საზოგადოება ქართველი ქალის გერმანული თავგადასავალი 2012, 18 ნოემბერი, 22:55 ერთი ჩემი ნაცნობის ისტორია მინდა მოგიყვეთ. წლების განმავლობაში გერმანიაში ვცხოვრობდი, ქალაქ ბონში. უცხოეთში ჩასული ქართველები ერთმანეთთან დაკავშირებას ცდილობენ და მეც ჩემს ქალაქში თითქმის ყველა ქართველს ვიცნობდი, მათი ისტორიებიც მოსმენილი მქონდა, ყველაზე საინტერესო ერთი ბიჭის ცხოვრების წესი იყო. ის ორ ბავშვთან მხვდებოდა ხოლმე. თავიდან ვფიქრობდი, რომ მისი შვილები იყვნენ, მაგრამ როგორც შემდეგ გავარკვიე, საყვარლის ბავშვები ყოფილან. მის ქართველ მეგობარ ქალს პირველი ქმრისგან ერთი შვილი ჰყოლია, მეორისგან - მეორე. შემდეგ გერმანიაში საყვარელი გაუჩენია და ბავშვებთან ერთად მის ბინაში ცხოვრობდა. ის არალეგალი იყო და ერთ მშვენიერ დღეს სამართალდამცველებმა ხელი სტაცეს და დეპორტაცია გაუკეთეს. ის საქართველოში მარტო დაბრუნდა, ბავშვები კი საყვარელთან გერმანიაში დატოვა, რადგან მათთან ერთად დაბრუნება უფრო გაუჭირდებოდა. ალბათ იფიქრა, მალევე მოვაგვარებ საქმეს და გერმანიაში დავბრუნდებიო, მაგრამ თბილისში საქმე გაურთულდა, გამგზავრებაზე თანხმობის მიღება გაუჭირდა და სამი წელი საქართველოში მოუწია დარჩენა. მთელი ამ დროის განმავლობაში მისი საყვარელი უვლიდა ბავშვებს. პატარები ისე შეეჩვივნენ გამზრდელს, დედა აღარც ახსოვდათ. ალბათ ამ ტიპს მათი დედა ძალიან უყვარდა, თორემ ამდენ პრობლემას არ აიკიდებდა. ბოლოს იმდენი იჩალიჩა, ვიღაც გერმანელს შეუთანხმდა, თავის საყვარელთან ხელის მოწერაზე დაითანხმა და ბავშვების დედაც ამ გზით დაბრუნდა გერმანიაში. ყველას გვეგონა, რომ ამის შემდეგ ქართველი ქალი თავის საყვარელთან იქორწინებდა, მარამ ნურას უკაცრავად, ალბათ კარგად დაფიქრდა, არალეგალ ქართველთან რა ხეირი მექნება, ჯობია ჩემი ფიქტიური ქორწინება ფაქტიურად ვაქციოო და იმ გერმანელს დაუჯდა სახლში, რომელთანაც საყვარლის დახმარებით ხელი მოაწერა. ქართველი საყვარლისგან ბავშვები წამოიყვანა და გაწეული მზრუნველობისთვის მადლობაც არ გადაუხადა. მხოლოდ ამით, რომ დაკმაყოფილებულიყო ვინ ჩივის, ბავშვები იმ კაცის ნახვას რომ ითხოვდნენ, გიჟდებოდა, პრობლემებს შემიქმნისო და დააბეზღა, არალეგალურად ცხოვრობსო. ის ტიპიც დაიჭირეს და საქართველოში დააბრუნეს. თვითონ კი გერმანელთან მესამე ბავშვი გააჩინა, მაგრამ მალევე გაშორდა და ახლა სამ ბავშვთან ერთად ახალი საყვარლის ბინაში ცხოვრობს. ნაქურდალს ასაღებს და თვითონაც ქურდობს. წარმოიდგინეთ, ეს ქალბატონი ჯერ მხოლოდ 24 წლისაა და რამდენი მოასწრო. 289 11-ს მოსწონს
|