საზოგადოება ჩემი ძმა აღარ თამაშობს, მაგრამ გვეშინია, რომ ისევ ითამაშებს 2012, 10 ნოემბერი, 12:26 აზარტული თამაშებისკენ მიდრეკილება ძირითადად იმპულსურ, ემოციურ და გაუწონასწორებელ ადამიანებს ახასიათებთ. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ე.წ. "იგროკები" ისევე დამოუკიდებელნი ხდებიან თამაშზე, როგორ ნარკომანები წამალზე. იმ იმედით, რომ ოდესმე ჯეკპოტს მოხსნიან, რაც გაანიათ, იმასაც კარგავენ და რაც მთავარია, ვერ აცნობიერებენ, რომ ნორმალური ადამიანის სახე დაკარგეს და აზარტის ტყვეობაში არიან. - ჩემს უმცროს ძმაზე მინდა გიამბოთ. ის სკოლის პერიოდში საუკეთესო მოსწავლე იყო. უნივერსიტეტშიც პირველივე წელს ჩააბარა. კარგი მეგობრები ჰყავდა და ოჯახის მეგზურადაც წესიერი, განათლებული გოგონა ამოირჩია. თორნიკეს ცხოვრებაში თითქოს ყველაფერი კარგად აეწყო. მეუღლესთან ერთად ჭრელ აბანოებთან ცხოვრობდა. როცა მათთან მივდიოდი, გული სიხარულით მევსებოდა. ისეთი ბედნიერები იყვნენ და ისე უყვარდათ ერთმანეთი, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ მათ შორის რაღაც რკინის ყუთი ჩადგებოდა და ცხოვრებას დაუნგრევდათ. -სათამაშო აპარატს გულისხმობთ? - სამორინე, "რულეტკა" სახიფათოდ ჟღერს, მას ბევრი ერიდება, მაგრამ სათამაშო აპარატით ვითომცდა უწყინარი, გასართობი ყუთი შექმნეს. სულ რამდენიმე ლარითაც შეგიძლია თამაშის დაწყება. თავიდან თითქოს ცოტას აგებ, მაგრამ თანდათან გითრევს და თავს გაკარგვინებს, თან ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, როცა მოინდომებ, მაშინ დაანებებ თავს. ყველა მოთამაშეს ასეთი აზრები ღუპავს. -თორნიკე ბევრ ფულს აგებდა?. -რამდენიმე თვე მხოლოდ ხელფასის დღეს შედიოდა და 70-80 ლარზე მეტი არ წაუგია, ერთხელ სერიოზული თანხაც მოიგო. სწორედ ამ მოგებამ წაახალისა და გონება საბოლოო აურია. ფული ცოლს მიუტანა და უთხრა, შენთვის მიჩუქებია, რაშიც გინდა, იმაში დახარჯეო, მაგრამ სანამ მეუღლე რამეს ყიდვას მოასწრებდა, თორნიკემ თანხა უკან მოსთხოვა და გააქრო. -მეუღლემ იცოდა, რომ თამაშობდა? - არა, მან ამის შესახებ მაშინ გაიგო, როცა თორნიკეს შინ ხელფასის ნახევარიც არ მიჰქონდა, ღამით მისვლასაც აგვიანებდა და თბილი, მოსიყვარულე მეუღლე უხეშ და აგრესიულ ადამიანად იქცა. ცოლთან ერთ-ერთი ჩხუბის შემდეგ სახლიდან გამოიქცა და ჩვენთან დაბრუნდა. -მიზეზად რა დაასახელა? - ახსნა-განმართებით თავი არ შეუწუხებია. ჩემოდნები დაყარა თუ არა, ტელეფონს მიუჯდა. მეგობარს დაურეკა, ორი დღით 100 დოლარი მასესხეო და სადღაც გაიქცა. დედაჩემმა რძალს დაურეკა, შვილო ვნერვიულობ, მითხარი თქვენს შორის რა მოხდაო. დედამ პირველად შეიტყო სათამაშო აპარატების შესხაებ და სასაცილოდაც არ ეყო. რძალი დაამშვიდა, მეც დამაწყნარა, თავად კი შვილთან დალაპარაკება გადაწყვიტა. მას ეგონა ეს პრობლემა უცებ მოგვარდებოდა, მაგრამ მისი მოლოდინი არ გამართლდა. ჩვენთან რამდენიმე დღის გადმოსული იყო, როცა სახლში ნასვამი დაბრუნდა, მამაჩემი გააღვიძა და ფული სთხოვა. მამას მიცემა არ უნდოდა, მაგრამ თორნიკემ სკანდალი მოაწყო. როცა თავისას მიაღწია, ისევ სადღაც გაიქცა, შინ მხოლოდ დილით დაბრუნდა. შეშლილის სახე ჰქონდა, როგორც ჩანს, ისევ წააგო. მთელი დღე გაუნძრევლად ეძინა, საღამოს კი მის ოთახში შევედი და დალაპარაკება ვცადე. -აცნობიერებდა, რომ არასწორად მოიქცა? - თორნიკემ თავში ჩაიბეჭდა, რომ აუცილებლად ჯეკპოტი უნდა მოეგო. ძმა მიმტკიცებდა, რომ თუ თამაშს არ შეწყვეტდა, აუცილებლად გაუმართლებდა. მისმა მდგომარეობამ სერიოზულად შემაშფოთა. ჩემს რძალს გადავურეკე და ვუთხარი, რომ თორნიკე ცუდად იყო და ჩვენი დახმარება სჭირდებოდა. როგორც გითხარით, ის არაჩვეულებრივი გოგოა. მაშინვე შემხვდა, ვილაპარაკეთ და თორნიკეს უკან დაბრუნება სთხოვა, თან პირობა ჩამოართვა, რომ ხელფასიდან მხოლოდ გარკვეულ თანხას დახარჯავდა და რაც მთავარია - არავითარი ვალები. ჩემი ძმა დათანხმდა, თვალზე ცრემლიც მოადგა ცოლის სულგრძელობის გამო. მეგონა თანდათან ყველაფერი მოგვარდებოდა, მაგრამ თორნიკეს განკურნება არც ისე იოლი აღმოჩნდა. სახლიდან ნივთების გაყიდვა დაიწყო, მეუღლეს მშობლების მიცემულ ფულს ჰპარავდა. ბოლოს ჯერი მანქანაზე მიდგა. როცა ისიც გაყიდა და წააგო, უკვე ბინაზე დაიწყო ლაპარაკი. ბოლოს მისმა ცოლმა ამ ყველაფერს ვერ გაუძლო და თავის მშობლებთან წავიდა. - თორნიკეს რა რეაქცია ჰქონდა? - მაშინვე უკან დაედევნა, ეხვეწებოდა, ემუდარებოდა უკან დაბრუნებულიყო. როცა უარი მიიღო, უარესად ჩაიქნია ხელი ყველაფერზე და მთელი არსებით გადაეშვა თამაშში. რამდენიმე თვეში საკუთარი სახლიც გაყიდა. ქალაქის გარეუბანში ერთოთახიანი ბინა იყიდა და როცა შინ იყო, მე და ჩემს მშობლებს კარს არ გვიღებდა, რომ საწინააღმდეგო აზრი არ მოესმინა. მის ერთადერთი სიყვარული სათამაშო ავტომატები გახდა. თანდათან პრობლემები მოემატა. უკვე მევალეებიც დასდევდნენ. ერთ დღეს სახლში მიაკითხეს და ისე სცემეს, როცა დამირეკა და მივედი, ნაკვთები აღარ ემჩნეოდა. სახე შეშუპებული ჰქონდა და ცხვირ-პირიდან სისხლი სდიოდა. თორნიკე საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ცოლმა შეიტყო და სანახავად მიაკითხა. როცა გაიგო, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, საკუთარი განცდები გამიმხილა - სინდისი მაწუხებს, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მე შემიძლია მსისი გადარჩენა, ზოგჯერ კი საშინლად ვბრაზდები, რომ რკინის ყუთზე გამცვალაო. სწორედ მაშინ გამინათდა გონება. თორნიკეს მკურნალ ექიმს ჩვენი ოჯახის პრობლემა ავუხსენი და მისი რჩევით ფსიქოთერაპევტი მოვინახულეთ. -პაციენტი თანახმა იყო? - საოცარი ქალი აღმოჩნდა, ისე შევიდა კონტაქტში, თორნიკეს მასთან საუბარი მოთხოვნილებად ექცა. მოგვიანებით ფსიქოთერაპევტი უკვე სახლში გვაკითხვადა და თორნიკე თანდათან გამოჰყავდა მდგომარებიდან. რეაბილიტაციის პროცესი არც ისე ხანგრძლივი იყო. ჩემი ძმა გამოკეთდა და დღეს, შეიძლება ითქვას, ის სახე დაიბრუნა, რომელიც ოჯახის წევრებს ძალიან მოგვენატრა. თორნიკემ ჯეკპოტი ვერ მოიგო, უფრომ მეტიც, ისიც დაკარგა, რაც ებადა, მაგრამ შეძლო ხაფანგიდან თავის დაღწევა და ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. 83 7-ს მოსწონს
|