x
image
თორ ნიკე
უმაღლესი გონება არსებობს - ენტონი ფლუ
უმაღლესი გონება არსებობს - ენტონი ფლუ


ენტონი ფლუ (Antony Flew - 1923-2010 წწ.) იყო ინგლისელი ფილოსოფოსი, მიეკუთვნებოდა ანალიტიკურ და მტკიცებულებათა სკოლებს. ფლუ მუშაობდა რელიგიის ფილოსოფიაზე, თავისი კარიერის განმავლობაში ასწავლიდა ფილოსოფიას ოქსფორდის, აბერდინის, კილისა და რედინგის უნივერსიტეტებში გაერთიანებულ სამეფოში, ხოლო იორკის უნივერსიტეტში ტორონტოში, კანადაში.

ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ათეისტი იყო. ცხოვრების ბოლო წლებში კი დეისტი გახდა. ღმერთის რწმენა აღიარა, ოღონდ ამბობდა შემდეგს:

"მე ვფიქრობ ღმერთზე იმისგან ძალიან განსხვავებულად, როგორც მას ქრისტიანული რელიგია აღწერს და ძალიან, დრამატულად განსხვავებულად იმისგან, როგორც მას ისლამი აღწერს. იმიტომ რომ ორივე რელიგია წარმოაჩენს მას როგორც ახლო აღმოსავლელ ყოვლისშემძლე დესპოტს, როგორც კოსმოსურ სადამ ჰუსეინს." ის ამბობდა, რომ ღმერთის არსებობის დაჯერებამდე ის მივიდა არა რწმენით, არამედ საღი, ლოგიკური მსჯელობით.



უმაღლესი გონება არსებობს - ენტონი ფლუ


"როდესაც 22 წლის ვიყავი, ძალიან რთული საუბარი მქონდა მშობლებთან. სწორედ მაშინ პირველად ვუთხარი მათ გულახდილად, რომ არ მწამდა ღმერთის და სიცოცხლის არსებობის სიკვდილის შემდეგ. ჩემი მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე შემოქმედის არსებობა ეწინააღმდეგება ბოროტების აშკარა არსებობას და სამყაროს არასრულყოფილებას." ასეთი ისტორია მოყვა ენტონი ფლუმ, პროფესორმა, რომლის მამაც ეკლესიის მსახური იყო და თეოლოგიურ კოლეჯში ასწავლიდა. ენტონი მრავალი წლის განმავლობაში ერთ-ერთ წამყვან მეცნიერ ათეისტად ითვლებოდა. 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ის აქვეყნებდა სამეცნიერო ნაშრომებს, სადაც არგუმენტირებულად გადმოსცემდა ათეისტურ შეხედულებებს, რომლებიც მხარდაჭერას პოულობდა სამეცნიერო საზოგადოების ნაწილში. მაგრამ გარდაცვალებამდე 6 წლით ადრე მან მკვეთრად შეიცვალა თავისი თვალსაზრისი და განაცხადა ღმერთის არსებობის რწმენის შესახებ. თავის ბოლო ნაშრომებში მან დაწვრილებით ახსნა რამ მიიყვანა ის ასეთ რადიკალურ ცვლილებამდე.

როდესაც ის მტკიცე ათეისტი იყო, სკოლის წლებში მამამისი ხშირად იღებდა მოწვევებს საერთაშორისო შეკრებებზე, რომლებიც თეოლოგიის საკითხებს ეძღვნებოდა. მოგზაურობაში ის ოჯახთან ერთად მიემგზავრებოდა და ეს მოგზაურობები დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ახალგაზრდა ენტონიზე. თუმცა არა ყოველთვის დადებით შთაბეჭდილებებს. ის იხსენებდა, მე-20 საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც მშობლებთან ერთად ბავარიაში, გერმანიაში მოგზაურობდა, ამჩნევდა წარწერებს ბიბლიოთეკებზე, რომლებიც იუწყებოდნენ, რომ ებრაელ მკითხველებს ეკრძალებოდათ წიგნების აღება. მსგავს წარწერებს ის სხვა დაწესებულებებზეც ხედავდა. ეს გახდა მისთვის საბაბი რომ დაფიქრებულიყო, თუ როგორ შეიძლება არსებობდეს ასეთი უსამართლობა სამყაროში, რომელიც შექმნა ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე არსებამ. თავის ადრეულ სამეცნიერო ნაშრომებსა და საჯარო დისკუსიებში, რომელთაც ათასობით ადამიანი ესწრებოდა ხოლმე, ის ხშირად სვამდა ამ საკითხს. ფლუს ოპონენტები ჩვეულებრივ, ბოროტების არსებობას იმით ხსნიდნენ, რომ ღმერთმა ადამიანებს თავისუფალი ნება მისცა და ბოროტება იმის გამო წარმოიშვა, რომ ადამიანმა არასწორად გამოიყენა ეს საჩუქარი. თუმცა, როგორც არ უნდა ემტკიცებინათ კამათის მონაწილეებს თავიანთი თვალსაზრისი, საბოლოოდ, თითოეული თავის აზრზე რჩებოდა.

მხოლოდ ერთმა ოპონენტმა შეძლო ენტონიზე დიდი შთაბეჭდილების მოხდენა. ეს იყო ჯერი შრედერი. თავის გამოსვლაში შრედერი ცდილობდა ეჩვენებინა, რომ სამყარო შემთხვევით ვერ წარმოიშობოდა. მან შედარება გააკეთა მაიმუნთან, რომელიც დაჟინებით აჭერს კლავიშებს და თითქოს შეთხვევით შეიძლება დაბეჭდოს შექსპირის სონეტი. მან გაამახვილა ყურადღება ერთი ექსპერიმენტის შედეგებზე, გალიაში ექვს მაიმუნთან ერთად მოათავსეს კომპიუტერი, ერთი თვის განმავლობაში მაიმუნები ქაოტურად აჭერდნენ ღილაკებს, შედეგად დაიბეჭდა 50-გვერდიანი ტექსტი, თუმცა ექსპერიმენტატორებმა ვერ შეძლეს ვერცერთი სიტყვის პოვნა. როგორც გაირკვა, ალბათობა იმისა, რომ შემთხვევით გაჩნდება თუნდაც ერთი სიტყვა, რომელიც შედგება რამდენიმე ასოსა და შემდეგ გამოტოვებული ადგილისგან, არის დაახლოებით 1 შანსი 27 ათასიდან. განმარტა ჯერი შრედერმა.

ახლა წარმოვიდგინოთ სამყარო, როგორც უზარმაზარი კომპიუტერი, რომელსაც წამში მილიონი ოპერაციის შესრულება შეუძლია შემთხვევთად გენერირებული კომბინაციებით. წარმოიდგინეთ, რომ გვაქვს ამგვარი სუპერკომპიუტერი, რომელსაც შეუძლია ძალიან სწრაფად შეადგინოს ასოების კომბინაციები. მას შეუძლია გააკეთოს მილიონი მცდელობა ყოველ წამში და უწყვეტად. იმისთვის, რომ ასეთმა კომპიუტერმა შემთხვევით შეადგინოს 488-ასოიანი ლექსი, მაგალითად შექსპირის ერთ-ერთი ლექსი, მას დასჭირდება იმდენჯერ სცადოს, რომ ეს რიცხვი იქნება წარმოუდგენლად დიდი. მაშინაც კი, თუ აღნიშნული კომპიუტერი დაიწყებდა ამის კეთებას დიდი აფეთქების მომენტიდან დღემდე (13.8 მილიარდ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყოველ წამში რომ ეკეთებინა მილიონამდე გამოთვლა) მაინც არ ეყოფობდა ამისთვის დრო. ამიტომ შანსი იმისა, რომ შემთხვევით შეადგინო პატარა ზომის ლექსიც კი, ძალიან, ძალიან მცირეა, იმდენად, რომ პრაქტიკულად ეს შეუძლებელია - ახსნა შრედერმა (თორემ შანსი იმისა, რომ დავიძინოთ დედამიწაზე და გავიღვიძოთ მარსზე შემთხვევით, თურმე არ ყოფილა ნულის ტოლი, მაგრამ ეს შანსი იმდენად მცირეა, რომ პრაქტიკულად არასდროს ხდება). სამყარომ თითქოს იცოდა რომ ჩვენ უნდა გავრჩენილიყავით.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერი შრედერის სიტყვებმა გავლენა მოახდინა ენტონი ფლუზე, მხოლოდ ეს არ გახდა მისი შეხედულებების გადახედვის მიზეზი. უფრო დიდი როლი ამაში ითამაშა ახალმა აღმოჩენებმა, რომელიც დნმ-ის მოლეკულების სტრუქტურას ეხებოდა. დნმ არის გასაოცრად რთული ელემენტების თანმიმდევრობა, რომლებიც ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან განსაკუთრებული სიზუსტით. იმისთვის, რომ ასეთმა რთულმა სისტემამ ფუნქციონირება შეძლოს სიცოცხლის შესაქმნელად, აუცილებელია მოაზროვნე გონების ჩარევა. დნმ-ის კვლევებმა აჩვენა - იმისთვის, რომ სიცოცხლე გაჩნდეს, საჭიროა ძალიან ბევრი სხვადასხვა რთული პირობის არსებობა და ყველაფერი ეს ერთობლივად. ეს გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ ამის უკან დგას ვიღაც, ვინც ყველაფერი ეს შექმნა.

"მე აღარ მჯერა, რომ პირველი ცოცხალი უჯრედი შეიძლებოდა წარმოქმნილიყო რაღაც არაცოცხალისგან და შემდეგ შემთხვევითვე გამხდარიყო ისეთი რთული არსება, როგორიც ჩვენ ვართ. როდესაც ვაკვირდებით დნმ-ის ყველა კომპონენტის სიზუსტეს და ურთიერთკავშირს, ნათელი ხდება, რომ უბრალო დამთხვევა არ შეიძლება ხსნიდეს ასეთ სირთულეს. ეს მხოლოდ ამყარებს ჩემს რწმენას, რომ სიცოცხლე შეიქმნა გარკვეული ჩანაფიქრით. და თვით იდეა იმისა, რომ ის გაჩნდა გონების, ცნობიერების დახმარების გარეშე, მეჩვენება შეუძლებლად." - ამბობდა ენტონი ფლუ.


მარსელ-პოლ შუცენბერგერი


მისი აზრით, გონების ჩარევა შეინიშნება არა მხოლოდ დნმ-ის მუშაობაში, არამედ ბუნების კანონების მთელ სტრუქტურაში. ენტონი დარწმუნებული იყო, რომ სამყარო ისეა მოწყობილი, რომ ხელი შეუწყოს სიცოცხლის წარმოშობას და შენარჩუნებას. ის ხაზს უსვამდა ასევე რომ უმცირესი ცვლილებები ფიზიკურ პარამეტრებში, როგორიცაა სინათლის სიჩქარე ან ელექტრონის მასა გამოიწვევდა იმ პირობების შექმნის შეუძლებლობას, რომლებიც აუცილებელია სიცოცხლისთვის ვარგისი პლანეტების არსებობისთვის. ეს იმაზე მოწმობს, რომ სამყაროს კანონები მორგებულია სიცოცხლის წარმოშობისთვის. თავის ბოლო წიგნში "ღმერთი არსებობს" - ენტონი ფლუ ახსენებს სხვა მეცნიერთა სახელებსაც, რომლებიც ადრე ათეისტები იყვნენ და შემდეგ მსგავს დასკვნებამდე მივიდნენ. ერთ-ერთი ასეთი იყო ბიოლოგი ენდრიუ ნოლი - ევოლუციის ადრეული ეტაპების მკვლევარი. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად ჰიპოთეზების მრავალფეროვნებისა, მეცნიერებამ ჯერ კიდევ ვერ იპოვა პასუხი კითხვაზე დედამიწაზე ან ზოგადად, სამყაროში სიცოცხლის წარმოშობის შესახებ. ენტონი ფლუ მიიჩნებდა, რომ სიცოცხლის წარმოშობის შესახებ კითხვა კი არაა ყველაზე მნიშვნელოვანი, არამედ კითხვა, რომელიც მას დაუსვეს თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში: "თუ დავუშვებთ, რომ რაღაც სახის გონებამ შექმნა სამყარო, რომელიც ვარგისია სიცოცხლისთვის, გჯერათ თუ არა, რომ ეს გონება განაგრძობს ჩვენზე ზრუნვას?" - მე ვთვლი, რომ გონება იყო ის, რამაც შექმნა ეს სამყარო ისეთად, როგორსაც ვხედავთ. მან დასაბამი მისცა სამყაროს, რომელიც უნდა განვითარებულიყო გარკვეული მიმართულებით, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შემოქმედი განაგრძობს ზრუნვას თავის ქმნილებაზე მისი შექმნის შემდეგ." - ასე პასუხობდა ამ კითხვაზე ენტონი ფლუ.



კრებულები

1. მეცნიერება - ნაწილი I

2. მეცნიერება - ნაწილი II

3. მეცნიერება - ნაწილი III

4. მეცნიერება - ნაწილი IV

5. მეცნიერება - ნაწილი V

6. სხვადასხვა - ნაწილი I

7. სხვადასხვა - ნაწილი II

8. ქართული მითოლოგია

9. რელიგია

10. საქართველო - ნაწილი I

11. საქართველო - ნაწილი II

12. ქართული სახელმწიფოები

13. პროტოქართველები

14. კავკასიური კულტურები

15. პარანორმალი

16. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები

17. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
235
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
235
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0