგ კი მან ტერენტი გრანელის ლექსების კითხვა დამიწყო. ისღა ჩავიჩურჩულე უნდა წავიდე მეთქი და წამოვედი. დღეს ისევ მარტო ვარ, თუმცა მაინც ოპტიმისტად ვრჩები და არც გამოვრიცხავ, რომ ხვალ ან ზეგ შეიძლება ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალოს. 125 9-ს მოსწონს
|