x
image
თორ ნიკე
Mediator image
შესაძლებელია არსებობდეს ღმერთი აკადემიური მეცნიერების მიხედვით?
ღმერთის შესახებ


სრულიად შესაძლებელია და ბუნებრივიც იქნებოდა, რომ საერთოდ არაფერს ეარსება: არც მატერიას, არც რადიაციას, არც დრო-სივრცეს და არც ენერგიას. მაგრამ ფაქტია, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად არსებობს, ანუ არსებობს ჩვენი სამყარო.

ჩნდება კითხვა - როგორ გახდა ეს შესაძლებელი - როგორ წარმოიქმნა ჩვენი სამყარო? სინამდვილეში, ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს.

მეორე კითხვა არის - რა არსებობდა ან რა მდგომარეობა იყო იქამდე, სანამ ჩვენი სამყარო წარმოიქმნებოდა? ესეც არ ვიცით.


მესამე კითხვაა - არის თუ არა შესაძლებელი, რომ ჩვენი სამყაროს წარმოქმნამდე საერთოდ არაფერს ეარსება და გამეფებული ყოფილიყო სრული არაფრობა, როცა არ იარსებებდა არც რაიმე სახის მატერია, არც დრო-სივრცე და არც რაიმე სახის ენერგია? სინამდვილეში, ამ კითხვაზეც კი პასუხი არ ვიცით იმიტომ, რომ არ ვიცით რამდენადაა შესაძლებელი რომ ამგვარი თითქმის არაფრიდან წარმოიშვას ყველაფერი - მთელი სამყარო.

რა ხდებოდა ან რა არსებობდა ჩვენი სამყაროს გაჩენამდე? ნამდვილად არ ვიცით, მაგრამ შეგვიძლია რამდენიმე ვარიანტი ვივარაუდოთ:


1. შესაძლებელია დავუშვათ, რომ ჩვენი სამყაროს წარმოქმნამდე არ არსებობდა აბსოლუტურად არაფერი: არც დრო-სივრცე, არც რაიმე სახის ენერგია, არც რაიმე სახის მატერია, არც რაიმე სახის გამოსხივება, არც რაიმე სახის ნაწილაკები. ამგვარად, შეგვიძლია დავუშვათ, რომ გამეფებული იყო სრული არაფრობა.


თუ ეს მართლაც ასე იყო, გამოდის, რომ სრულიად არაფრიდან შესაძლებელი ყოფილა წარმოიქმნას მთელი სამყარო თავისით. თუ ეს ასეა, გამოდის, რომ სრულიად შესაძლებელია არაფრიდან სამყაროს წარმოშობა არ იყო, არ არის ან/და არ იქნება ერთჯერადი მოვლენა. ანუ სრულიად შესაძლებელი და სავარაუდოა, რომ არაფრიდან წარმოიშვა არა მხოლოდ ჩვენი სამყარო, არამედ სხვა სამყაროებიც.

ჩნდება კითხვა: რამდენი სამყარო შეიძლება წარმოიშვა უკვე არაფრიდან ან რამდენი სამყარო წარმოიშვება არაფრიდან მომავალში? ამ კითხვაზე პასუხი ნამდვილად არ ვიცით, მაგრამ არ არსებობს მიზეზი, თუ რატომ უნდა იყოს შეზღუდული სამყაროთა წარმოშობის პროცესი.

თუ დავუშვებთ, რომ ჩვენი სამყარო თავისით წარმოიშვა არაფრიდან, მაშინ რატომ არ უნდა განმეორდეს ასეთივე პროცესი უთვალავჯერ და მუდამ? რატომ არ უნდა წარმოიშვას ახალ-ახალი სამყაროები არაფრიდან შეუზღუდავი რაოდენობით?

რა არის ჩვენი გაფართოებადი სამყაროს მიღმა? ამ კითხვაზე ყველაზე სავარაუდო პასუხი არის ის, რომ ჩვენი გაფართოებადი დრო-სივრცის კონტინუუმის ანუ ჩვენი სამყაროს მიღმა არის იგივენაირი მდგომარეობა, რაც იყო მაშინ, როცა ჩვენი სამყარო საერთოდ არ არსებობდა. ანუ ჩვენი ზემოთგანხილული დაშვების მიხედვით, ჩვენი სამყაროს მიღმა არის "არაფერი". არაფრიდან კი ერთხელ თუ უკვე ნამდვილად წარმოიშვა მინიმუმ ჩვენი სამყარო, რატომ არ უნდა წარმოიშობოდეს სხვა სამყაროებიც? ანუ ჩვენი სამყაროს მიღმა არსებული მდგომარეობიდან, რომელსაც ვუწოდეთ "არაფერი", სრულიად შესაძლებელია, რომ წარმოიშობოდეს მრავალი სხვადასხვა, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სამყარო.


ჩნდება კითხვა: შესაძლებელია თუ არა, რომ არაფრიდან სამყაროს წარმოშობა მხოლოდ ერთადერთხელ მოხდა და ეს იქამდე არასოდეს მომხდარა და არც აღარასდროს განმეორდება? ამ კითხვაზე პასუხი არ ვიცით, მაგრამ ძალიან ნაკლებ სავარაუდოა ასე იყოს იმიტომ, რომ თუ არის რაღაც მდგომარეობა და ამ მდგომარეობაში არაფერი იცვლება და ასევე ერთხელ უკვე რაღაც მოხდა - კერძოდ, ამ მდგომარეობიდან უკვე წარმოიქმნა სამყარო, ამავე წარმოქმნილი სამყაროს გარეთ არსებულმა იგივე მდგომარეობამ - "არაფერმა" კვლავ გააგრძელა "არსებობა". ესეიგი ისევ განმეორდება იგივე ან უკვე მრავალჯერ განმეორდა.


ჩნდება კითხვა: დასაშვებია ის, რომ როდესაც ერთხელ, ერთჯერადად ხდება არაფრიდან სამყაროს წარმოქმნა, რაღაც ისე იცვლება მდგომარეობა "არაფერში", რომ მეტ ახალ სამყაროს აღარ წარმოშობს? ამ კითხვაზე პასუხი ისაა, რომ დიახ, ეს დასაშვებია, გამორიცხული არაა, შეიძლება ასეთი რაღაცაც ვივარაუდოთ, რომ ერთი სამყაროს წარმოქმნა და არსებობა იმდენად ცვლის მდგომარეობას "არაფერში", რომ "არაფერი" აღარ წარმოქმნის ახალ, დამატებით სამყაროს (ან სამყაროებს) მანამ, სანამ არსებობს ერთი სამყარო მაინც. თუ მოხდა ისეთი რამ, რომ განადგურდება, სრულად მოისპობა წარმოქმნილი ერთეული სამყარო, მაშინ მდგომარეობა "არაფერი" კვლავ ისეთ კონდიციაში, ისეთ მდგომარეობაში დაბრუნდება, რომ შესაძლებელი ხდება კვლავ წარმოქმნას კიდევ ერთი სამყარო. შემდეგ ისევ არ წარმოიქმნება ახალი სამყარო, სანამ არ განადგურდება ეს ახალწარმოქმნილი სამყაროც და ასე უსასრულოდ.


და მაინც, ეს ვარიანტი ნაკლებად სავარაუდოა. და მეტად სავარაუდოა ის, რომ თუ არაფრიდან წარმოიშვა ჩვენი სამყარო თავისით, ბუნებრივი პროცესით, მაშინ, ეს როგორც ჩანს, ხდებოდა და მოხდება ყოველთვის - წარმოიქმნება არაფრიდან მრავალი სხვადასხვა სამყარო. რატომაა ეს ვარიანტი მეტად სავარაუდო? იმიტომ, რომ ჩვენი სამყაროს ფიზიკური კანონები, ფიზიკური მუდმივები, მახასიათებლები იმდენად მათემატიკურად ზუსტად, ერთმანეთთან შესაბამისობაშია დარეგულირებული, თითქოს ვიღაცამ სპეციალურად გამოთვალა ეს ყველაფერი და ხელოვნურად შექმნა. მცირედით მაინც სხვანაირი რომ ყოფილიყო ამ სამყაროს ფიზიკური კანონები, ის შეიძლება ყოფილიყო საერთოდ არამდგრადი, განადგურებულიყო ზედმეტად დიდი აჩქარებით გაფართოების გამო ან პირიქით, თავის თავში კოლაფსირებულიყო და დრო-სივრცე და ენერგიაც კი ვერ შენარჩუნდებოდა - სამყარო განადგურდებოდა სრულად. ხოლო იმისთვის, რომ ამ სამყაროში ციური სხეულების და სიცოცხლის წარმოშობა შესაძლებელი ყოფილიყო, კიდევ ბევრად უფრო დიდი სიზუსტეა საჭირო სამყაროს ფიზიკურ კანონებში.


ამგვარად, ჩვენი სამყაროს ფიზიკური კანონების და მუდმივების უზუსტესად დარეგულირების ფაქტი გვაიძულებს დავუშვათ მხოლოდ ორი ვარიანტი: ჩვენი სამყარო ან შექმნა მოაზროვნე არსებამ (ან არსებებმა), გამოთვალა, და ყველაფერი უზუსტესად დაგეგმა ან თუ ჩავთვლით, რომ ასეთი რამ არ მომხდარა, მაშინ რჩება ერთადერთი ვარიანტი - ჩვენი სამყარო არაფრიდან, თავისით წარმიშვა.

მაგრამ თუ ჩვენი სამყარო არაფრიდან თავისით წარმოიშვა, ამგვარად მაღალი სიზუსტის ფიზიკური კანონები პირველივე და ერთადერთი ცდით ვერ მიიღწეოდა. ამისთვის საჭირო იქნებოდა წარმოშობილიყო უთვალავი სხვადასხვა სამყარო, სხვადასხვა ფიზიკური კანონებით და ერთ-ერთი მათ შორის - ჩვენი სამყაროც, რომელსაც გაუმართლებდა და იმდენად დარეგულირებული ფიზიკური კანონები აღმოაჩნდებოდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა მასში მაღალორგანიზებული მატერიის განვითარება, სიცოცხლის წარმოშობა და მისი განვითარება იმ დონემდე, რომ მიეღწია ცივილიზაციურ დონეს.


ამგვარად, არის მხოლოდ ორი ვარიანტი: ჩვენი სამყარო შექმნა ან ღმერთმა ანუ შექმნის, ხელოვნურად დაგეგმვის შესაძლებლობის მქონე ცნობიერებამ ან თუ ასე არ იყო, მაშინ არაფრიდან თავისით წარმოიქმნება მრავალი სამყარო სხვადასხვა ფიზიკური კანონებით, და ჩვენი სამყარო ერთ-ერთი მათგანია, სადაც ფიზიკური კანონები ისეთად ჩამოყალიბდა სტატისტიკური ალბათობის წყალობით, რომ შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ მდგრადი ყოფილიყო და ეარსება მილიარდობით წლის განმავლობაში, არამედ ასევე მასში წარმოშობილიყო ციური სხეულები და მეტიც - სიცოცხლე ზოგიერთ ამ ციურ სხეულზე (მინიმუმ ერთ მათგანზე - დედამიწაზე). თანაც მოაზროვნე სიცოცხლე, ცივილიზაციის შემოქმედი.


ნიკოლაი კარდაშევი


შეიძლება თუ არა მულტისამყაროში ან თუნდაც ჩვენს კონკრეტულ, ცალკეულ სამყაროში ჩვენი მსგავსი ევოლუციით წარმოშობილი და განვითარებული ცივილიზაციები უკვე ქცეულიყვნენ ადრე ან მომავალში იქცნენ "ღმერთად"? საბჭოთა მეცნიერის, რუსი ასტროფიზიკოსის, ფიზიკის და მათემატიკის დოქტორის ნიკოლაი კარდაშევის (1932-2019) მიერ შემუშავებული სკალის მიხედვით, თეორიულად შეიძლება უკვე ჩვენს სამყაროში (ან მულტისამყაროს სხვა სამყაროებშიც, თუ ისინი არსებობენ) უკვე ჩამოყალიბებული იყოს, ან მომავალში ჩამოყალიბდეს განვითარების მიხედვით სულ 6 სხვადასხვა საფეხურის ცივილიზაცია. ჩვენ ჯერჯერობით პირველი ტიპის (პირველი დონის, პირველი საფეხურის) ცივილიზაციაც კი არ ვართ, არამედ ამ სკალაზე ჯერჯერობით ნულოვანი ტიპის (ნულოვანი დონის, ნულოვანი საფეხურის) ცივილიზაცია ვართ განვითარების მიხედვით. პირველი ტიპის ცივილიზაციის დონის განვითარებას რამდენიმე საუკუნეში მივაღწევთ. კარდაშევის ცივილიზაციათა სკალის 6 საფეხურის ცივილიზაციები შემდეგია (მოკლე აღწერით):


1. ტიპი I ცივილიზაცია - შეუძლია გააკონტროლოს თავისი პლანეტის მთელი ენერგია.

2. ტიპი II ცივილიზაცია - შეუძლია გააკონტროლოს თავისი მასპინძელი ვარსკვლავის მთელი ენერგია (ან მისი ენერგიის დიდი ნაწილი) და შეუძლია თავისი მზის სისტემის მასშტაბით თავისუფლად მოგზაურობა სხვადასხვა პლანეტაზე და მათ თანამგზავრებზე.

3. ტიპი III ცივილიზაცია - შეუძლია გააკონტროლოს თავისი გალაქტიკის მთელი ენერგია (ან მისი ენერგიის დიდი ნაწილი). და გადაადგილდება არა მხოლოდ თავისი ვარსკვლავის სისტემაში, არამედ შეუძლია გადაადგილება მთელი თავისი გალაქტიკის მასშტაბით.

4. ტიპი IV ცივილიზაცია - შეუძლია თავისი სამყაროს ენერგიის დიდი ნაწილის გამოყენება და ათვისება. ამ საფეხურზე ასული ცივილიზაციის შესაძლებლობები იმდენად კოლოსალური და წარმოუდგენელია, რომ შეიძლება შეცდომით ვიფიქროთ, რომ უკვე "ღმერთობას" უტოლდება. ისინი პრაქტიკულად უკვდავები არიან და შეუძლიათ მთელი გალაქტიკების ხელოვნურად შექმნა და თვით დრო-სივრცის კონტინუუმის მანიპულირება.

5. ტიპი V ცივილიზაცია - მეხუთე საფეხურზე ასულ ცივილიზაციას შეუძლია ენერგიის გამოყენება მულტისამყაროს მასშტაბით, ასევე შეუძლიათ მოგზაურობა სხვადასხვა პარალელურ სამყაროებში და სამყაროთა სიმულაციების შექმნა.

6. ტიპი VI ცივილიზაცია - ეს არის განვითარების უმაღლესი შესაძლო დონე. მეექვსე დონის ცივილიზაციის წარმომადგენლები ცხოვრობენ დროისა და სივრცის მიღმა, ან უფრო მაღალ განზომილებებში, შეუძლიათ არა მხოლოდ ახალ სამყაროთა, არამედ მულტისამყაროთა შექმნა და განადგურება.


კარდაშევის სკალა


ჩვენი სამყარო ძალიან შორს არის სტატისტიკური წონასწორობისგან. ჩვენ ვართ ცოცხალი არსებები თბილ პლანეტაზე, რომელიც ბრუნავს ცხელი ვარსკვლავის გარშემო, რომელიც თავის მხრივ, ბრუნავს გალაქტიკის ცენტრის, გიგანტური შავი ხვრელის გარშემო და ეს ყველაფერი ხდება სამყაროში, რომლის ფუნდამენტური კანონებიც ისეა დარეგულირებული, რომ საშუალება მიეცა ციურ სხეულებს ფორმირებისთვის, მილიარდობით (და მომავალში ტრილიონობით) წლით არსებობისთვის, და სიცოცხლის უზრუნველსაყოფად. როგორ მოხდა ეს? ავსტრიელმა გენიოსმა ფიზიკოსმა, სტატისტიკური ფიზიკისა და ფიზიკური კინეტიკის ერთ-ერთმა დამაარსებელმა ლუდვიგ ბოლცმანმა თქვა, რომ ჩვენი დაკვირვებადი, დაბალი ენტროპიის სამყაროს მდგომარეობა (რომელიც მოიცავს ჩვენს არსებობას) არის შემთხვევითი რყევა (ფლუქტუაცია), რომელიც მოხდა უფრო მაღალი ენტროპიის სამყაროში. თითქმის წონასწორობის მდგომარეობაშიც კი, წარმოიქმნება სისტემის მდგომარეობის სტოქასტური რყევები (ფლუქტუაციები). ყველაზე გავრცელებული რყევები იქნება შედარებით მცირე, რაც გამოიწვევს ორგანიზაციის მხოლოდ მცირე რაოდენობას, ხოლო უფრო დიდი რყევები და მათ შედეგად წარმოშობილი ორგანიზაციის უფრო მაღალი დონეები (მაგალითად ახალი სამყაროები) - შედარებით იშვიათი უნდა იყოს. დიდი ფლუქტუაციები (დიდი რყევები) თითქმის წარმოუდგენლად იშვიათი იქნება, მაგრამ აუცილებლად ისინიც მოხდება, თუ რომელიმე სამყარო უსასრულოდ დიდხანს გააგრძელებს არსებობას. დიდი აფეთქების თანამედროვე კოსმოლოგიური თეორიები ვარაუდობს, რომ ჩვენი სამყარო არის უფრო დიდ მეტა-სამყაროში სტოქასტური რყევების შედეგად წარმოშობილი.

ჩვენ ვაკვირდებით ჩვენს ძალიან დამაეჭვებელ სამყაროს, რადგან ეს პირობები, რომელიც ძალიან ნაკლებად სავარაუდოა რომ შემთხვევით წარმოქმნილიყო, აუცილებელია ჩვენი აქ ყოფნისთვის, საერთოდ არსებობისთვის. ეს არის ანთროპული პრინციპის გამოხატულება - თითქოს მთელი ეს ჩვენი სამყარო ზუსტად ასეთად შეიქმნა მხოლოდ იმ მიზნით, რომ ადამიანებს და საერთოდ, მოაზროვნე არსებებს შეგვძლებოდა მასში არსებობა.

ჩვენი სამყაროს ორგანიზაციის ამჟამინდელი დონე, რომლის წიაღშიც წარმოშობილია მრავალი თვითშეგნებული ერთეული, შემთხვევითი რყევის (ფლუქტუაციის) შედეგი რომ არის, ეს წარმოუდგენლად ნაკლებად სავარაუდოა, ვიდრე ის, რომ სპონტანურად და შემთხვევით, ენტროპიული ქაოსიდან, მხოლოდ ფლუქტუაციებით (რყევებით) წარმოიქმნას ჩამოყალიბებული ტვინი, რომელსაც ექნება აზროვნების უნარი, ცნობიერება და მოგონებები - ამ პარადოქსს "ბოლცმანის ტვინი" უწოდეს.


ლუდვიგ ბოლცმანი



შესაძლებელია თუ არა, რომ ჩვენს სამყაროზე ადრე, არსებობდა კიდევ სხვა სამყარო?


შესაძლებელია. სინამდვილეში, მსოფლიოში ბევრი ფიზიკოსი იყო, რომლებსაც აბსოლუტურად სძულდათ დიდი აფეთქების იდეა, მათ ერჩივნათ მოდელი სახელად "დიდი დარტყმა" ან "დიდი ამოხტუნება" (Big Bounce). ხალხური ენით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სამყარო არაფრისგან კი არ წარმოიშვა, არამედ წინა, შეკუმშული სამყაროსგან და ეს შეიძლება აიხსნას კვანტური მექანიკის გამოყენებით.

ამ თეორიის თანახმად სამყარო ფართოვდება, შემდეგ იკუმშება და ბოლოს ისევ ბრუნდება სინგულარობიდან. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ მას "დიდ აფეთქებათა ციკლი", რომელსაც მოჰყვება ხოლმე დიდი კრუნჩხვა. სამყარო კი არის ის, რაც არსებობს ამ ორ მოვლენას შორის.

ხშირად, ბევრი ინტერესდება, არის თუ არა ჩვენი სამყარო ცოცხალი არსება, დიდი აფეთქება (Big Bang) - მისი დაბადება და მეორე მხრივ დიდი კრახი (Big Crunch) - მისი სიკვდილი. დრო-სივრცის კონტინუუმი არის სიცოცხლე, რომელიც ხდება ამ ორ მოვლენას შორის. თითქმის პოეტურია, საინტერესო იდეაა, თუმცა ჩვენს კონკრეტულ სამყაროსთან მიმართებაში ეს სიმართლე არაა (სხვა სამყაროებიდან ზოგიერთი შესაძლოა, მართლაც ასე მოქმედებდეს).


როგორც იოვინდ ბერნარდერი (დოქტორი გამოთვლითი ნეირომეცნიერებისა და ფიზიკის სფეროში, კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მოღვაწე) ამბობს:

"ძველი დიდი აფეთქების თეორიის (კლასიკური ფრიდმანის სამყარო) სინგულარობა შეიცვალა ინფლატონის ველით, სადაც სივრცე სწრაფად ფართოვდება. ჩვენი "სტანდარტული" დიდი აფეთქება მოდის ამ ინფლატონის ველიდან, რომელიც იშლება ან განიცდის ფაზურ გადასვლას რაღაც მომენტში / დროში - სამყაროები ამ დროს ისე შეიძლება ჩამოყალიბდეს "ბირთვულ წერტილებში", როგორც წყლის წვეთები ყალიბდება ტენიან ჰაერში სხვადასხვა უფრო ტენიან წერტილში.

ეს დაშლა (ფაზის გადასვლა, ნუკლეაცია) შეიძლება მოხდეს ინფლატონის ველის ბევრ წერტილში. შედეგად წარმოქმნილ "ბუშტუკთა სამყაროს", ინდივიდუალური, ერთმანეთისგან გათიშული, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მიმდინარე "დიდი აფეთქებებით" წარმოქმნილ სამყაროთა ერთობლიობისგან შექმნილ სისტემას "მრავალსამყაროს" ანუ "მულტისამყაროს" უწოდებენ.

კონკორდანსის მოდელისა და ინფლაციის თეორიამდე დიდი ხნით ადრე ჩვენ ძირითადად განვიხილავდით ფრიდმანის სამ კლასიკურ სამყაროს. ამ სამიდან ერთს აქვს საკმარისად მაღალი სიმკვრივე რომ იყოს დახურული და მაქსიმალურ ზომამდე მიღწევის შემდეგ სინგულარობამდე დაბრუნდეს. ადრე არსებობდა ვარაუდი, რომ ასეთი სამყარო კოლაფსის შემდეგ შეიძლება "ამოხტუნებულიყო" (Big Bounce) და შეექმნა ახალი დიდი აფეთქება, არ გამართლდა. დღევანდელი მტკიცებულება არ მიუთითებს ამ მიმართულებით."


კითხვაზე - შესაძლებელია თუ არა რომ ჩვენს სამყარომდე კიდევ არსებულიყო სხვა სამყარო - ასევე დადებითად პასუხობს ასტრონომიის დამსახურებული პროფესორი და ავტორი კორტნი სელიგმანი: "დიახ, იმის გამო, რომ უმარტივესი თეორია იმის შესახებ თუ როგორ შეიქმნა ჩვენი სამყარო, იყო ის, რომ ეს მოხდა კვანტური რყევებით დრო-სივრცის ერთ წერტილში წინა სამყაროში (ჩვენს სამყარომდე არსებულ სამყაროში), რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ჩვენთან (დღესდღეობით) გარდა სივრცე-დროის შორეულ წარსულში არსებული წერტილისა. ამ კვანტურმა ფლუქტუაციამ შექმნა სრულიად ახალი სივრცე-დრო - სრულიად განცალკევებული ძველი სამყაროსგან (შექმნა ჩვენი დრო-სივრცე და ენერგია ანუ ჩვენი სამყარო).

და თუ ეს ასეა, მაშინ, ალბათ არსებობს ერთმანეთისგან სრულიად განცალკევებული სამყაროების უსასრულო რაოდენობა, რომელთაგან თითოეულიდან, მათ შორის ჩვენი სამყაროდანაც, საბოლოოდ "ამოიფანტება" ("გამოიკვირტება", "დაიბადება") მრავალი სხვა ახალი სამყარო. ასეთი რამ ხშირი არ იქნება, მაგრამ სივრცე ძალიან დიდია და სულ უფრო და უფრო დიდი ხდება. დრო კი ნახევრად უსასრულოა (ანუ სამუდამოდ ვრცელდება წინ). ასე რომ, თუ სამყაროს შექმნის ეს გზა საერთოდ შესაძლებელია, ეს აბსოლუტურად გარდაუვალი უნდა იყოს.

სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკის ექსპერიმენტები, რისი ჩატარებაც შესაძლებელია, ცხადყოფს იმას, რომ არაფრისგან რაღაცის შექმნა მიჰყვება დირაკის თეორიას, რომელსაც მივყავართ ზემოხსენებულ იდეებამდე, არასოდეს იქნება რაიმე იმის დასამტკიცებლად, რომ ეს მართებულია მთელი სამყაროების შესაქმნელად, მაგრამ მას აქვს მიმზიდველი სიმარტივე და მე არ მსმენია რაიმე სხვა თეორიის შესახებ, რომელიც უკეთესი მეჩვენება."


მოკლედ, რომ შევაჯამოთ სამი ვარიანტია: პიროვნული შემოქმედი (ღმერთი), მულტისამყარო ან ორივე ერთად.


მულტისამყარო - მრავალსამყარო


უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ღმერთის ვარიანტი.

2. პირველ რიგში უნდა დავსვათ კითხვა - რა არის ღმერთი - როგორია მისი მახასიათებლები? რაზეც თითქმის ყველას შეუძლია შეთანხმდეს რომ ღმერთს აუცილებლად უნდა ახასიათებდეს იმისთვის, რომ ეწოდოს "ღმერთი" (ცოცხალი, მაღალგანვითარებული შემოქმედი პიროვნება ან პიროვნებები), არის შემდეგი: მას უნდა ჰქონდეს ცნობიერება, ინტელექტი, იდეების წარმოქმნის უნარი, დაგეგმვის უნარი, შემოქმედების უნარი, არსებობდეს ჩვენი სამყაროს მიღმა (ან მიღმაც) და უნდა ყოფილიყო არსებული ჩვენი სამყაროს წარმოქმნამდე. ასეთი არსების (ან არსებების) არსებობა უბრალოდ შეუძლებელია ისეთ მდგომარეობაში, სადაც არ არის არც დრო, არც სივრცე, არც ენერგია. რატომაა ასე? ნებისმიერ სააზროვნო პროცესს ან ნებისმიერი რამის არსებობას, სიცოცხლეს, მოქმედებას, ფუნქციონირებას სჭირდება ენერგია.

ნებისმიერი ცოცხალი არსების არსებობას, სჭირდება ასევე სივრცე.

და ნებისმიერ სააზროვნო პროცესს სჭირდება აზრების თანმიმდევრულობა - ჯერ იფიქრე ერთი რამ, შემდეგ მეორე, დაგეგმე, მიიღე გადაწყვეტილება და შემდეგ განახორციელე. მხოლოდ ეს პროცესი უკვე თავის თავში გულისხმობს წარსულის, აწმყოს და მომავლის ცნების არსებობას, ვინაიდან ეს არის თანმიმდევრული პროცესი.


ამგვარად, ღმერთის არსებობა აუცილებლად გულისხმობს იმას, რომ ჩვენი სამყაროს წარმოშობამდე არსებობდა ენერგია და დრო-სივრცე და ის არ ეკუთვნოდა ჩვენს სამყაროს, არ იყო ჩვენი სამყარო, ვინაიდან ჯერ არ იყო წარმოქმნილი ჩვენი სამყარო.

ამგვარად, რა გამოდის? ჩვენი სამყაროს წარმოქმნამდე არსებობდა სხვა ენერგია და დრო-სივრცე (ანუ სხვა სამყარო), სადაც არსებობდა ღმერთი (ჩვენი სამყაროს შესაძლო შემოქმედი).


ასე რომ, თუ ღმერთმა შექმნა ჩვენი სამყარო, მაშინ აუცილებლად არსებობდა სხვა სამყარო (მინიმუმ ერთი მაინც), სადაც არსებობდა ღმერთი, რომელმაც შექმნა ჩვენი სამყარო.

მაგრამ აქ ჩნდება კითხვა: საიდან გაჩნდა ის სამყარო, სადაც ღმერთი არსებობდა? ამ კითხვაზე პასუხად შეიძლება რამდენიმე ვარიანტი ვივარაუდოთ:


1. ის სამყარო (სადაც ჩვენი შემოქმედი იმყოფებოდა) წარმოიქმნა თავისით, არაფრიდან.

2. ის სამყარო (სადაც ჩვენი შემოქმედი იმყოფებოდა) შეიქმნა სხვა ღმერთის მიერ სხვა სამყაროდან.

3. ის სამყარო (სადაც ჩვენი შემოქმედი იმყოფებოდა) შეიქმნა იმავე ღმერთის მიერ სხვა სამყაროდან.

4. ის სამყარო (სადაც ჩვენი შემოქმედი იმყოფებოდა) ყოველთვის არსებობდა.


1. რამდენადაა შესაძლებელი ის სამყარო (სადაც ჩვენი შემოქმედი იმყოფებოდა) თავისით წარმოქმნილიყო არაფრიდან? შესაძლებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში ვაღიარებთ, რომ სამყაროს წარმოშობა არაფრიდან შესაძლებელია და არაა საჭირო მოაზროვნე დამპროექტებლის არსებობა მის ხელოვნურად შესაქმნელად. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც შესაძლებელია, რომ სამყაროები წარმოიშვებოდნენ თავისით, არაფრიდან, ბუნებრივად და ასევე ზოგიერთი მათგანი იქმნებოდეს ხელოვნურადაც. ვის მიერ? არაფრიდან თავისით წარმოშობილ სამყაროებში განვითარებული ცივილიზაციების მიერ, რასაც შეგვიძლია ვუწოდოთ ცნობიერი არსების ან არსებების მიერ ახალი სამყაროების შექმნა. ეს პრინციპში დიდად არ განსხვავდება ღმერთის ცნებისგან.


2. ამგვარად, შესაძლებელი გამოდის მეორე ვარიანტიც, რომ ის სამყარო, სადაც ჩვენი შემქმნელი ღმერთი (ცნობიერი არსება ან არსებები) იმყოფებოდა, ყოფილიყო შექმნილი უფრო ადრეული, სხვა სამყაროში მყოფი ღმერთის (ცნობიერი არსების ან არსებების, მაგალითად ცივილიზაციის) მიერ.


3. შესაძლებელი გამოდის მესამე ვარიანტიც, ვინაიდან თუ რომელიმე სამყარო წარმოიქმნებოდა არაფრიდან თავისით ბუნებრივად და მასში განვითარდებოდა მოაზროვნე ცივილიზაცია, მაშინ ამ ცივილიზაციას შესაძლოა განევითარებინა თავისი თავი იქამდე, რომ შეძლებოდა ახალი სამყაროს ხელოვნურად შექმნა და შემდეგ შეძლებოდა ისიც კი, რომ გადასულიყო თავისსავე შექმნილ ახალ სამყაროში თავისი ძველი სამყაროდან, სადაც ის წარმოიშვა და შემდეგ მეორეჯერ შეექმნა კიდევ ახალი (ამჯერად ჩვენი) სამყარო. ამგვარად, შესაძლებელი გამოდის, რომ ის სამყარო, საიდანაც ჩვენი სამყარო შექმნა ღმერთმა, შექმნილი ყოფილიყო იმავე ღმერთის მიერ სხვა, უფრო წინარე სამყაროში ყოფნის დროს.


4. მეოთხე ვარიანტი არის ის, რომ ის სამყარო, სადაც ღმერთი იმყოფებოდა ჩვენი სამყაროს შექმნამდე და შექმნის დროს, არსებობდა ყოველთვის და იმ სამყაროს არ ჰქონია დასაწყისი. არის თუ არა ეს შესაძლებელი? აინშტაინს და მის თანადროულ მეცნიერთა უმრავლესობას მიაჩნდათ, რომ ჩვენი სამყარო იყო ასეთი - სულ არსებული. ეგონათ, რომ ჩვენს სამყაროს არ ჰქონდა დასაწყისი. აღმოჩნდა, რომ ეს არასწორია ჩვენ შემთხვევაში, მაგრამ რამდენად შეიძლება გამოვრიცხოთ, რომ საერთოდ, ზოგადად შეიძლება არსებობდეს ასეთი სამყარო? როგორც ჩანს, ამის გამორიცხვა არ უნდა იყოს მართებული.


თუ დავუშვებთ, რომ არსებობს სამყარო, რომელსაც არ ჰქონია დასაწყისი, ეს ნიშნავს, რომ ის არსებობდა ყოველთვის და იყო ყველა სხვა სამყაროს წარმოქმნამდე არსებული. ასეთ სამყაროში წარმოშობილი ნებისმიერი მოაზროვნე ცივილიზაცია იქნებოდა უპირველესი მოაზროვნე არსებათა ჯგუფი, არსებათა სიმრავლე მთელ მულტისამყაროში (თუ ასეთი არსებობს). თუ დავუშვებთ, რომ ასეთი უსაწყისო, სულ არსებული სამყარო არსებობს, მაშინ ყველაზე სავარაუდო ისაა, რომ ჩვენი სამყარო (და სხვა სამყაროებიც, თუ ისინი არსებობს), მისგან იღებს სათავეს ან იქ არსებული ცივილიზაციის შემოქმედების ნაყოფს წარმოადგენს.

ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რასაც დასაწყისი არ აქვს, იმას დასასრულიც არ გააჩნია. შესაძლოა აღნიშნული პირველადი სამყარო არათუ უსაწყისო იყოს, არამედ თვისობრივად იყოს მარადიული - სამუდამოდ არსებული.


შეიძლება ეს ვარიანტი საერთოდ არც იყოს მართებული და რეალური, მაგრამ შეიძლება იყოს კიდეც. გამორცხული ნამდვილად არ არის. თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ ქრისტიანული თეოლოგია ფუნდამენტში მაინც მართებულია, მაშინ ეს ვარიანტი მართებული უნდა იყოს, სხვა ყველა შემთხვევაში ქრისტიანული თეოლოგია ფუნდამენტში არასწორი გამოდის, ვინაიდან სხვა ყველა ვარიანტი მოითხოვს სამყაროს ან სამყაროების წარმოქმნას არაფრიდან, რასაც ქრისტიანული თეოლოგია ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ არაფრიდან რაიმეს წარმოქმნა აბსურდია, არ შეიძლება რომ მოხდეს და ვერ განხორციელდება.


აქ ჩნდება კითხვა: თუ ასეთ პირველად სამყაროში შესაძლებელია რომ თავისით ჩამოყალიბებულიყო იმდენად რთული სტრუქტურები, როგორიცაა სიცოცხლე და თანაც მოაზროვნე სიცოცხლე, მაშინ რატომ არ შეიძლება, რომ ჩვენს სამყაროშიც თავისით ჩამოყალიბებულიყო ასეთი სიცოცხლე და თავად კაცობრიობაც - ყოველგვარი შემქმნელის გარეშე? განსხვავება ამ ორ ვარიანტს შორის ისაა, რომ თუ ჩავთვლით, რომ არაფრისგან რაიმეს წარმოქმნა და მით უმეტეს არაფრისგან მთელი სამყაროს და თანაც კარგად რეგულირებული სამყაროს წარმოქმნა შეუძლებელია, მაშინ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი სამყარო ნამდვილად არ არსებობდა და შემდეგ გაჩნდა. ხოლო მუდამ არსებულ სამყაროში ეს პრობლემა არ არსებობს, თუ ასეთი სამყარო არსებობს, იქ უკვე გვექნებოდა მოცემულობა, სადაც დრო-სივრცე, ენერგია, მდგრადი და კარგად დარეგულირებული ფიზიკური კანონები თავიდანვე იარსებებდა და ასეთ სამყაროში ბევრად ბუნებრივი იქნებოდა დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებულიყო მაღალორგანიზებული მატერია, სიცოცხლე და მისი ევოლუციით კი წარმოქმნილიყო მოაზროვნე, პიროვნული არსებების სახეობა, რომელიც განავითარებდა საკუთარ თავს და შესაძლებლობებს იმ დონეზეც კი, რასაც ჩვენ შეიძლება ღმერთი ვუწოდოთ.


არსებობს მეორე ვარიანტიც და სანამ მას დავასახელებთ, საჭიროა აღვნიშნოთ ის, რომ ჩვენი სამყარო სრულიად შესაძლებელია იყოს თვითორგანიზებული სისტემა, რომელიც ვითარდება, აზროვნებს და სწავლობს, გააჩნია ცნობიერება. მოაზროვნე სამყაროს კონცეფცია პირველად შემოთავაზებული იყო სოკრატემდე მოღვაწე ძველი ბერძენი ფილოსოფოსის - ანაქსაგორას (ძვ.წ. 500-428 წწ.) მიერ. მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ინტელექტუალური კოსმოსური ძალა, რომელსაც უწოდა "ნოუსი" (Nous), წარმართავს სამყაროს განვითარებას უფრო ორგანიზებული და მიზანმიმართული მდგომარეობისკენ. შეგვიძლია "ნოუსი" აღვწეროთ, როგორც თვითორგანიზაციის და აზროვნების უნარის მქონე სამყაროს პრინციპი.


ანაქსაგორა - ბერძენი ფილოსოფოსი ძვ.წ. მე-5 საუკუნეში


21-ე საუკუნის პირველ სამ დეკადაში არაერთმა, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე დიდმა მეცნიერმა გამოაქვეყნა ნაშრომები, წიგნები და სტატიები ამავე თემაზე. ისინი წარმოადგენენ ძლიერ ტექნიკურ და მათემატიკურ არგუმენტებს რომ ჩვენი სამყარო არა მხოლოდ გამოთვლითი ან ინფორმაციის დამამუშავებელი სისტემაა, არამედ საკუთარი თავის ორგანიზაციის შესაძლებლობის მქონე სისტემაც, რომელიც ვითარდება და სწავლობს, რითაც საოცრად ემსგავსება ბიოლოგიურ სისტემებს. თეორიულმა ფიზიკოსმა საბინე ჰოსენფელდერმაც კი, რომელიც ცნობილია თავისი სკეპტიციზმით და ყველაფრისადმი ურწმუნო დამოკიდებულებით, დაწერა სტატია ჟურნალ "Time"-ისთვის 2022 წლის აგვისტოში, სათაურით "შესაძლოა სამყარო ფიქრობს, მომისმინეთ" ("Maybe the Universe Thinks. Hear Me Out", Sabine Hossenfelder, 2022). სამყაროს მიერ აზროვნების უნარის ქონის იდეას შეუძლია ახსნას აქამდე ამოუხსნელი სინქრონიზაციები, რომლებიც აშკარად შეინიშნება დაკვირვებების შედეგად, მაგალითად 2019 წელს ჩატარებულმა კვლევამ "The Astrophysical Journal"-ში აღწერა ერთმანეთისგან მრავალი მილიონი სინათლის წლით ერთმანეთისგან დაშორებული გალაქტიკების აუხსნელად სინქრონული მოძრაობები. მათ რომ ერთმანეთზე გრავიტაციული გავლენა ჰქონდეთ, ეს გამორიცხულია, იმდენად დიდ მანძილებზე არიან ერთმანეთისგან. ასევე 2014 წელს "ევროპულმა ობსერვატორიამ" განაცხადა, რომ აღმოაჩინეს უცნაური სინქრონული განლაგება და მოქმედებები ერთმანეთისგან უკიდურესად დაშორებულ კვაზარებს შორის. მათი ბრუნვა ემთხვევა იმ უფრო დიდი სტრუქტურების მოძრაობებს, რომელშიც ისინი მდებარეობენ. ჩვენს სამყაროში შემჩნეული ეს და სხვა მრავალი ამოუხსნელი სინქრონი იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ სამყაროს სხვადასხვა რეგიონში არსებულ სისტემებს შორის არალოკალური კავშირებია და ისინი ძალიან მრავალრიცხოვანია იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შემთხვევითობას მიეწეროს. საბინე ჰოსენფელდერი აცხადებს: "როგორ გიჟურადაც არ უნდა ჟღერდეს, იდეა, რომ სამყაროს გააჩნია ინტელექტი და აზროვნების უნარი, ის მაინც თავსებადია ყველაფერთან, რაც აქამდე ფიზიკაში ვიცით". ჰოსენფელდერმა სამყაროს სტრუქტურული ორგანიზაცია და წყობა ტვინის წყობას შეადარა.


საბინე ჰოსენფელდერი


2020 წელს თეორიულმა ფიზიკოსმა ვიტალი ვანჩურინმა გამოაქვეყნა საეტაპო ნაშრომი სახელწოდებით "სამყარო, როგორც ნერვული ქსელი" (The World as a Neural Network", Vitaly Vanchurin, 2020) ჟურნალში "Entropy". ვანჩურინი ამტკიცებს, რომ ჩვენი სამყარო ფაქტობრივად ნერვული ქსელია. ეს ქსელი სამყაროს აძლევს საშუალებას არა მხოლოდ განვითარდეს, არამედ ისწავლოს, უფრო და უფრო მეტი გამოცდილება შეიძინოს. ვანჩურინმა აჩვენა, რომ ნერვული ქსელების მათემატიკის გამოყენებით, შეგვიძლია მივიღოთ კვანტური ქცევა ერთ ზღვარზე და კლასიკური ქცევა - მეორე ზღვარზე. ეს კი ერთმანეთს უთავსებს ფარდობითობის ზოგად თეორიასა და კვანტურ თეორიას, რაც "ყველაფრის თეორიის" მთავარი მიზანია. ამგვარად, ვანჩურინის თეორია შეიძლება ჩაითვალოს "ყველაფრის თეორიის" ერთ-ერთ ძალიან საინტერესო კანდიდატად. მისი თეორია ასევე ხსნის ე.წ. "ცნობიერი დამკვირვებლის ფენომენს". მისი თეორია განსხვავდება რედუქციონისტული თეორიებისგან, რომლებიც მხოლოდ ნაწილაკების და ძალების ურთიერთქმედებას აქცევენ ყურადღებას და არ განიხილავენ ჩვენს სამყაროს, როგორც ჰოლისტიკური გამოთვლითი სისტემის ბუნების მქონეს.


ვიტალი ვანჩურინი


ბუნების აღქმის ეს კონცეფცია ძლიერ განსხვავებულია და ხსნის სირთულის გაჩენას დარვინის ევოლუციის მსგავსი პროცესის შედეგად, რომელიც ამ შემთხვევაში ხდება არა ბიოლოგიური არსებების დონეზე, არამედ რეალობის ფუნდამენტურ დონეზე. ამ შემთხვევაში ბიოლოგიური ევოლუცია უნდა ჩაითვალოს არა რაიმე განყენებულ და ცალკეულ მოვლენად, არამედ ამ ფუნდამენტური სამყაროსეული პროცესის ნაწილად და მის კიდევ ერთ გამოვლინებად, რომელიც გრძელდება დიდ მასშტაბებზე ამჯერად ბიოლოგიური სიცოცხლის განვითარების სახით - სიცოცხლის სტრუქტურული გართულებისა და მისი იერარქიული ორგანიზაციის მაღალი დონის მიღწევის გზით. ბუნებრივი გადარჩევა შეიძლება იყოს არა მხოლოდ ბიოლოგიური, არამედ კოსმოლოგიური მოვლენაც. ამგვარად, შესაძლოა ბუნებრივი გადარჩევა არის კოსმობიოლოგიური პროცესი სუბატომურ მასშტაბამდეც კი. არ არსებობს იმის მოლოდინის საფუძველი, რომ ეს პროცესი ოდესმე შეიძლება შეჩერდეს გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ან შემოიფარგლოს ფიქსირებული მასშტაბებით. როგორც ჩანს ეს ევოლუცია გაგრძელდება განუსაზღვრელი ვადით და ყველა მასშტაბით. ატომები და ნაწილაკები ხანგრძლივი ევოლუციის შედეგია, დაწყებული ძალიან დაბალი სირთულის სტრუქტურებიდან, ხოლო როგორიცაა ბიოლოგიური უჯრედები და მსგავსი ე.წ. "მაკროსკოპული დამკვირვებლები", უფრო გრძელი ევოლუციის შედეგია.


ზოგადად, ნერვული ქსელების ზოგიერთი ადგილობრივი სტრუქტურა უფრო სტაბილურია გარე აშლილობების მიმართ, ვიდრე სხვა ადგილობრივი სტრუქტურები. შედეგად, უფრო სტაბილური სტრუქტურების გადარჩენის ალბათობა მეტია, ვიდრე ნაკლებად სტაბილური სტრუქტურების გადარჩენის ალბათობა. აღნიშნული იდეა ისეთი სამყაროს შესახებ, რომელიც ვითარდება უფრო სტაბილური ქსელების ბუნებრივი გადარჩევის მეშვეობით, სრულიად გამართულია მაშინ, თუ ის მუშაობს, როგორც ნერვული ქსელი, ვინაიდან ის ამ შემთხვევაში გამოიყენებს იმ მექანიზმებს, რომელიც აღწერილია გავლენიანი ნეირომეცნიერების თეორიით, რომელიც ცნობილია როგორც "ნერვული დარვინიზმი" (Neural Darwinism) და რომელიც შემოთავაზებული იყო ნობელის პრემიის ლაურეატის, ბიოლოგ ჯერალდ ედელმანის მიერ. ამგვარად, იდეას, რომ სამყაროს მთლიანობაში შეუძლია განვითარდეს და ისწავლოს, იზიარებს მრავალი მაღალი დონის მეცნიერი.


2021 წელს მსგავსი ნაშრომი გამოაქვეყნა რამდენიმე მაღალი დონის მეცნიერმა, მათ შორის ფიზიკოსმა ლი სმოლინმა და კომპიუტერულმა მეცნიერმა იარონ ლანიერმა, სახელწოდებით "ავტოდიდაქტიკური სამყარო" (The Autodidactic Universe) - ამ ნაშრომის შესახებ სამეცნიერო გამოცემები წერდნენ სტატიებს მსგავსი სათაურებით: "მაიკროსოფტზე მომუშავე ფიზიკოსები ფიქრობენ, რომ სამყარო არის თვითნასწავლი კომპიუტერი". აღნიშნული ნაშრომიც ვარაუდობს, რომ ჩვენს სამყაროს შეიძლება ჰქონდეს დასწავლის, ადაპტაციისა და ევოლუციის თანდაყოლილი უნარი ცოცხალი ორგანიზმების მსგავსად. ეს შეხედულება განსხვავდება აქამდე არსებული მრავალი სხვა შეხედულებისგან, რომელიც სამყაროს განიხილავდა, როგორც ინერტულ სისტემას, რომელსაც მართავს უცვლელი კანონები. ამის საპირისპიროდ, სმოლინი და ლანიერი ამტკიცებენ, რომ სამყაროს კანონები შეიძლება ჩამოყალიბებულიყო თანდათან მისი წარმოქმნის შემდეგ და ეს კანონები დროთა განმავლობაში შესაძლოა იცვლებოდეს და ვითარდებოდეს კოსმოსის ევოლუციონირებასთან ერთად. და შესაძლოა სამყარო თანდათან უფრო და უფრო მეტს იმეცნებს და იგებს საკუთარი სტრუქტურის, დინამიკის და შესაძლებლობების შესახებ.


ვანჩურინის ნაშრომის მსგავსად, ავტორები ამტკიცებენ, რომ სამყარო იზიარებს ბევრ კრიტიკულ მახასიათებელს ნერვულ ქსელებთან და ხაზს უსვამენ, რომ სამყარო ვითარდება დარვინის მიერ შემჩნეული მექანიზმების მეშვეობით, რომლებიც ევოლუციური პროცესებია, მაგრამ ამასთან ერთად, ასევე არის სწავლის, დასწავლის პროცესები, რომლებიც ქმნიან ინფორმაციას, სტრუქტურულ სირთულეს და იერარქიულ ორგანიზაციას. თუ ეს სწორია, მაშინ ამ თეორიას შეუძლია ფიზიკისა და ბიოლოგიის გაერთიანება. იარონ ლანიერმა, რომელიც ვირტუალური რეალობის პიონერია, ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში ისიც განაცხადა, რომ "აქამდე უკვე არსებობდა მილიონობით ნაშრომი იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ სამყარო, როგორც დიდი ნერვული ქსელი, და რომ სხვადასხვა იდეა ფიზიკაში საკმაოდ ემსგავსება მანქანური სწავლებას, ხოლო ზოგიერთი იდეა მანქანური სწავლების ექვივალენტურიც კია.


სტივენ ჰოკინგი


იდეა, რომ ჩვენი სამყარო არის თვითორგანიზებული სისტემა, რომელიც ვითარდება და სწავლობს დარვინის მექანიზმების მეშვეობით, როგორც ჩანს, კოსმოლოგიაში წარმოშობილი ცაიტგაისტის ნაწილია. თომას ჰერტოგის წიგნი სახელწოდებით "დროის წარმოშობის შესახებ - სტივენ ჰოკინგის ბოლო თეორია" (On the Origin of Time - Stephen Hawking's Final Theory, 2023) ცხადყოფს, რომ აწ გარდაცვლილ, დიდებულ მეცნიერს - სტივენ ჰოკინგს სჯეროდა, რომ რედუქციონისტული პარადიგმა, რომელსაც ის თავისი ცხოვრების დიდი ნაწილის განმავლობაში იცავდა, არასწორია. საბოლოოდ, ჰოკინგმა ჩათვალა, რომ ძირითადი ნარატივი ვერ ახსნიდა იმას, თუ "როგორ შეეძლო სამყაროს, რომ შეექმნა ისეთი პირობები რომლებიც სიცოცხლისთვის სრულყოფილად სტუმართმოყვარე ყოფილიყო."


მისი ახლო თანამშრომლის, აღნიშნული წიგნის ავტორის, თომას ჰერტოგის თქმით, ჰოკინგი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჩვენი სამყარო არის განვითარებადი სისტემა, რომელიც დარვინის პრინციპების მიხედვით მოქმედებს, რაც სამყაროს უბიძგებს უფრო მაღალი სირთულისკენ, რაც თავის მხრივ, ხსნის ადამიანის მსგავსი მაღალი ცნობიერების მქონე არსებათა წარმოშობას. თომას ჰერტოგმა განუცხადა "The Guardian"-ს შემდეგი რამ: "საბოლოოდ, ჩვენ, ორივემ ბიოლოგიაზე უფრო მეტად ვიფიქრეთ, ვიდრე ფიზიკაზე. ყველაფერს მივყავართ ფიზიკის ახალ ფილოსოფიამდე, რომელიც უარყოფს იდეას, რომ სამყარო თითქოს უბრალოდ მანქანაა, რომელსაც უპირობო კანონები მართავს. ამის მაგივრად ჩნდება იდეა იმის შესახებ, რომ ჩვენი სამყარო არის რაღაც თვითორგანიზებული წარმონაქმნი, რომელშიც ჩნდება ყველა სახის ის კოდოგრამა თუ შაბლონი, რასაც ზოგადად, ჩვენ ფიზიკის კანონებს ვუწოდებთ".


თომას ჰერტოგი


იდეა, რომ სამყარო არის ტვინი, ნერვული ქსელის მსგავსი სტრუქტურა, ან ორგანიზმის ანალოგიური რთული თვითორგანიზებული ადაპტირებადი სისტემა, მოგვიწოდებს გადავხედოთ კოსმოსის ჩვენეულ მოძველებულ გაგებას და მასთან დამოკიდებულებასაც. თუ სამყარო მართლაც ცოცხალი, განვითარებადი არსებაა, მაშინ სიცოცხლისა და ცნობიერების გაჩენა დედამიწაზე არ არის შემთხვევითი ფენომენი, როგორც აქამდე მიიჩნეოდა, არამედ კოსმოსური ევოლუციური პროცესის (კოსმობიოლოგიური ევოლუციის) ბუნებრივი და მოსალოდნელი გამოვლინება და შედეგია. როგორც ჩანს, ეს პროცესი მუდმივად წარმოშობს ორგანიზაციის, ცოდნის და ცნობიერების უფრო და უფრო მაღალ დონეს. როგორც ცნობიერი არსებები, ადამიანებიც, რომლებსაც შეგვიძლია ჩვენი გარემოს ფორმირება, ჩამოყალიბება, შეცვლა, ჩვენ არ ვართ უბრალო პასიური დამკვირვებლები, არამედ აქტიური მონაწილეები ვართ სამყაროს უწყვეტი განვითარების პროცესში, რომელი პროცესიც მეტად ურთიერთდაკავშირებული და რთული სტრუქტურის კოსმოსის ჩამოყალიბებისკენ მიდის.


როდესაც ნიუტონის მიერ შემოთავაზებული მსოფლხედვა მეფობდა, სამყარო მოიაზრებოდა, როგორც გიგანტური საათის მექანიზმი. შემდეგ, მე-19 საუკუნეში, როდესაც თერმოდინამიკა ჩამოყალიბდა, ჩვენი სამყარო შეადარეს ძრავას. მე-20 საუკუნეში, როდესაც კომპიუტერი პოპულარული გახდა, მეცნიერებმა დაიწყეს სამაყროს შედარება კომპიუტერთან ან სიმულაციასთან. 21-ე საუკუნეში, ხელოვნური ინტელექტისა და მანქანათმცოდნეობის ეპოქაში, ჩვენ უკვე ვამბობთ, რომ სამყარო, ეს არის გიგანტური ნერვული ქსელის მსგავსი განვითარებადი ცნობიერების მქონე წარმონაქმნი. თანდათანობით ხდება რეალობის ბუნების უფრო და უფრო ღრმა გაგება და გადააზრება, ვინაიდან მეცნიერული ცოდნა გროვდება და ჩვენც მეტს ვიგებთ სამყაროს ფუნდამენტური მახასიათებლების, დინამიკისა და სტრუქტურის შესახებ.


ამგვარად, შესაძლებელია, რომ ჩვენი სამყარო უბრალოდ უსულო მექანიზმი კი არაა, არამედ გააჩნია ცნობიერება და აზროვნების უნარი. შესაძლოა ის თავად აყალიბებს თავის მუდმივებს და ფიზიკურ კანონებს, იწესრიგებს თავს და თუ საჭიროა, ცვლის ფიზიკურ კანონებს - ის ევოლუცირებს - იცვლება დროთა განმავლობაში, თანდათან უფრო და უფრო შეიცნობს თავის შესაძლებლობებს, განიცდის ცნობიერების ზრდას.

თუ ეს ყველაფერი დასაშვებია ჩვენს სამყაროსთან მიმართებით, მაშინ დასაშვებია ისიც, რომ სხვა სამყაროებიც, თუ ისინი არსებობს, ისინიც აზროვნებდნენ. ხოლო თუ შევაჯერებთ ამ ვარაუდთან მეორე - ზემოთაღწერილ "პირველად სამყაროს" - მუდამ არსებული სამყაროს ვარიანტს, რომელსაც დასაწყისი არ აქვს, მაშინ გამოვა, რომ შესაძლებელია არსებობდეს - უსაწყისო სამყარო, რომელიც აზროვნებს და გააჩნია ცნობიერება - ეს არის "ღმერთობის" საუკეთესო კანდიდატი.



წყარო 1: The case for why our Universe may be a giant neural network - Bigthink;

წყარო 2: Boltzmann brains - Clearlyexplained.com;


კრებულები:


1. მეცნიერება - ნაწილი I

2. მეცნიერება - ნაწილი II

3. მეცნიერება - ნაწილი III

4. მეცნიერება - ნაწილი IV

5. სხვადასხვა - ნაწილი I

6. სხვადასხვა - ნაწილი II

7. ქართული მითოლოგია

8. რელიგია

9. საქართველო - ნაწილი I

10. საქართველო - ნაწილი II

11. ქართული სახელმწიფოები

12 პროტოქართველები

13. კავკასიური კულტურები

14. პარანორმალი

15. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები

16. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


5
263
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
263
  
29 თებერვალი, 11:41
სინათლის სიჩქარე არის 299 792 458 მეტრი წამში ანუ 299 792 კილომეტრი წამში. ეს იმდენად დიდი სიჩქარეა, რომ ამ სიჩქარით გადაადგილების შემთხვევაში დედამიწიდან მთვარემდე მივაღწევთ 1 წამში. თუმცა იმის წარმოსადგენად, თუ რამდენად დიდია ჩვენი მზის სისტემა, დავწეროთ რამდენი ხანი სჭირდება დედამიწიდან ჩვენი სისტემის სხვადასხვა პლანეტამდე თუ ობიექტამდე მიღწევას, თუ ვიმოძრავებთ სინათლის სიჩქარით:

დედამიწიდან ვენერამდე - 2.3 წუთი.
დედამიწიდან მარსამდე - 4.35 წუთი.
დედამიწიდან მერკურიმდე - 5.1 წუთი.
დედამიწიდან მზემდე - 8.32 წუთი.
დედამიწიდან იუპიტერამდე - 34.95 წუთი.
დედამიწიდან სატურნამდე - 70.9 წუთი.
დედამიწიდან ურანამდე - 151.4 წუთი.
დედამიწიდან ნეპტუნამდე - 241.9 წუთი.
დედამიწიდან პლუტონამდე - 4.6 საათი.
დედამიწიდან შიდა კუიპერის სარტყელამდე - 4.02 საათი.
დედამიწიდან გარე კუიპერის სარტყელამდე - 6.79 საათი.
29 თებერვალი, 11:41
• ამის შემდეგ მზის სისტემიდან გავდივართ. მზის სისტემის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში მისვლას დასჭირდება 22 საათი (სინათლის სიჩქარით). მაგრამ მზის სისტემა არის მხოლოდ წერტილი ჩვენს გალაქტიკაში, რომელშიც ჩვენნაირი სისტემები კიდევ 200 მილიარდამდეა (უფრო ზუსტად 100 მილიარდიდან 400 მილიარდამდე).
• მზის სისტემიდან ჩვენი გალაქტიკის ცენტრამდე მიღწევას სინათლის სიჩქარით მოძრაობისას სჭირდება - 25,000 წელი.
• ჩვენი გალაქტიკის ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე მისვლას - 100,000 წელი.
• ჩვენი გალაქტიკიდან უახლოეს გალაქტიკამდე - 25,000 წელი.
• ჩვენი ლოკალური გალაქტიკათა ჯგუფის (ჩვენი უახლოესი მეზობელი გალაქტიკების ნაკრების) სივრცის დიამეტრი არის 10 მილიონი სინათლის წელი.
• ე.წ. "ქალწულის სუპერკლასტერის" დიამეტრი არის 110 მილიონი სინათლის წელი და მასში შედის ჩვენი უახლოესი მეზობელი 100 გალაქტიკა.
• ხოლო ჩვენ მიერ დაკვირვებადი სამყაროს დიამეტრი არის 93 მილიარდი სინათლის წელი, რაც მოიცავს 100 მილიარდიდან 2 ტრილიონამდე გალაქტიკას.
• თუმცა ჩვენი დაკვირვებადი სამყარო არის მხოლოდ წერტილი მთელი ჩვენი სამყაროსი, რომელიც პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უსასრულოდ დიდია.
• მაგრამ ჩვენი სამყაროც მხოლოდ 1 წვეთია მულტისამყაროს რეალობათა უსასრულო ოკეანეში. ამ უსასრულო რაოდენობის სამყაროთა სიმრავლის მიღმა კი არსებობს ფუნდამენტური, პირველადი რეალობა, რომელიც იყო მულტისამყაროს პირველ სამყაროთა წარმოშობამდე და იქნება მუდამ.

• ფუნდამენტურ რეალობაში სუფევს კურთხეული ლოგოსი (სიტყვა), რომელზეც იოანე წერს თავის სახარებაში:
"თავდაპირველად იყო ლოგოსი, და ლოგოსი იყო ღმერთთან და ლოგოსი იყო ღმერთი. ის იყო დასაბამიდან ღმერთთან. ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და არაფერი შექმნილა მის გარეშე, რაც კი შექმნილა. მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ნათელი კაცთა. ნათელი ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი."
2023, 7 ნოემბერი, 19:26
დიდი მადლობა შეფასებისთვის. რა თქმა უნდა, მიაწოდეთ ეს ინფორმაცია ბავშვებსაც. რაც შეეხება კითხვის ნიშანს, მთავარია პასუხი დადებითია :))
2023, 7 ნოემბერი, 18:44
კითხვის ნიშანი საქმეს აფუჭებს
2023, 7 ნოემბერი, 18:40
ძალიან საინტერესო სტატიაა მომეწონა მე თქვენის ნებართვით ამ ინფორმაციას ჩემს მოსწავლეებს მივაწვდი.იმედია წინააღმდეგი არ იქნებით
0 1 5