რელიგია კრიტიკის და კამათის მნიშვნელობა საზოგადოების განვითარებისთვის 2017, 19 აგვისტო, 15:30 რატომაა აუცილებელი კამათი, ამას ახლავე მოგახსენებთ, მაგრამ კამათი უნდა იყოს კონსტრუქციული. ვინც არ უნდა იყოს როდესაც ვინმესთან შევალ დებატში არ უნდა ვუთხრა ისეთი სიტყვები თავის რწმენაზე და არც მან უნდა მითხრას ჩემს ურწმუნოებაზე, რომელიც იქნება გამომწვევი და მით უმეტეს შეურაცხმყოფელი ან ასე იქნება აღქმადი. თუმცა ის, რომ ვინმემ ზრდილობის ფარგლებში აკრიტიკოს ათეიზმი, ან რომელიმე რელიგია, დოქტრინა, სწავლება ან დოგმატიკა - ეს ჯანსაღი და მისასალმებელი პროცესია. თქვენ არ ხართ თქვენი რელიგია, რომ მისი კრიტიკა ან თუნდაც შეურაცხყოფა მიიღოთ საკუთარ თავზე. რელიგია კაცობრიობის ისეთივე ინტელექტუალური საკუთრებაა, როგორც მითოლოგია, ლიტერატურა ან პოლიტიკური მოძღვრებები. შესაძლოა ძალიან ბევრია ნაცისტი (ნაციონალ-სოციალისტი), მაგრამ ჩემი მხრიდან ნაციზმის მწვავე გაკრიტიკების შემთხვევაში, ეს ნაცისტის მხრიდან არ უნდა იქნას აღქმული საკუთარ პიროვნულ შეურაცხყოფად. შესაძლოა იყოს მიუღებელი და უსიამოვნო, მაგრამ არა პირადად მისაღები. იგივეს თქმა შეიძლება ისლამზე, ბუდიზმზე, სატანიზმზე, ქრისტიანობაზე ან სხვა ნებისმიერ რელიგიაზე. იდეების დაპირისპირება და არგუმენტირებული კამათი სძენს საზოგადოებას მეტ ცოდნას - ურწმუნო შეიძლება დააფიქროს, მორწმუნეს კი კიდევ უფრო ღრმად ჩაახედოს და გააზრებინოს, ჩამოუყალიბოს საკუთარი რწმენა. ასეთი მსჯელობები რომ მასობრივი იყო, ამიტომ გახლდათ განვითარებული ძველი ათენი და მთელი საბერძნეთი, რომლებმაც მთელ დასავლურ ცივილიზაციას ჩაუყარეს საფუძველი. ამიტომ ბადებდა ძველი ბერძნული ქალაქები ამდენ ფილოსოფოსს და მსოფლიო დონის მოაზროვნეს რომ ამ ქალაქებში განვითარებული იყო მსჯელობის და საჯარო კამათის კულტურა აბსოლუტურად ყველა ფილოსოფიურ, რელიგიურ, პოლიტიკურ თემაზე. სადაც მსჯელობა კვდება და ერთმანეთის კონსტრუქციული კრიტიკა სუსტდება, იქ იძინებს, ჩერდება, ნელ-ნელა კვდება ცივილიზაციაც - ამის კარგი ისტორიული მაგალითია ისლამური სამყარო. კულტურა, სადაც ბევრი ტაბუდადებული თემაა და პირად შეურაცხყოფად აღიქმება განსხვავებული აზრის ხმამაღლა, ზრდილობის ფარგლებში გამოხატვა და მსჯელობა - ის საზოგადოებები განწირულია იმისთვის, რომ ვეღარ წარმოშვას კულტურის წინსვლისთვის საკმარისი რაოდენობის მოაზროვნე და ერთ ალაგს შედგეს ჯორივით. ასეთ საზოგადოებას უდიდესი ქონება და სიმდიდრეც ვერ უშველის - მაგალითად არაბული სამყარო გამოდგება. აი რამდენად მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ნაკლები ტაბუ იყოს საზოგადოებაში და რაც შეიძლება კონსტრუქციული და არგუმენტებით დატვირთული დებატები იმართებოდეს მხარეებს შორის რელიგიურ, პოლიტიკურ თუ სხვა ნებისმიერ საკამათო საკითხზე. ეს არის პროცესი, რომელიც ყველა მხარისთვის სასარგებლოა და სწორად წარმართვის შემთხვევაში განაპირობებს ორივე ან მეტი "დაპირისპირებული" მხარის ინტელექტუალურ ზრდას, რაც დებატების საკმარისი სიხშირის შემთხვევაში მთელ საზოგადოებაზე დადებითად აისახება. დავა არაა დაპირისპირებისთვის და შუღლისთვის, არამედ ის კრიტიკული აზროვნების განვითარებისა და დახვეწის საუკეთესო მექანიზმია. თუ გვინდა განვითარება, მაშინ მოგვიწევს ეს ვისწავლოთ და ყველამ გავიაზროთ. სტატიის ავტორი: თორნიკე ფხალაძე 170 2-ს მოსწონს
|